Facebook-ს საიდუმლო პარტნიორული შეთანხმება ჰქონდა რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან და მათ სოციალური ქსელის მომხმარებლების ჩანაწერებზე სპეციალურ წვდომას სთავაზობდა. ამის შესახებ სასამართლოს დოკუმენტებზე დაყრდნობით Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ე.წ „თეთრი სიები“ საშუალებას აძლევდა კორპორაციებს Facebook-ზე დარეგისტრირებული პირების მეგობრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის მათი ტელეფონის ნომრები მოეპოვებინა.
პარტნიორ კომპანიებს შორის აღმოჩნდნენ Royal Bank of Canada და Nissan Motor Company. როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, Facebook-მა ჯერ კიდევ 2015 წელს განაცხადა, რომ ამ სპეციალურ ჩანაწერებზე წვდომას გამორთავდა, თუმცა პირობა არ შეასრულა.
მანამდე Facebook-მა აღიარა, რომ ოთხ ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიასთან მონაცემთა ბაზის გაზიარების ხელშეკრულება ჰქონდა, რომელთაგან ერთს, ამერიკის სადაზვერვო სამსახურები, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში Facebook-ი არაერთ სკანდალში გაეხვა. ერთ-ერთი მასშტაბური Cambridge Analytica-ს საქმე იყო, სადაც კომპანია Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის გამოყენებაში დაადანაშაულეს. Cambridge Analytica-მ პერსონალური მონაცემები 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიისთვის გამოიყენა, რათა ეფექტიანი პოლიტიკური რეკლამა შეექმნა.
imedinews.ge


No comments:
Post a Comment