Pages

Sunday, October 28, 2018

საია: სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი დარღვევები ფიქსირდება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 18:00 საათისთვის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები წარადგინა. საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, პროცედურული დარვევების გარდა, დაფიქსირდა ისეთი დარღვევებიც, რომლებიც შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. ამომრჩევლის სავარაუდო ნების კონტროლის 1 ფაქტი დაფიქსირდა.
სალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან უკავშირდებიან და ინტერესდებიან, მიიღეს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. საიას დამკვირვებელმა დარეკა მოქალაქეთა მიერ მითითებულ ერთ-ერთ ნომერზე, რომელზეც დაუდასტურეს, რომ ნომერი სალომე ზურაბიშვილის შტაბს ეკუთვნოდა, თუმცა, არ განმარტეს, რა იყო მოქალაქეებთან დაკავშირების მიზეზი და საიდან ფლობდნენ მათ საკონტაქტო ნომრებს.
საიას ცნობით, სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა:
სამგორში #56-ე უბანთან, ეზოში მობილიზებულნი არიან კოორდინატორები, რომლებიც სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას. 
ვაკის #13 უბნის გარეთ დილიდან დგას ჯიპის მარკის ავტომანქანა MM778GG, რომელსაც უბნიდან გასული ამომრჩეველი აკითხავს.
მარნეულის #59 უბანზე „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მათ ერთმანეთი დაადანაშაულეს, რომ ამომრჩევლის აგიტაციას ეწეოდნენ. საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ამ დროისათვის სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს. ამასთან აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 162 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობა ან ძალადობის მუქარას. 
საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელი პირები არიან და უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავენ (ნაძალადევის #3, #4, #8, #9, #10, დიდუბის #14, #20, #21, #22, #34, #35, #36, სამგორის #56, ჩუღურეთის #14, #26, #31, ისნის #9 და #10, საბურთალოს #81, ოზურგეთის #3, #5, #47, #55, #50 უბნები, ჩხოროწყუს #8, #18, ფოთის #1, #2, #4, #10, #15, #20, #28, #30 ზუგდიდის #50, #59, #107, ბათუმის #28, #40, #41, #59, #102, ხელვაჩაურის #35, ქობულეთის #1).
საიას ცნობით რამდენჯერმე დაფიქსირდა დამკვირვებლის უბნიდან გაძევების მცდელობა. 
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. 
არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ.
2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია
imedines.ge

No comments:

Post a Comment