Pages

Thursday, June 28, 2018

მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესება ძალიან ნელი ტემპით ხდება - არ შეიძლება სირაქლემას პოზაში ვიყოთ, როცა დიაგნოსტიკური სურათი ხელში გვიჭირავს

განათლების სისტემას სერიოზული მკურნალობა სჭირდება. შეუძლებელია შედეგი ორ წელიწადში მიიღო, - ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, განათლების საკითხებში ექსპერტი მაია მიმინოშვილი აცხადებს.

რა გამოწვევების წინაშე დგას განათლების სისტემა, რაში ხედავს გამოსავალს, როგორ აფასებს მოსწავლეთა შედეგებს საერთაშორისო კვლევებში, რა რჩევებს აძლევს აბიტურიენტებს და განათლების სამინისტროს, ამ და სხვა საკითხებზე, „ინტერპრესნიუსს“ მაია მიმინოშვილიესაუბრა. 

- ქალბატონო მაია, პირველ რიგში, დავიწყოთ გამოსაშვები გამოცდების შეფასებით, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. საკმაოდ დიდია ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა - 11 ათას მოსწავლეზე მეტმა ვერ შეძლო ატესტატის აღება. თქვენი აზრით, რა გახდა ამის მიზეზი? - გეთანხმებით, სტატისიტიკა არასახარბიელოა, თუმცა ცოტა უცნაურია ის ფაქტი, რომ გამოცდების შემდეგ ვიწყებთ საუბარს, რატომ ხდება ასე?! შარშან 12 ათასი ჩაჭრილი მოსწავლე გვყავდა, წელს 11 ათასზე მეტია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც ატესტატის აღებას ვერ ახერხებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსაწავლე ერთ-ერთ ძირითად საგანში მაინც მინიმალურზე მინიმალურ კომპეტენციას ვერ ადასტურებს. ტესტების სირთულეზე საუბარი ზედმეტია იმიტომ, რომ კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტების სისტემა გვაქვს შემოღებული და ეს სისტემა მაქსიმალურად ერგება კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობას. დავალება გართულდება თუ გამარტივდება მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლის პასუხზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ მოსწავლემ ბარიერი გადალახოს, საკმარისია 5.5 ქულა მიიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 15 მარტივზე მარტივი დავალება უნდა გადაწყვიტოს წარმატებით. დამეთანხმებით, რომ ეს ბარიერიც არ არის - ძალიან მცირეა მოთხოვნა გამოსაშვებ გამოცდებზე. 
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

- მაშინ რატომ გვაქვს ასეთი შედეგი? მიზეზი რაში უნდა ვეძებოთ? - კითხვას ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში დავსვამდი, თუ საშუალო განათლების საფეხურზე ყველაფერი წესრიგში გვაქვს და რატომღაც მაინც ვერ აბარებენ მოსწავლეები საატესტატო გამოცდებს, ვერ იღებენ საშუალო განათლების ატესტატს. თუ ვნახავთ, რა გამოწვევების წინაშე დგას სკოლა, მაშინ ეს კითხვა არ გაგვიჩნდება. შევხედოთ საერთაშორისო და სახელმწიფო კვლევის შედეგებს. დავიწყოთ დაწყებითი საფეხურიდან, რადგან სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კვლევაში იღებს მონაწილეობას - წიგნიერების დონის შეფასებაზეა საუბარი და აღმოვაჩენთ, რომ 9-10 წლის მოსწავლეების 14% დაბალი საფეხურის მიღმა გვყავს, დაახლოებით, 40% კი, ზღვარზეა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ 40%-ს თუ სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ შემდეგ საფეხურზე. მოზარდები, რომლებიც სათანადოდ ვერ ფლობენ კითხვის უნარს, უჭირთ ტექსტში ცხადად მოცემული ინფორმაციის გააზრებაც, რადგან კითხვის უნარი სწავლის საფუძველია. ასეთ მოსწავლეებს შემდეგ საფეხურზე გაუჭირდებათ არა მარტო ჰუმანიტარული საგნების, არამედ, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის ათვისება, და ა.შ. ეს ყოველივე, საბოლოო ჯამში, მათ დემოტივაციას გამოიწვევს.
გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ საკმარისი. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ საერთაშორისო კვლევების მესამე ციკლში ვმონაწილეობთ და შედეგი ისევ სრულიად არასახარბიელოა. საბაზო განათლების საფეხურზეც ბევრი რამ რიგზე ვერ გვაქვს. გადავხედოთ სხვა კვლევებსაც, მაგალითად, მე-8 კლასელთა შედეგებს მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების კვლევაში. ასევე, ცნობილი საერთაშორისო კვლევის PISA-ს შედეგებს, რომელშიც 15 წლის მოზარდები მონაწილეობენ და აღმოვაჩენთ, რომ 70 მონაწილე ქვეყანას შორის ბოლო მეოთხედში ვართ. მერამდენე ციკლი ტარდება და, ფაქტობრივად, შედეგები ისევ და ისევ არასახარბიელოა, რადგან მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესება ძალიან ნელი ტემპით ხდება.

- გამოდის, რომ განათლების სამინისტრო თქვენს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს... - ზოგადად, ურთიერთობა განათლების სამინისტროსთან ძალიან თანამშრომლურია, თუმცა, როგორც იცით, უფლებამოსილებებიც და პასუხისმგებლობებიც მკაფიოდ გამიჯნულია - ჩვენს ორგანიზაციას ევალება კვლევების ანგარიშის მომზადება, შედეგების დეტალური ანალიზით, ამ ანგარიშში აუცილებელი თავი რეკომენდაციებს ეთმობა. ის, თუ როგორ გაითვალისწინებს პოლიტიკის განმსაზღვრელი რეკომედაციებს, სცილდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს. ზოგადად, საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კვლევის შედეგების ეფექტურად გამოყენება შეიძლება სისტემის გაუმჯობესებისათვის. სწორედ ასე იქცევა ბევრი ქვეყანა. განათლების პოლიტიკას საგანმანათლებლო კვლევების შედეგების გათვალიწინებით გეგმავენ, მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამენ სიტუაციის შესაცვლელად. ჩვენ (სისტემას ვგულისმობ) კვლევის შედეგები ეფექტიანად ვერ გამოვიყენეთ, არ გადაგვიდგამს ქმედითი ნაბიჯები, არ გვითქვამს, რა კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ რეკომენდაციების შესაბამისად, სიტუაციის გამოსასწორებლად. არ შეიძლება რეალობას თვალი არ გავუსწოროთ. თუ სირაქლემას პოზაში ვიქნებით, სიტუაცია არ შეიცვლება, მითუმეტეს, რომ სასკოლო განათლებაში არსებული ვითარების დიაგნოსტიკური სურათი ხელში გვიჭირავს. დიაგნოზი უნდა გავითვალიწინოთ და შემდეგ დავიწყოთ მკურნალობა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არ ხდება პრობლემის აღიარება და „მკურნალობის“ დაწყება? ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თუ არა სამინისტრომ და განათლების მინისტრმა?- ძალიან რთულია მიზეზის დასახელება, თუ რატომ არ ვიწყებთ ამ დიაგნოზის შესაბამისად მოქმედებას - არაერთი კონფერენცია მივუძღვენით ამ საკითხს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ითქვა, რომ ამ საკითხებს სათანადო ყურადღება მიექცევა. ზოგადად, განათლების პოლიტიკას სამინისტრო განსაზღვრავს. ჩვენ მხოლოდ დამხმარე ვართ, რომელსაც შეუძლია კვლევაზე დაფუძნებით არსებული ვითარების მიუკერძოებელი შეფასება და რეკომენდაციების მიწოდება. თქვენ კითხვას რაც შეეხება, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება მინისტრების ხშირი ცვლა და პოლიტიკის არათანმიმდევრულობა იყოს. ყოველი ახალი მინისტრი ცდილობს ისეთი რამ დაგეგმოს, რომ მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგი ჰქონდეს. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ განათლების სისტემაში ეს ძალიან საშიშია. შეუძლებელია ეფექტური შედეგი ერთ და ორ წელში მიიღო. სისტემის ფეხზე დაყენებას ათი, მეტი წელი სჭირდება. მთავარია სწორი მიმართულებით მოქმედება. დღეს არავინ უარყოფს, რომ სასკოლო განათლების სისტემას სერიოზული გამოწვევები აქვს. გამოწვევების წინაშეა უმაღლესი განათლების საფეხურიც, რაც ბუნებრივია - თუ საშუალო განათლების საფეხური წელში არ გაიმართა, ცხადია, ეს პრობლემები იჩენს თავს უმაღლესი განათლების საფეხურზე. 

- მინისტრების ცვლილებებზე მინდა გკითხოთ. როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ სწრაფად იცვლებიან მინისტრები და სისტემაში წინგადადგმული ნაბიჯები არ გვაქვს. წლების განმავლობაში აკვირდებით პროცესს და ამ პროცესის მონაწილეც ხართ. რომელი მინისტრის პოლიტიკა იყო უფრო წინგადადგმული ნაბიჯი სისტემის გასაუმჯობესებლად?- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ნამდვილად გამიჭირდება იმიტომ, რომ ძალიან ბევრ მინისტრთან ვთანამშრომლობდით. ჩვენი ორგანიზაციაც და მეც ვცდილობდი მაქსიმალურად კოლეგიალური ურთიერთობა აგვეწყო თითოეულ მათგანთან და საქმე გაგვეკეთებინა, ამიტომ კრიტიკული საუბარი გამიჭირდება. 

- მაგალითად, „ნაციონალური ხელისუფლების“ დროს გადადგმულ ნაბიჯებს ასახელებენ ყველაზე პროგრესულად, მათ შორის ეროვნულ გამოცდებს... დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდიც სახელდება...
- ბოდიში, მაგრამ შაშკინი იყო ის მინისტრი, რომელმაც განათლების სისტემაში ვერაფერი შეცვალა სისტემის სასიკეთოდ. სწორედ ამ დროს ითქვა უარი საერთაშორისო კვლევებში ქვეყნის მონაწილეობაზე და ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ საქართველოს შედეგები არ მოსწონდა. საკუთარი ქვეყნის განათლების სისტემას ასე არავინ უნდა მოექცეს. ასეთ დამოკიდებულებებზე საერთოდ ნუ ვისაუბრებთ. აჯობებს თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა განვაგრძო - ბევრი საუბრობს ფინეთის განათლების სისტემაზე და ეს სისტემა თითით საჩვენებელია, მაგრამ ამ სისტემის ჩამოსაყალიბებლად 40 წელი დასჭირდათ. ფინეთმა მიაღწია საერთოდ საზოგადოების კონსენსუსს. 40 წელი საზოგადოების თითოეული წევრი მოთმინებით დგამდა მიზანმიმართულად სწორ ნაბიჯებს. ახლა იქ სულერთია მშობელი რომელ სკოლაში მიიყვანს შვილს, ლაპლანდიაში, სადაც ე.წ. მოძრავი პედაგოგების სისტემაა, თუ ჰელსინკის ცენტრში. იქ რომ კითხვა დასვა, რომელ სკოლაში მივიყვანო შვილი, ეს ფინელებისთვის სრულიად გაუგებარი იქნება. ჩვენ ერთ თვეში და ერთ წელში გვინდა შედეგის მიღება, რაც განათლების სისტემაში ძალიან საშიშია. საუბარი იყო ფინური მოდელის საქართველოში შემოტანაზეც, რაც ასევე არასერიოზულ ნათქვამად მიმაჩნია. რაც არ უნდა წარმატებული იყოს ქვეყანა, მისი მოდელი როგორ უნდა მოარგო სხვა ქვეყანას? იქ სკოლის საგანმანათლებლო რესურსები იდეალურია, მიაღწიეს იმას, რომ მასწავლებლების კვალიფიკაცია არის უმაღლესი, ყველაზე მომხიბლავი და მოთხოვნადი პროფესია მასწავლებლობაა და, შესაბამისად, ძალიან დიდი კონკურსია სწორედ ამ მიმართულებაზე უმღლეს სასწავლებლებშიც. ურთულესი გზის გავლა უწევთ პედაგოგები რომ გახდნენ. არ არის საკმარისი საგნის ცოდნა, პედაგოგობისთვის ძალიან მაღალი ხარისხის სასწავლო რესურსები აქვთ, მათ შორის, სახელმძღვანელოები და გარემო, რომელიც ფინელი ბავშვებისთვისაა შექმნილი, მათ მოტივაციას უკიდურესად მაღალს ხდის. 

- როდესაც მოსწავლეების მოტივაციაზე საუბრობთ, აუცილებლად უნდა გკითხოთ, რა არის მიზეზი, რის გამოც ქართველი მოსწავლეები არ სწავლობენ - სკოლა, ოჯახი, განათლების სისტემა, საგნის სირთულე თუ ბავშვის სიზარმაცე? - ჩვეულებრივ, ამას კომპლექსური მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს განათლების პოლიტიკა, სასწავლო გეგმა და საგანმანათლებო რესურსები, მასწავლებლების კვალიფიკაცია, გარემო, ოჯახს აქვს ფუნდამენტური გავლენა - მოკლედ, ძალიან ბევრი ფაქტორი შეგვიძლია დავასახელოთ, რაც საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს ჩვენი ბავშვების მიღწევებზე. 

- გამოსავალი რა არის? როგორი გეგმა უნდა არსებობდეს პრობლემის მოსაგვარებლად?- თუ ჩემს მოსაზრებას მეკითხებით, გეგმა კომპლექსური უნდა იყოს. რას ნიშნავს მოსწავლე ზარმაცია და სწავლა არ უნდა? მოსწავლეს სწავლისადმი მოტივაცია ვინ უნდა გაუჩინოს? - თუ მას დააინტერესებ, გამორიცხულია მოტივაცია არ გაუჩნდეს, ეს მთელი ხელოვნებაა. მოსწავლეთა დაინტერესებისა და სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისთვის უამრავი სტრატეგია არსებობს და საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ეს გამოცდილებაც გავიზიაროთ. თუმცა ეს სათანადო რესურსებისა და მხრდაჭერის პირობებში მოხერხდება. ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. ისევ კვლევებს დავუბრუნდები, როცა ჩაჭრილ მოსწავლეებზე ვსაუბრობთ, ვნახოთ მე-9 კლასელი მოსწავლეების შედეგები საბუნებისმეტყველო საგნებში, მათემატიკაში. როცა 40%-ზე მეტია იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც დაბალი საფეხურის დაძლევასაც ვერ ახერხებენ, რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ მე-12 კლასის ბოლოს უკეთესი შედეგი გვექნება? - ეს მე არ მესმის. რატომ უნდა ვიმსჯელოთ გამოცდის შედეგებით? - ეს ხომ იმ შედეგის ანარეკლია, რაც ქვედა საფეხურზე გვაქვს. ამიტომ უნდა ვიფიქროთ დაწყებით და საბაზო საფეხურზე როგორ ვუშველოთ ამ ვითარებას, როგორ გამოვასწოროთ პრობლემა. მაგალითად, როცა დაწყებით საფეხურზე მოსწავლეს კითხვის უნართან დაკავშირებით პრობლემა აქვს, ცხადია, მას მათემატიკური ამოცანის აღქმა გაუჭირდება. ამოცანის პირობას ვერ იგებს, ამისთვის ხომ განვითრებული კითხვის უნარია საჭირო? - როცა წარუმატებელი მცდელობა ორჯერ და სამჯერ განმეორდება, დაკარგავს მოსწავლე მოტივაციას.

- რამდენჯერმე ახსენეთ მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, საგნით დაინტერესება და ა.შ. მაშინ, როდესაც 67 342 პედაგოგიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 მასწავლებელია, ფიქრობთ თუ არა, რომ პედაგოგთა კვალიფიკაციის პრობლემაც არსებობს? გარდა ამისა, ვიცით, რომ კვალიფიკაციის დადასტურების გამოცდაც მოხსნილია პედაგოგებისთვის. ეს ნიშნავს თუ არა პრობლემიდან გაქცევას?- სწორედ ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი განათლების სისტემაში ერთი ხელის მოსმით რაღაცების ცვლა. ერთმა მინისტრმა გადაწყვიტა, რომ მასწავლებელს მხოლოდ საგნობრივი ცოდნა შეუფასოს. მეორემ გადაწყვიტა, რომ მასწავლებლების გამოცდაზე გაყვანა შეურაცხმყოფელია და მათ მხოლოდ კომპეტენცია უნდა დაადასტურონ. არადა, ამ სისტემაშიც ზოგი მასწავლებელი ამ კომპეტენციას დაადასტურებს, ზოგი ამას ვერ ახერხებს. ვფიქრობ, ეს არსებითი არ არის, თუ რას ვუწოდებთ ამ პროცესს. შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, როგორ უნდა დავეხმაროთ პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. ეს პირველ რიგში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის კომპეტენციაა. 

- მაინც, რა იქნება თქვენი რეკომენდაცია ამ შემთხვევაში?- პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ამხელა თანხებს მასწავლებელთა შეფასებაში არ დავხარჯავდი. უმჯობესია, მიზანმიმართულად კონკრეტულ მასწავლებელს დაეხმარო, ვისაც მართლა დახმარება სჭირდება. საბოლოო ჯამში, რა არის ჩვენი მიზანი? - ჩვენი ბავშვების უზრუნველყოფა ხარისხიანი განათლებით. დანარჩენი ყველაფერი საშუალებაა - მასწავლებლის კვალიფიკაცია, სახელმძღვანელო, სასკოლო რესურსები იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის განათლება შევთავაზოთ ჩვენს შვილებს და შედეგები გაუმჯობესდეს. როდესაც გვყავს მასწავლებლები, რომელთა მოსწავლეებიც წლიდან წლამდე კარგ შედეგებს აღწევენ, ამ მასწავლებელს შემოწმება და შეფასება რად უნდა? ჩემთვის პირადად სულერთია, როგორ ახერხებს მასწავლებელი, რომ მოსწავლეს მოტივაციას უჩენს, როგორ ახერხებს, რომ კონკრეტულ საგანში ცოდნას აძლევს მოსწავლეებს, როგორ ახერხებს, რომ ასეთი კარგი მოსწავლეები ჰყავს?! ყველას ერთ ყალიბში ვსვამთ?? ჩასმა, ვფიქრობ, არასწორია. 
ვფიქრობ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეების მიღწევების შეფასება სასარგებლო ინფორმაციას მოგვცემს იმის თაობაზე, სად გვაქვს პრობლემური სეგმენტები და ვის სჭირდება დახმარება. ეს აქამდე არ გაკეთებულა. მოვახერხოთ იმ სკოლების იდენტიფიცირება, რომლებსაც კონკრეტულ საგნებში აქვთ პრობლემა, რომლებიც შესაძლოა, სულაც არ იყოს მასწავლებლის კვალიფიკაციასთან დაკავშირებული. კომპლექსურად უნდა შევისწავლოთ საკითხი. თუ მასწავლებლის კვალიფიკაცია აღმოჩნდება პრობლემა, ამ კონკრეტულ მასწავლებელს დავეხმაროთ, კონკრეტულად მისთვის დავნიშნოთ ტრენინგები, მერე ჩავუტარებდი გამოცდას და შევაფასებდი შედეგს. ყველა მასწავლებლისთვის გამოცდის ჩატარება რატომ არის აუცილებელი, არ მესმის. 

- ამასთან დაკავშირებით დაგისვამთ კითხვები განათლების სამინისტროში? რა პასუხი მიიღეთ?- ცხადია, შეხვედრებისას მოსაზრებასაც გამოვთქვამ და კითხვებსაც ვსვამ. ვფიქრობ, ბევრი მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები. მაგალითად, სრული ზოგადი განათლება სავალდებულო უნდა იყოს ყველასთვის, მაგრამ ზოგად განათლებაში რას ვგულისხმობთ, ეს სერიოზულად დასაფიქრებელი საკითხია. მათემატიკოსი გახლავართ და ამ კუთხით გეტყვით - მოსწავლეს, რომელიც მათემატიკის მიმართულებით არ აპირებს სწავლის გაგრძელებას, სულაც არ სჭირდება ლოგარითმული განტოლებების ამოხსნა, რაც ახლა უწევს ატესტატის ასაღებად. მგონია, რომ ადამიანს, რომელიც მათემატიკის განხრით სწავლის გაგრძელებას არ აპირებს, სრულიად საკმარისია რიცხვებით ოპერირება, პროცენტების გამოყვანა, მთელის და ნაწილის ურთიერთობა, გეომეტრიული ფიგურები, მოცულობა და ფართობები ვასწავლოთ, ეს სრულიად საკმარისია. ფიზიკასაც იმისთვის ვასწავლიდი, რომ სამყარო შეიმეცნოს და არა ისეთი სერიოზული ფორმით, რომელიც მომავალ ფიზიკოსს შეიძლება დასჭირდეს.
გამოსაშვები გამოცდების გადატანა, ვფიქრობ, გაცილებით ლოგიკური და მიზანშეწონილი იქნება სრული ზოგადი განათლების საფეხურის დასრულებისას და ეს საფეხურიც, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება 10 წლით (კლასით) განისაზღვროს. ეს რთული გასაკეთებელია და თავიდან მოგვიწევს ყველაფრის დაწყება, მაგრამ, ჩემი აზრით, უკეთეს შედეგამდე მიგვიყვანს. ალბათ, დამეთანხმებით, სახელმწიფო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ადამიანი მომავალი ცხოვრებისთვის მოამზადა, შემდეგ კი ახალგაზრდამ თავად უნდა აირჩიოს რა სურს - თუ უმაღლეს სასწავლებელში სურს სწავლის გაგრძელება, დარჩენილი 2 წელი შესაბამის საგნებზე გააკეთოს კონცენტრირება, თუ პროფესიული მიმართულება იზიდავს, ორ წელიწადში ამასაც შესანიშნავად შეძლებს. ცხადია, ამას ეროვნული სასწავლო გეგმის სერიოზული გადახედვა და ცვლილება სჭირდება, ბევრი სხვა მიმართულებით მუშაობაც. 

- საუბარი იყო სკოლის გამოსაშვები გამოცდების რამდენიმე საგანში გაუქმებაზე. ესეც გარკვეულწილად ნიშნავს თუ არა პრობლემაზე თვალის დახუჭვას განათლების სამინისტროს მხრიდან?- როდესაც ეს საკითხი დაისვა, ვთქვი, იქნებ ვინმემ დამისაბუთოს, რატომ შეიძლება, მაგალითად, ფიზიკა იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ბიოლოგია ან გეოგრაფია?! ხომ უნდა დავასაბუთოთ, რატომ უნდა გაუქმდეს ამა თუ იმ საგნის გამოცდა. 

- ზოგადად, გაქვთ ინფორმაცია, რომ კონკრეტულ საგანში გამოცდა გაუქმდება?- არა, ამაზე მხოლოდ საუბარი იყო. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას ამ ეტაპზე. სერიოზული არგუმენტი ვერ იქნება ის მიზეზი, რომ ამ შემთხვევაში მოსწავლეებს ნაკლები გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

- ეროვნულ გამოცდებზეც რომ ვისაუბროთ, რომელიც 2 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რამდენად მომზადებული ხვდება ცენტრი გამოცდებს და რა მოლოდინი გაქვთ გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით?- ბოლო წლების სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, ერთმანეთის მსგავსია ეს მონაცემი. ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალურ უთანასწორობას იწვევს მსგავსი სისტემა, რადგან ოპონენტების თქმით, უკეთეს შედეგებს აჩვენებენ ის აბიტურიენტები, რომელთა ოჯახებიც სოციალურად და ფინანსურად გამართულები არიან და რეპეტიტორთან შეუძლიათ შვილების ტარება. ძირითად პრობლემას თვალს არ ვუსწორებთ. სკოლაა ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც რეპეტიტორების ინსტიტუტს კონკურენციას გაუწევს. არაფერ შუაშია გამოცდა და მითუმეტეს, ეროვნული გამოცდა. სოციალურ უთანასწორობაზე სკოლის საფეხურზე რატომ არ ვლაპარაკობთ? სოციალური ფონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა, გადამწყვეტი არ უნდა იყოს. კარგ, გამართულ განათლების სისტემაში მაქსიმალურად აღმოფხვრილია სოციალური უთანასწორობა. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ გამოცდები იწვევს სოციალურ უთანასწორობას, მაშინ ვთქვათ გამოცდებამდე რა გვჭირს. საერთოდ რომ მოვხსნათ გამოცდები, სოციალური უთანასწორობა აღარ იქნება?! საყოველთაო კონსენსუსი და შეთანხმებაა საჭირო. თუ ეს შეთანხმება არ იქნება, ჩვენს ძირითად შედეგს ვერაფრით მივაღწევთ. ეს რთული გასაკეთებელია, მაგრამ აუცილებელი. ბოლო წლების განმავლობაში დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ ამ კუთხით მშობლის როლი თითქოს დროებით პოზიციას გავს - ჩემი შვილი დღეს სწავლობს სკოლაში და დღეს მინდა ეს შედეგი ჩემს შვილს შეეხოს და ის, რომ განათლების სისტემა გაუმჯობესდება 5-10 წლის შემდეგ, მე და ჩემ შვილს ვერანაირად ვერ შეგვეხება. რატომღაც აღარ გვაღელვებს, რომ სხვის შვილებს, ჩვენი შვილების შვილებს და ა.შ. შეეხება სისტემის გაუმჯობესება. თითქოს ვერ ვაცნობიერებთ, რომ საბოლოო ჯამში, ქვეყნის მომავალზეა საუბარი და განათლება უმნიშვნელოვანესი სისტემაა ქვეყნისთვის. ამ საყოველთაო შეთანხმების მიღწევა აუცილებელია. ახლა არც დისკუსიებია ამაზე, არც დებატები, სადისკუსიო სივრცეც კი არ არის განათლების სისტემაზე სასაუბროდ. 

- ვიცით, რომ ეროვნულ გამოცდებს გარკვეული სიახლეებით ხვდებით. კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, რა სიახლეები იქნება ? კონკრეტულად მათემატიკის გამოცდაზეც რომ გვითხრათ, რაზეც საუბარი იყო, რომ ტესტები გამარტივდებოდა; რა დახვდება აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრში?- მათემატიკის საგამოცდო ტესტი არ გამარტივებულა. გამარტივება არ ნიშნავს იმას, რომ მაღალი ქულა მარტივად მიიღო, რაც ასე არ არის. ერთადერთი, ტესტში მარტივი დავალებების ბლოკი გაიზარდა და შედარებით უფრო მარტივი იქნება ბარიერის გადალახვა. თუმცა, მაღალი ქულის მისაღებად არანაკლები ძალისხმევა იქნება საჭირო, რაც წინა წლებში. სიახლე შეეხო ზოგადი უნარების ტესტს - ანალოგიების ბლოკი გაერთიანდა წაკითხულის გააზრების ბლოკთან. სხვა სიახლეები ამჯერად არ გვაქვს. 

- მომავალი წლისთვის იგეგმება რაიმე სიახლე საგამოცდო ტესტებში?- დიდი სურვილი მაქვს ცლილება შეეხოს გეოგრაფიის ტესტს და უფრო მეტად იყოს გამოყენებაზე ორიენტირებული და არა ცოდნის შემოწმებაზე. ეროვნული გამოცდების შედეგების შემდეგ გამოჩნდება, რა კორექტირება უნდა შევიტანოთ. ამაზე ინფორმაცია გვეცოდინება გამოცდების შედეგების შეფასების შემდეგ. 

- რაც შეეხება საგამოცდო ცენტრებს, ვიცით, რომ წელს ხულოში არ იქნება საგამოცდო ცენტრი და გსურდათ ფოთისა და ოზურგეთის საგამოცდო ცენტრების გაუქმება, თუმცა, მოგვიანებით, ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული პროტესტის შემდეგ, ეს გადაიფიქრეთ. ხომ არ იგეგმება ცენტრების რაოდენობის შემცირება კიდევ?- ამ ეტაპზე, ისევ რჩება 22 საგამოცდო ცენტრი. თუმცა, პირადად ვფიქრობ, რომ უპრიანია, საგამოცდო ცენტრები იმ ქალაქებში იყოს, სადაც ერთი უმაღლესი სასწავლებელი მაინც არის. როცა თავიდან შევარჩიეთ საგამოცდო ცენტრები, რეგიონული პრინციპიც არ გვქონია. გასაგებია, კომფორტია ოზურგეთელი აბიტურიენტისტის, რომ თავის რაიონში ჩააბაროს გამოცდა, მაგრამ ჩაბარების შემდეგ ხომ მოუწევს სხვა ქალაქში გადასახლება?! წლების განმავლობაში მქონდა უსამართლობის განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ სხვა რაიონების აბიტურიენტებს არ ჰქონდათ ასეთი ფუფუნება, თავიანთ რაიონში ჩაებარებინათ გამოცდა.

- შესაძლოა, რომ მომავალ წელს საგამოცდო ცენტრები მხოლოდ იმ ქალაქებში იყოს, სადაც უმაღლესი სასწავლებლებია? - ვერ გეტყვით, რომ ეს მომდევნო წელს შეიძლება მოხდეს, ოზურგეთის და ფოთის საგამოცდო ცენტრის გაუქმებაზე როდესაც ვსაუბრობდით, ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ჩვენ, ცხადია, ასეთ გარემოებებს ანგარიშს ვუწევთ, თუმცა ლოგიკური ცვლილება იქნებოდა. 

- რაც შეეხება კონდენცირების სისტემას. წინა წელს ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ აბიტურიენტებს პრობლემა შეუქმნა. მოგვარდა თუ არა ეს პრობლემა და იქნება თუ არა საგამოცდო ცენტრებში კონდენციონერები?- ბატონი მიხეილ ჩხენკელის ინიციატივა იყო, რომ კონდენცირების სისტემა წელს ყოფილიყო, თუმცა ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ძალიან რთული ვითარება იყო რუსთავის საგამოცდო ცენტრში, რადგან მთელი დღის განმავლობაში მზე ადგას შენობას, ამიტომ, როგორც საპილოტე პროექტი, მხოლოდ ამ საგამოცდო ცენტრში იქნება წელს კონდენციონერი. გულწრფელად გეტყვით, ეს უსამართლოდ მიმაჩნია, არც მინისტრისთვის დამიმალავს ჩემი აზრი. ასევე ვცადე ამეხსნა, რა პრობლემებს შეიძლება გადავაწყდეთ კონდენცირებისას - ბევრი ადამიანი ვერ ეგუება კონდენციონერს, თან ეს ხმაურის პრობლემასაც შექმნის სექტორში, რთულია, ყველას სურვილს მოერგო. თუმცა, ამ ეტაპზე რუსთავის საგამოცდო ცენტრში კონდენცირება იქნება. 

- კიდევ ერთ თემაზე მინდა გკითხოთ: 2016-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ განვითარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა. გამოცდების ჩატარების პროცესში გაიზრდება თანამედროვე ტექნოლოგიების როლი. რას გულისხმობს მთავრობის პრიორიტეტებში ჩადებული ეს პუნქტი, რა იგეგმება კონკრეტულად? - ახალი ტექნოლოგიების გამოყენება უკვე დავიწყეთ და გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ვატარებთ. ეს პირველი ნაბიჯია და არა უკანასკნელი. ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ გამოცდები სრულიად ელექტრონული ფორმატით ჩატარდეს და კიდევ უფრო მრავალფეროვანი დავალებები შემოვიტანოთ ჩვენს სისტემაში. ამის შესაძლებლობას ელექტრონული ფორმატი ნამდვილად იძლევა - იქნება ეს ანიმაცია, ვიდეო და ა.შ. 

- კონკრეტულად, რომელ საგნებს დაემატება ვიდეო და ანიმაცია საგამოცდო ტესტებში? - იქმნება კომპლექსური სისტემა, პლატფორმა, რომელშიც ჩაშენებული იქნება არა მარტო ეროვნული გამოცდები, არამედ, გამოსაშვები გამოცდებიც, ჩვენი შეფასებებიც. დიდი იმედი მაქვს, შემდეგ წელს ერთ ნაბიჯს კიდევ გადავდგამთ წინ. ანიმაცია და ვიდეო შესაძლოა ტესტურ დავალებებში იყოს გამოყენებული. მაგალითად, უცხო ენაში ან ბიოლოგიაში. ვთქვათ, აჩვენებ უჯრედის გამრავლებას და აბიტურიენტს სთხოვ, ახსნას ეს რა არის. დაახლოებით, ასეთი დავალებები საბუნებისმეტყველო საგნების - ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგიის პედაგოგებისთვისაც გვქონდა, რომლებსაც ექსპერიმენტული ნაწილი მოვუმზადეთ. 

- რაც შეეხება უცხო ენას, რა ფორმით მოხდება ვიდეოს და ანიმაციის გამოყენება?- მაგალითად, მოსმენის უნარის დავალებებში, როდესაც, ვთქვათ, მანჰეტენზე უყვები რაღაცას და თან უჩვენებ რაზე ესაუბრები. შემდეგ უკვე კითხვებს უსვამ. ასევე, დიალოგში - უსმენს დიალოგს და პასუხებს სცემს. აქ ჟესტიკულაციაც მნიშვნელოვანია. 

- იქნება თუ არა მომავალ გამოცდებზე ასეთი დავალებები?- ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული. სანამ არ დავრწმუნდებით, რომ სკოლაში ამას ასწავლიან და აბიტურიენტისთვის პრობლემას და ბარიერს არ წარმოადგენს, ამას ვერ შევთავაზებთ. სანამ არ დავრწმუნდებით, რომ სკოლაში უცხო ენის გაკვეთილზე ასეთ რამეებზე ავარჯიშებენ, არ გვექნება უფლება გამოცდაზე ასეთი ტესტები დავახვედროთ აბიტურიენტს. თუმცა, შეგვიძლია რომ სკოლას შევთავაზოთ დახმარება. ამიტომ პლატფორმის მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობთ, ამის შემდეგ ბევრი რამ გვეცოდინება. წლის ბოლოსთვის დიდი იმედი მაქვს, რომ პლატფორმაზე მუშაობა დასრულდება და ნიმუშებიც მომზადდება, რომ სკოლაშიც ივარჯიშონ მსგავსი დავალებების ამოხსნაზე. პირველ რიგში, ამას საპილოტე ხასიათი ექნება. 

- დაბოლოს, რას ურჩევთ აბიტურიენტებს, რომლებიც საგამოცდო ცენტრებს ორშაბათს მოაკითხავენ?- პირველ რიგში ვურჩევდი, რომ ნუ ინერვიულებენ, ეს ხელს უშლით მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები; მაქსიმალურად კეთილგანწყობილები დავხვდებით. უმორჩილესად ვთხოვ ყველას, ამ დარჩენილ რამდენიმე დღეში არაერთხელ შევიდნენ საკუთარ გვერდზე და შეამოწმონ, რომელ საათზე და რომელ საგამოცდო ცენტრში უნდა მივიდნენ. დაგვიანება უმტკივნეულესია ჩვენთვისაც და მათთვისაც. ზედმეტ ნივთებს ნუ მოიტანენ და განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება ტელეფონებთან დაკავშირებით. აბიტურიენტს თუ ტელეფონი აღმოაჩნდა, ის ავტომატურად, გაფრთხილების გარეშე, იხსნება საგამოცდო ცენტრიდან და რაც მთავარია, მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ, რომ თავიანთი ცოდნა წარმოაჩინონ.

თამთა კაკაურიძე 
„ინტერპრესნიუსი“

No comments:

Post a Comment