Pages

Thursday, August 2, 2018

ზოგად უნარებში 80 ქულა ერთმა აბიტურიენტმა მიიღო – სოფო დოლიძე 2018 წლის უნარების გამოცდის შედეგებზე

2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები უკვე ცნობილია. დღესვე გასაჯაროვდება სტატისტიკური ანალიზი. ასევე, აბიტურიენტებს შეეძლებათ თავიანთი ნაშრომები ნახონ და სწორ პასუხებს შეადარონ. დაიწერა თუ არა უმაღლესი ქულა წლევანდელ გამოცდაზე და რამდენად მომზადებულები იყვნენ წელს აბიტურიენტები? – ამ და სხვა საკითხებზე EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე ესაუბრა.


სოფო დოლიძე: საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგად ჩაიარა უნარების გამოცდამ, შედეგები ამას გვიჩვენებს. შედეგები არ არის რადიკალურად განსხვავებული წინა წლებისგან. შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ უკეთესიც არის ზოგიერთ ვარიანტში, გვაქვს ვარიანტი, რომელიც საშუალოზე უფრო ადვილიც კი არის, ეს არის ტესტის მე–3 ვარიანტი. საშუალოზე ოდნავ უფრო მარტივი გამოვიდა ეს ვერსია. გვაქვს ერთი ვერსია, რომელიც ზუსტად საშუალო სირთულის არის და ორი ვერსია, რომლებიც საშუალოზე ოდნავ რთულია, როგორც წინა წლებში იყო სხვა ვერსიები. ყველაზე რთული არის II ვერსია და ისიც საშუალო სირთულისად ითვლება, 45%–ზე მაღალია მისი საშუალო სირთულე. ეს დაახლოებით ისეთივეა, როგორც შარშან და შარშანწინ.
–დაიწერა თუ არა უმაღლესი ქულა ზოგად უნარებში და რომელი ვარიანტის ტესტში?
–რაც შეეხება უმაღლეს ქულას, ძალიან გვიხარია, რომ გვყავს აბიტურიენტი, რომელმაც მიიღო 80–ვე ქულა. ასეთი აბიტურიენტი არის ერთი და მან მე–IV ვარიანტის ტესტი წერა.  მიუხედავად იმისა, რომ რეალურად, მაგალითად, I და II ვარიანტში 77, 78 ქულების მიღება იმავეს ნიშნავს (გათანაბრების შემდეგ), რაც 80–ია, მაინც სხვანაირი აღნიშვნის ღირსია, რომ აბიტურიენტმა 80–ვე დავალება სწორად შეასრულა. ვულოცავ ამ აბიტურიენტს და მართლას განსაკუთრებული უნარების პატრონია. ასეთივე განსაკუთრებულები არიან ისინი, ვინც 77, 78, 79 ქულა დაიმსახურა და თუნდაც 75 სხვა ვერსიებში. ასეთი შედეგის გაგება ძალიან დიდი წარმატებაა.
–რაც შეეხება სტატისტიკურ ანალიზს და საბოლოო შედეგებს?
–საბოლოო შედეგი ჯერ ცოტა ადრეა. სტატისტიკურ მონაცემებს დღესვე მივაწვდით აბიტურიენტებს. ეს იქნება პირველადი, ისევე როგორც შედეგებია პირველადი, ვინაიდან წინ გვაქვს სააპელაციო პროცესი. ეს სტატისტიკური ანალიზიც არის პირველადი და ესეც შეიძლება, ოდნავ ალბათ შეიცვალოს.
–აბიტურიენტებს აქვთ შემდეგი კითხვა: უნარებში რთული ვარიანტის გამოცხადების შემდეგ ქულა მოემატება თუ ბარიერი დააკლდება, რას უპასუხებდით მათ, როგორ უნდა გაიგონ აღნიშნული?
–როდესაც ვარიანტი არის რთული, ჩვენ ამას საშუალო სირთულით ვამბობთ ხოლმე, რომ რომელიღაც ვარიანტი არის რთული, თორემ, სხვადასხვა ვარიანტი ქულების სხვადასხვა სეგმენტში, შეიძლება იყოს უფრო რთული, ან უფრო მარტივი. მაგალითად, შეიძლება, რომელიღაც ვარიანტში არ იყოს ძალიან ადვილი დავალებების ბლოკი, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი საშუალო დავალება იყოს, რომელიღაც ვარიანტში კი პირიქით იყოს, ძალიან ადვილი დავალება ბევრი იყოს და საშუალო ნაკლები და ა.შ. ამიტომ, სირთულეებს, იმისათვის, რომ მაქსიმალურად სამართლიანები ვიყოთ, სირთულეებს ვითვლით ყველა სეგმენტში. თუმცა, როდესაც სტატისტიკურ ანალიზს ნახავენ ჩვენი აბიტურიენტები, იქ იქნება საშუალოდ, საშუალო ქულის მიხედვით დათვლილი სირთულე.
რაც შეეხება მინიმალურ ბარიერს, ის განისაზღვრება ყველაზე მარტივი ვარიანტიდან, ანუ რომელმა ვარიანტმა ჩაჭრა ყველაზე ცოტა აბიტურიენტი. ასე ისმება შეკითხვა 24 ქულის შემთხვევაში. ეს აღმოჩნდა წელს მესამე ვარიანტი. ამ ვარიანტში გამსვლელი ქულა არის 24 და მან სამწუხაროდ ჩაჭრა აბიტურიენტთა გარკვეული პროცენტი. შემდეგ ვერსიებში ვეძებთ ქულას, რომელმაც დაახლოებით იგივე პროცენტი ჩაჭრა აბიტურიენტებისა და ის ხდება გამსვლელი ქულა. ასეთი პირველ და მეოთხე ვარიანტებში ეს იქნება 23 და მეორე ვარიანტში ეს იქნება 22 ქულა.
ზოგადი უნარების გამოცდაში ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტმა მიიღო:
6 ივლისის პირველ სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით III ვარიანტი) – 24 ქულა და მეტი;
6 ივლისის მეორე სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით IV ვარიანტი) – 23 ქულა და მეტი;
7 ივლისის პირველ სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით I ვარიანტი) – 23 ქულა და მეტი;
7 ივლისის მეორე სესიაში (თავდაპირველი გრაფიკით II ვარიანტი) – 22 ქულა და მეტი.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment