Pages

Saturday, September 22, 2018

სალომე ზურაბიშვილი: აფხაზეთს მშვიდობით და დიპლომატიით დავიბრუნებთ

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, ამომრჩევლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მისი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის გაერთიანებაა.
„პირველ რიგში, მე, როგორც პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციის დამცველს, კონსტიტუციით მევალება, რომ დავიცვა აფხაზური ენა, რომელიც წერია ჩვენს კონსტიტუციაში, რომ დავიცვა ჩვენი მოსახლეობა და ამას გავაკეთებ მთელი ენერგიითა და საშუალებებით.
მათთან მისვლის გზა უკვე დაწყებულია. ის არაჩვეულებრივი ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მუშაობს, არის, ალბათ, დღევანდელ დღეს ყველაზე ეფექტური ბერკეტი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ უნდა მოვნახოთ კიდევ ძალიან ბევრი.
ასევე რუხთან, საავადმყოფოს აშენება არის ძალიან სწორი ნაბიჯი და ბევრი ასეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას აფხაზეთისა და აფხაზების დასაბრუნებლად. ეს დაბრუნება არ მოხდება ძალადობით. ეს დაბრუნება მოხდება ჩვენი სიყვარულით, ჩვენი დიპლომატიით, ჩვენი მშვიდობიანი გზით, მაგრამ მოხდება”, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ასევე მის ოპონენტების ბრალებებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ  გარკვეული ძალები ცდილობენ, დააპირისპირონ ყველასთან, მათ შორის, ეკლესიასთან.
„ოპონენტები ცდილობენ დამაპირისპირონ ყველასთან, ეკლესიასთან ცრუ ცნობებით, ვითომ მე სადმე მითქვამს, რომ ნარკოტიკების გავრცელების მომხრე ვიქნებოდი. მე ვთქვი პირიქით, ჩავუდგები საინფორმაციო კამპანიას და არ ვარ მე კანაფის დედოფალი.
ასევე ცდილობენ დამაპირისპირონ იმ პატრიოტებთან, რომლებიც როგორც მე და ჩემი ოჯახი და მთელი ემიგრაცია, ფიქრობენ, რომ რუსეთი იყო და არის ამ ქვეყნის მუდმივი აგრესორი. რუსეთი არის ოკუპანტი, ეს არ არის დასამტკიცებელი და ეს არ ექვემდებარება გადახედვას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ, მეუფეებმა პეტრემ და იაკობმა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მისამართით არაკორექტული განცხადებები გააკეთეს.
სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ კანაფის პოლიტიკასთან დაკავშირებით საზოგადოება ინფორმირებული არაა, საჭიროა საინფორმაციო კამპანია, რომელსაც ის გაუძღვება, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა არ მოიწონა და პრეზიდენტობის კანდიდატს „კანაფის დედოფალი“ უწოდა.
19 სექტემბერს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა. პატრიარქმა ზოგიერთი სასულიერო პირი არაკორექტული გამოთქმების გამო გააკრიტიკა.
„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, ამასთან,  საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ  პოლიტიკურ პირს“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment