მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის დადგენილების მიხედვით, საქართველოში არსებულ საჯარო სკოლებს ვაუჩერული დაფინანსება 900 ათასი ლარით გაეზრდებათ. თანხა ემატება მხოლოდ მოსწავლის ვაუჩერს. ვაუჩერის თანხის მატება დაკავშირებულია სკოლაში ზოგიერთი საგნის საათის მატებასთან, შესაბამისად, დამატებულ ხელფასს მიიღებენ ის მასწავლებლები, რომლებიც დამატებულ საათს ჩაატარებენ.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან კვირეული საათობრივი დატვირთვა 3.5 საათი იქნება. „შესაბამისად, იზრდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები და ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი“.
რას ნიშნავს ეს ცვლილება მასწავლებლებისთვის და აისახება თუ არა ეს კონკრეტული მასწავლებლის ხელფასზე?
როგორც ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ შემთხვევაში მასწავლებელს, ვისაც საგანში საათი დაემატება, მისი ანაზღაურებაც დამატებული საათების რაოდენობის მიხედვით გაიზრდება.
„მაგალითად, სპორტის გაკვეთილებს დაემატა თითო საათი, ქართულის გაკვეთილებს და ა.შ ამ შემთხვევაში, ერთი გაკვეთილის დანამატის მაქსიმუმი 32 ლარია, მინიმუმი კი 22 ლარი მასწავლებლის სტაჟის და პროფესიული წარმატების შესაბამისად“, – ამბობს დირექტორი.
სკოლის დაფინანსების გაზრდა დამოკიდებულია სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტის რაოდენობაზე. მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით, ქართულენოვანი სკოლებისთვის, სადაც მოსწავლეების რაოდენობა 170-დან 205 შეადგენს, ვაუჩერის რაოდენობა ერთ მოსწავლეზე 495 ლარით განისაზღვრება, მაღალმთიან დასახლებაში კი – 663 ლარით.
სკოლებს, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 206-დან 299-ია, ვაუჩერული დაფინანსება განისაზღვრება 660 ლარით.
300-დან 530 მოსწავლის არსებობის შემთხვევაში კი, ვაუჩერული დაფინანსება იქნება ერთ მოსწავლეზე 486 ლარი, მაღალმთიან სკოლებში – 651 ლარი.
ქართულენოვან სკოლებს, სადაც მოსწავლეთა კონტინგენტი 736-იდან 1267 მოსწავლეს შეადგენს, ვაუჩერული დაფინანსება 468 ლარი იქნება. მაღალმთიანის შემთხვევაში კი – 627 ლარი.
დაახლოებით ამავე პრინციპით მოხდება არაქართულენოვანი საჯაროს სკოლების ვაუჩერული დაფინანსებაც.
მე-9-დან მე-12 კლასების ჩათვლით კი მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება 170-დან 205 მოსწავლის შემთხვევაში იქნება 591 ლარი, მაღალმთიან სკოლებში – 792 ლარი.
სკოლებში, სადაც 206-დან 299 მოსწავლე სწავლობს, 585 ლარი იქნება ვაუჩერული დაფინანსება, ხოლო იქ, სადაც 300-დან 53-მდე მოსწავლე სწავლოს, ვაუჩერის ოდენობა 579 ლარით განისაზღვრება. მაღალმთიან სკოლებში კი – 777 ლარით.
1269 მოსწავლის არსებობსი შემთხვევაში, დაბის სკოლები მოსწავლეზე 558 ლარს მიიღებენ, მაღალმთიანის კი – 750 ლარს.
გარდა ამისა, სკოლები, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ, 1-5 მოსწავლის შემთხვევაში 6000 ლარით დაფინანსდება. ის სკოლა, სადაც 6-დან 10 მოსწავლე სწავლობს – 12 ათასი ლარით, 11-დან 15 მოსწავლის არსებობის შემთხვევაში კი – 18 ათასი ლარით.
16-დან 20 სსმ მოსწავლის არსებობის შემთხვევაში სკოლის დაფინანსება 24 ათასი ლარით განისაზღვრება, 21-დან 25-ის შემთხვევაში კი – 30 ათასი ლარით. 26 მოსწავლეზე მეტის შემთხვევაში სკოლა 36 ათას ლარს მიიღებს.
მთავრობის დადგენილება 17 ოქტომბრიდან შევა ძალაში.
რაც შეეხება ზოგადად პედაგოგების ხელფასის ზრდას, თუ რა პრინციპით მოხდება მატება, რის შესახებაც დღეს, 14 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და განათლების მინისტრმა განაცხადეს, დეტალები სკოლებისთვის უცნობია.
batumelebi.netgazeti.ge
No comments:
Post a Comment