საქართველოში პრაქტიკულად ვერ ნახავთ ღვინის მოყვარულ ადამიანს, რომელსაც "ხაშმის საფერავის" შესახებ მინიმუმ გაგონილი მაინც არ ჰქონდეს, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მიუხედავად მისი ასეთი ლეგენდარულობისა, ეს ღვინო ბოთლში დღეს ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება და კონკრეტულად "ხაშმის საფერავი" ქართულ ღვინის ბაზარზე რთულად საშოვნია.
ხაშმის მიკროზონა მდებარეობს მევენახეობის გარე კახეთის ქვეზონაში, საგარეჯოს ადმინისტრაციულ რაიონში, ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე, მდინარე ივრის მარცხენა სანაპიროზე. ხაშმის მიკროზონა მოიცავს სოფელ "ხაშმს". მისი ფართობი 887 ჰექტარს შეადგენს.
ხაშმის ტერიტორიაზე ვენახის გაშენება თამარ მეფის სახელს უკავშირდება. მისი ბრძანებით აქ ვენახი დავით გარეჯელ ბერებს გაუშენებიათ. ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ სწრაფად აუთვისებიათ ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების წესები და საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოც უწარმოებიათ საფერავის ჯაშის ყურძნიდან.
გაზეთი „ივერია“ (1887, № 153) აღნიშნავდა, რომ „მეტადრე ღვინო ხაშმური არ დაუვარდება სრულიად ნამდვილს კახურ ღვინოს და კარგ ფასადაც იყიდება“. „..თვითონ ხაშმელებმაც კარგად იციან ვაზის ხელი... ყურძენს ღვინობისთვის არ ჰკრეფენ, ვიდრე კარგად არ დამწიფდება. როდესაც ივრის ხეობის სხვა სოფლებში მაჭრობაა, ხაშმელები ქვევრების რეცხვას მაშინ შეუდგებიან ხოლმე. აი, ეს არის თავი და თავი მიზეზი, რომ ხაშმური ღვინო კახურს ღვინოს უდრის ღირსებითა“. სოფელ ხაშმში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში ყვარელაშვილებთან, გოქაძეებთან, ქარუმიძეებთან და სხვებთან ერთად დიდი წვლილი შეუტანია ქოქრაშვილების ოჯახს, რომლებიც დიდად გამოცდილი მევენახე-მეღვინეები ყოფილან.
XIX საუკუნის მიწურულს თავად თადეოზ ჩოლოყაშვილმა, რომელიც სოფელ ხაშმში, კერძოდ „ყარაბულახში“ 250 ჰექტარ ვენახს ფლობდა, თავისი სასახლის ეზოში, მარანი ააშენა, რომელიც იტალიელ სპეციალისტებს დააპროექტებინა. აქაური წითელი ღვინო განთქმული იყო მთელ კახეთში. თბილისელი ვაჭრები ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ყიდულობდნენ ხაშმის წითელ ღვინოს. ყარაბულახის ვენახები სარწყავ ფართობში იყო. ჩოლოყაშვილის მარანიც მთელ კახეთში ერთ-ერთი საუკეთესო და დიდი მოცულობის იყო. ქვევრებს შორის გადიოდა წყაროს წყალი, რაც მუდმივ და საჭირო ტემპერატურას ქმნიდა. ღვინის ხარისხს აქ უაღრესად დიდი ყურადღება ექცეოდა და საქართველოს გარდა წარმატებითაც იყიდებოდა რუსეთის იმპერიასა და ევროპაში.
„ხაშმის საფერავი“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ხაშმის მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნიდან. ღვინო მზადდება მხოლოდ მწიფე ყურძნისგან. ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს უნდა იყოს არანაკლებ 20%. ყურძნის ტრანსპორტირება დასაშვებია მხოლოდ ხის ან პლასტმასის ყუთებით. დაუშვებელია ყურძნის ტრანსპორტირებისას პოლიეთილენის პარკების და ტომრების გამოყენება. ტრანსპორტირებისას ყურძენი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული შესაძლო დაბინძურებისაგან. ყურძნის გადამუშავება და ღვინის დამზადება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ხაშმის მიკროზონის საზღვრებში, ხოლო ჩამოსხმა დასაშვებია ამ მიკროზონის გარეთაც, საქართველოს ტერიტორიაზე.
„ხაშმის საფერავი“ დურდოს სრული ალკოჰოლური დუღილის გზით მზადდება. „ხაშმის საფერავის“ წარმოებისას დასაშვებია მხოლოდ იმ ოპერაციების, მასალებისა და ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. სამომხმარებლო ბაზარზე „ხაშმის საფერავის“ გატანა დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით. „ხაშმის საფერავის“ სამომხმარებლო ტარაში ჩამოსხმა და რეალიზაცია ნებადართულია რთველის მომდევნო წლის პირველი აგვისტოდან.
ლევან სეფისკვერაძე
allwine.ge
No comments:
Post a Comment