Pages

Wednesday, August 1, 2018

„საგამოცდო ცენტრებთან ნაგვის ურნები ფლაერებით ივსება“,- მოქმედებს თუ არა აბიტურიენტზე სასწავლებლების „თავგამოდებული პიარი“

ერთიანი ეროვნული გამოცდები წყვეტს არამხლოდ აბიტურიენტების, არამედ უმაღლესი სასწავლებლების ბედსაც. დიდი კონკურენციაა, როგორც სკოლადამთავრებულებს, ისე სასწავლებლებს შორის და გასაკვირი არაა, რომ უნივერსიტეტები პოპულარიზაციას სხვადასხვა გზებით ცდილობენ. წელს მათ რეკლამის ახალ გზას მიმართეს და  ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების დღიდან  საქართველოს თითქმის ყველა საგამოცდო ცენტრის წინ თავინთი სასწავლებლის, უნივიერსიტეტისა თუ ბანკის შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას და გასული წლების მსგავსად, ფლაერებსაც უხვად არიგებდნენ.
თბილისის 177-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის წინ ფლაერების დარიგება გამოცდების დაწყებამდე, 08:00 საათიდან იწყებოდა და გამოცდაზე შესვლამდე აბიტურიენტებს ფლაერებს უწვდიდნენ, რომელზეც სხვადასხვა უნივერსიტეტების და საგანმანათლებლო დაწესებულებების სლოგანებს წაიკითხავდით. ყველა მათგანს ერთი შინაარსი აერთიანებდა – „ისწავლე ჩვენთან!“
გამოცდის დაწყების შემდეგ კი პრომო გოგონების სამიზნეები ხდებოდნენ გარეთ დარჩენილი, სიცხისგან შეწუხებული აბიტურიენტების ახლობლები. ისინი მომღიმარ ახალგაზრდებს დაზარებით ართმევენ, რომელთა ნაწილსაც მარაოს ფორმა ჰქონდა და ქალბატონებიც ამავე დანიშნულებით იყენებდნენ იქამდე, ვიდრე მათი შვილი გამოცდიდან გამოვიდოდა, შემდეგ კი ბუკლეტების ნავსაყუდელად იქცეოდა ან ნაგვის ურნა, ან საგამოცდო ცენტრის ტერიტორია.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

სარეკლამო ფლაერებს შორის ნახავდით თავისუფალი უნივერსიტეტის, თბილისის ღია უნივერსიტეტის, ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და სხვა სასწავლებლების ბროშურებს.
შედარებით გულისხმიერები აღმოჩნდნენ ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც სიცხისგან შეწუხებულ საზოგადოებას, ფლაერებთან ერთად, წყალსაც ურიგებდნენ.
საგამოცდო ცენტრებთან კრედო ბანკის წარმომადგენლებსაც იხილავდით, რომელთა სამიზნე აუდიტორია აბიტურიენტების მშობლებია. მათ ისინი პირადი მონაცემების დატოვებას სთხოვდნენ და სტუდენტურ სესხს სთავაზობდნენ.
177-ე სკოლის წინ „მოფუსფუსე“ პრომო გოგონებს შორის „ყველაზე კრეატიულები“ ევროპული განათლების სახლის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ, რომლებიც აბიტურიენტების გამოცდიდან გამოსვლას პირდაპირ ჭიშკართან ელოდნენ და ხელში ბუკლეტს უწოდებდნენ თვალისმომჭრელი წარწერით – „გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე!“.

პრომო გოგონებს არ ჰქონდათ პასუხი აბიტურიენტების კითხვაზე, თუ რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისათვის, რომ მათ მიერ შემოთავაზებული სასწავლებლის სტუდენტები გახდნენ, როგორც ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის პრომო გოგონამ თქვა, უნივერსიტეტმა სარეკლამო სააგენტოს მიმართა და  ფლაერების დარიგება კონკრეტულ დროსა და ადგილზე სთხოვა.  ამასთან, გამავრცელებლები დანამდვილებით პასუხებს ვერ სცემენ აბიტურიენტების კითხვებს და სთავაზობენ, რომ ინფორმაცია  ფლაერზე მითითებულ ნომრებზე გადაამოწმონ.
EDU.ARIS.GE შესაბამის ნომერზე ინფორმაციის მოპოვებას სწორედ აბიტურიენტის სტატუსით შეეცადა. დაინტერესებულ აბიტურიენტებს კი ევროპული განათლების სახლის წარმომადგენელი მობილურ ტელეფონზე საუბრისას ეუბნება, რომ  სტუდენტის სტატუსის მისაღებად საკმარისია პირადობის მოწმობის წარდგენა. სხვა დეტალების გასარკვევად კი ადგილზე მისვლას ურჩევს. კითხვებს, აქვს თუ არა მათ მიერ შეთავაზებულ სასწავლებელს ავტორიზაცია, აღიარებს თუ არა გაცემულ დიპლომს სახელმწიფო და ექნება თუ არა კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება, ასევე, რამდენად დაშვებულია სახელმწიფოსგან ასეთი ბიზნესის წარმოება ან რეკლამირება, სასწავლებლის წარმომადგენელი გვპასუხობს, რომ უმჯობესია სიტუაციაში ადგილზე გავერკვეთ და ამბობს, რომ სტუდენტს შეუძლია 1 სემესტრი ისწავლოს მათთან, შემდეგ კი გამოცდების გარეშე ნებისმიერ აკრედიტებულ უნივერსიტეტში გადავიდეს.
„სახელმწიფო ორგანოებთან არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. ჩვენი საქმიანობა კანონიერია,  ყველაფერი გათვალისწინებულია“, – გვპასუხობენ დაწესებულებაში, თუმცა, როგორც EDU.ARIS.GE-მ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან საუბრის შემდეგ გაარკვია, ასეთი ორგანიზაციები ცრუობენ და ამგვარი საქმიანობა აკრძალულია!
ხარისხის განვითარების სამსახურს ვკითხეთ, რამდენად რეგულირდება კანონმდებლობით ზემოხსენებული ორგანიზაციების მხრიდან ამ ტიპის ბიზნესსაქმიანობა და პირდაპირი რეკლამირება:
„სახელმწიფო ამას სისხლის სამართლის კოდექსის მეშვეობით არეგულირებს. ეს საკითხი სისხლის სამართლის კოდექსშია გაწერილი და იზღუდება. ასევე არის ჩანაწერი უმაღლესი განათლების შესახებ კანონშიც. ეს გახლავთ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა“, – განგვიმარტეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად სახელმწიფოს ამგვარი რეგულირებისა, ფაქტია, რომ ასეთი ქმედების ფაქტობრივი აღკვეთა, კანონის ჩარჩოებში მოქცევა ვერ ხორციელდება და ზემოაღნიშნული ორგანიზაციები სტუდენტებს სწავლას უმეტესად უკრაინასა და აზერბაიჯანში სთავაზობენ. უმაღლესში უგამოცდოდ ჩაბარების შეთავაზებას აბიტურიენტები გასული წლების განმავლობაშიც იღებდნენ.
წელს სასწავლებლები ფლაერებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც არიგებდნენ. რეგიონებში გავიდნენ დედაქალაქში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებებიც. როგორც EDU.ARIS.GE –სთან საუბრისას  თელავის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი გიგი გიგიტელაშვილი  ამბობს, პრომო გოგონამ, უნივერსიტეტის გაპიარების მიზნით, შენობა აღუწერა და უთხრა, რომ მათი უპირატესობა სწორედ მაღალ შენობაშია.  გიგის თქმით, ფლაერებით მას გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებენ. ის  აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება უკვე ყველა აბიტურიენტს მიღებული აქვს და ფლაერებით გავლენას ვეღარავისზე მოახდენენ.
„ერთ-ერთი უნივერსიტეტის (სეუ-ს ) პრომო გოგონამ  თელავის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულს მამცნო: ჩვენი უნივერსიტეტი იმიტომ არის კარგი, რომ მაღალი შენობა აქვსო. ვფიქრობ, აბიტურიენტებზე, რომლებიც ორიენტირებული არიან მაღალი ხარისხის სწავლის მიღებაზე, ფლაერი ვერანაირ გავლენას ვერ მოხდენს. მე გადაწყვეტილი მაქვს სად ჩავაბარებ და რაც უნდა ფლაერი და ბრჭვიალა ბლოკნოტი მაჩუქოს სხვა უნივერსიტეტმა, ვერ გადამაფიქრებინებენ. მე უპირატესობას ვანიჭებ სწავლის ხარისხს, სწავლის თანამედროვე მეთოდებს და ლექტორებს. ვფიქრობ, ის უნივერსიტეტია კარგი, სადაც ნაკლები კომუნისტი ასწავლის. ფლაერები ვიზულაურ გავლენას ახდენენ აბიტურენტებზე.  მსგავსი ეფექტი აქვს ინფორმაციის ინტერნეტში მოძიებასაც. შესაბამისად, მათი შრომა ფუჭია. ჯობია, უნივერსიტეტები მოეშვან ფლაერების ბეჭვდას და სწავლების დონის აწევაზე იფიქრონ“, – ამბობს გიგი.
ქუთაისელი აბიტურიენტი დათო სახელაშვილი, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ასეთ გააქტიურებას გამაღიზიანებლად მიიჩნევს. ამბობს, რომ აბიტურიენტებს უკვე ყველა უნივერსიტეტზე აქვთ გარკვეული წარმოდგენა და გადაწყვეტილებებიც უკვე მიღებულია:
„არ მგონია ფლაერიდან მიღებული ინფორმაციის შემდეგ ვინმეს გადაწყვეტილების შეცვლა მოუნდეს. ყველამ კარგად იცის სად როგორი სწავლაა და თავგამოდებული პიარი აღარაფერს უშველის. უკვე გამაღიაზიანებელიც კია  მსგავსი, გადამეტებული აქტიურობა. საგამოცდო ცენტრებთან ნაგვის ურნები მარტო ამ ფლაერებით ივსება“,- ამბობს დათო.
ბავშვთა ფსიქოლოგ სოფო ბარამიძის თქმით, გამოცდაზე შესვლამდე აბიტურიენტზე გავლენას ვერ მოახდეს ფლაერი წარწერით „სწავლა გამოცდების გარეშე“. ბარამიძის თქმით, გამავრცელებლებს ფლაერების დარიგების უფლება აქვთ, თუმცა მთავარია მათ ხალხის მოტყუების საშუალება არ მიეცეთ:
„გამოცდაზე მისული ბავშვი ამას ნაკლებად მიაქცევს ყურადღებას, მოტივაციაზე ამ კონკრეტულ მომენტში, არ იმიქმედებს. გამავრცელებლებს აქვთ ამის უფლება და გამოცდით ჩარიცხავენ თუ უგამოცდოდ მათი საქმეა. მთავარია, როგორი ხარისხის განათლებას შესთავაზებენ და ესაა საეჭვო, ამას უნდა მუდმივი კონტროლი, რომ ხალხის მოტყუების საშუალება არ მიეცეთ“, – ამბობს სოფო ბარამიძე.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment