მექსიკის დედაქალაქში, მეხიკოში, მარიაჩის (ქუჩის მუსიკოსის) ტრადიციულ სამოსელში გამოწყობილმა კაცებმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს. სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი მოგვიანებით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. დაჭრილია რვა ადამიანი. ამის შესახებ BBC წერს.
დაღუპულთაგან ორი ადრე ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი.
შემთხვევა ქალაქის ცენტრში, ტეპიტოს დასახლებაში, Plaza Garibaldi-სთან მოხდა. ეს ადგილი ტურისტული ცენტრია.
„აქ მოვდივართ იმისთვის, რომ დავისვენოთ და გავერთოთ. მოულოდნელად კი, უყურებ, როგორ ისვრიან შეიარაღებული ადამიანები. არც კი იცი, დაბრუნდები თუ არა სახლში ცოცხალი. უკვე ქუჩის მუსიკოსებსაც ვეღარ ენდობი“ - ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.
ტეპიტოს დასახლებაში 2014 წლიდან მკვლელობების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. ეს რეგიონი ნარკოტიკებით მოვაჭრე დაჯგუფებით, La Union-ითაა ცნობილი. მკვლელობას სწორედ ამ დაჯგუფებას უკავშირებენ.
ტეპიტოში ძალადობისა და თავდასხმის შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა გასული თვის შემდეგ. სწორედ აგვისტოში დააკავეს La Union-ის ლიდერი, რობერტო მოიადოესპარეზა.
2016 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც მექსიკის მთავრობამ ბრძოლა გამოუცხადა ორგანიზებულ დანაშაულს, ქვეყანაში 200 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული ან გაუჩინარებული. ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა ქვეყანაში 2017 წელს აღრიცხეს. გასულ წელს აქ 25 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment