Pages

Thursday, September 6, 2018

ქართველმა მოსწავლეებმა იაპონიაში ინფორმატიკის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს

იაპონიის ქალაქ ცუბურაკში მიმდინარე მოსწავლეთა 30-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე  საკონკურსო შეჯიბრების ორივე ტური დაასრულდა.  

ოფიციალურ საიტზე ატვირთული მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ნაკრებმა აქამდე არნახულ წარმატებას მიაღწია და იაპონიაში იმდენივე ოქროს მედალი აიღო, რაც აქამდე 22 ოლიმპიადაზე ჰქონდა აღებული.
👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში      

ოლიმპიადა ორ ეტაპად ტარდებოდა. თითოეულ ეტაპზე მოსწავლეებს სამი დავალება უნდა ამოეხსნათ, რაც ორგანიზატორების მოთხოვნათა შესაბამისი პროგრამის შექმნას გულისხმობდა. თითოეული ამოცანის ამოხსნაზე მონაწილეებს ენიჭებოდათ ქულები 1-დან 100-ის ჩათვლით.

88 ქვეყნის 343 მოსწავლეთა შორის 600 შესაძლებლობიდან 463 ქულა მოაგროვა ნიკოლოზ ბირკაძემ და ამ შედეგით მან შარშან ნაჩვენები 47-ე ადგილი მე-4 ადგილზე, ხოლო შარშანდელი ვერცხლი, წელს ოქროზე გადაცვალა. ნიკოლოზი მეორე და მესამე ადგილზე გასულ ჩინელ მოსწავლეებს მცირედით, შესაბამისად, ექვსი და სამი ქულით ჩამორჩა. პირველ ადგილზე გასულმა აშშ-ის წარმომადგენელმა ბენჟამინ ჩინმა 499 მოაგროვა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი  

ინფორმატიკის ოლიმპიადების ბრინჯაოს და ორი ვერცხლის მედლის მფლობელმა გიორგი კლდიაშვილმა გატეხა ნავსი და თავის მეოთხე ოლიმპიადზე ოქროს მედალს დაეუფლა. გიორგი პირად ჩათვლაში 365 ქულით მე-16 ადგილზე გავიდა.

თავის მეორე ოლიმპიადაზე შარშანდელზე უკეთ იასპარეზა აგრეთვე ალექსანდრე ხოხიაშვილმა, მან 185 ქულით (მაქსიმალურად შესაძლო ქულათა 30,8%) 172 ადგილი დაიკავა.

ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ოლიმპიადის დებიუტანტმა ვანო გამეზარდაშვილმა 160 ქულით 198-ე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაზე მხოლოდ ჩინეთის ნაკრებმა შეძლო ოთხი ოქროს მედლის მოპოვება ( მე-2, მე-3, მე-6 და 24-ე ადგილებით), ხოლო აშშ-ის და სამხრეთ კორეის ნაკრებმა გუნდებმა სამ-სამი ოქროს მედალი (შესაბამისად, 1-ლი, მე-9, მე-13 და მე-12, მე-17, მე-19 ადგილებით). ორ-ორი ოქროს მედალი საქართველოს ნაკრები გუნდის მსგავსად მოიპოვეს ბელარუსის (მე-5 და მე-20 ადგილებით), იაპონიის (მე-6 და მე-17 ადგილებით), რუსეთის (მე-11 და 21-ე ადგილებით), პოლონეთის (23-ე და 26 ადგილებით) ნაკრებმა გუნდებმა.

საქართველოს ნაკრები გუნდის ოთხივე მონაწილე ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეა. გუნდს ხელმძღვანელობენ: ვახტანგ შეკაშვილი, გოჩა მანდარია და ზაზა გამეზარდაშვილი.

ხვალ ოლიმპიადის მონაწილეებს ექსკურსიები ელით, ზეგ კი ოლიმპიადის მონაწილეების დაჯილდოება და საზეიმო დახურვაა.

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსანდრე ხოხიაშვილი, გიორგი კლდიაშვილი, გოჩა მანდარია, ვანო გამეზარდაშვილი, ნიკოლოზ ბირკაძე, ზაზა გამეზარდაშვილი.
მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.
ipress.ge

No comments:

Post a Comment