რამდენიმე დღის წინ ისანში ძარცვის ფაქტი მოხდა - ორი პირი ქალს დაესხა თავს და საფულე გასტაცა. ამ ამბავმა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც გაირკვა, რომ მძარცველის დაკავებას ჩვეულებრივი გამვლელი - 26 წლის ლუკა ლორია შეეცადა, რომელიც არასრულწლოვანმა მძარცველმა შემთხვევის ადგილზე დაჭრა.
პოლიციამ თავდამსხმელები ადგილზე დააკავა, ლუკა ლორია კი კლინიკაში გადაიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა თავს კარგად გრძნობს.
26 წლის ლუკა კლინიკაში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმაც მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, იქამდე კი ახალგაზრდა ბიჭის დედამ - ლალი ლორიამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი დაწერა:
"მე ჩემი სამოქალაქო ვალი მოვიხადე" - ლუკა ლორია. "შენ უფრო მეტი გააკეთე, მაგარი ბიჭი ხარ" - გიორგი გახარია.
აქამდე ჩემი სასწაული განსაცდელი მტანჯავდა და იმაზე არც მიფიქრია რა გააკეთე ლუკა. მიუხედავად ამ ყველაფრისა რაც გადავიტანეთ და ჯერ წინ გვაქვს მეამაყები შვილო! გული მწყდება, რომ მამაშენი ვერ მოესწრო... იმ დღეს ვფიქრობდი, ბედნიერი გოჩა ამ განსაცდელს ააცილა ღმერთმა-თქო, დღეს კი მეცოდება, იამაყებდა შენით. შენ მისი გაზრდილი ლუკიჩა ხარ, სულ რომ მეუბნებოდა: ლალი, შენ კიდევ არ იცი რა შვილი გყავსო " - წერს ლალი ლორია.
AMBEBI.GE დაზარალებული ლუკა ლორიას დედას, ქალბატონ ლალის დაუკავშირდა:
- ქალბატონო ლალი, პირველ რიგში გვითხარით როგორია ახლა ლუკას ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- ახლა გამოვედი საავადმყოფოდან, ორი დღეა არც კი დამვჯდარვარ. ექიმები მეუბნებიან, რომ ყველაფერი სტაბილურად არის.
- სად აქვს ლუკას ჭრილობები მიყენებული?
- ორი ჭრილობა აქვს მიყენებული დანით. მუცლის მარცხენა მხარეს არის დაჭრილი, დაზიანდა ნაწლავები. ექიმებმა გაუჭრეს მუცლის თეთრი ხაზიც, რათა გამორიცხულიყო სისხლჩაქცევებიც.
- რა გიამბოთ ლუკამ, რა მოხდა?
- ლუკა და მისი მეგობრები მეგობრის ცოლის დაბადების დღეზე მიდიოდნენ. ეს მისი უბანია და აქვე დაუნახავს, მაღაზიიდან გამოსულა ქალი, რომელიც ყვიროდა საფულე წამართვესო. თავდამსხმელს ცისფერი მაისური ეცვა და ლუკა მას გაეკიდა. როცა დაიჭირა და წაართვა საფულე, სწორედ ამ დროს დაჭრა თავდამსხმელმა, დაეცა და ძმაკაცებს უთხრა დამჭრაო... პირდაპირ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
- როგორც თქვენი პოსტიდან ირკვევა, ლუკას მამა არ ჰყავს...
- მამა ექვსი თვის წინ დაეღუპა. ისიც პოლიციელი იყო, „ენერგო პროს“ უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა და სამსახურში გაუსკდა ანევრიზმა. ასეთი ტრაგედია დაგვატყდა ცოტა ხნის წინ თავს... რაც შეეხება თავად ლუკას, ფეხბურთელია. „ოლიმპის“ ბაზაზე გაიზარდა. შემდეგ ჩეხეთში და ლიტვაში თამაშობდა. იქედან საქართველოში გორის „დილაში“ დაბრუნდა. თსუ-ში ჩააბარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ახლა GIPA-ში სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობებზე.
დედისგან უხერხულია საკუთარ შვილზე საუბარი, მაგრამ ყველა გეტყვით, რომ ლუკა სხვანაირი ბიჭია. როცა ვუთხარი, ხომ იცი ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან და სად გარბოდი-მეთქი, მითხრა - რას მეუბნები, აბა რა უნდა მექნაო
AMBEBI.GE
No comments:
Post a Comment