Pages

Tuesday, October 30, 2018

დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში დაგეგმილი არჩევნები დაგმეს

უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო, გაეროს უშიშროების საბჭომ დასავლეთის სახელმწიფოების ინიციატივით გამართა რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგის მთავარი თემა იყო დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში დაგეგმილი არჩევნები. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
სხდომის დაწყებამდე რუსეთმა საბჭოს შესთავაზა საკითხის განსახილველად მიეწვიათ ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელენა კრავჩენკო, თუმცა, საბჭოს დანარჩენმა წევრებმა მოსკოვის წინადადება არ მიიღეს.
დასავლეთის სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთისგან მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება მინსკის შეთანხმებას   ეწინააღმდეგება. გაეროში შვედეთის წარმომადგენელმა ულოფ სკუგმა განაცხადა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის ქმედებები ევროპის საზღვრების გადაკეთების მცდელობაა. შვედმა დიპლომატმა მოსკოვს მიმართა, გამოიყენოს თავისი გავლენა და აღკვეთოს არჩევნების ჩატარება.
გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ჯონათან კოენმა დაადასტურა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არ მოიხსნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებით აკრძალულია მუნიციპალური არჩევნების ჩატარება და არა „რესპუბლიკების მეთაურების.“
ნებენზიას მტკიცებით, მინსკის შეთანხმებას არღვევს უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ. გაეროში უკრაინის წარმომადგენლის, ოლეგ ნიკოლაენკოს განცხადებით, დონბასში ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს მისცემს ახალ საბაბს სიტუაციის გამწვავებისთვის. უკრაინელმა დიპლომატმა მოსკოვი დაადანაშაულა უკრაინის აღმოსავლეთსა და ანექსირებულ ყირიმში დიდი რაოდენობით შეიარაღების თავმოყრაშიც. ნიკოლაენკოს ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს ყირიმში ბირთვული შეიარაღების განთავსებასაც.
სეპარატისტების ლიდერების განცხადება დონბასში არჩევნების შესახებ დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. 
ომი დონბასში 2014 წელს დაიწყო. მხარეებს შორის, საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით, 2014 წლის სექტემბერში ხელი მოეწერა მინსკის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მოგვიანებით, 2017 წელს ხელი მოეწერა კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც, თავდაპირველი ჩანაფიქრით, დეკემბრის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, დღემდე ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის განახლებაში.
აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის კონფლიქტმა 2014 წლის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ასიათასობით ადამიანი აქცია დევნილებად.
აღმოსავლეთ უკრაინაში გაჩაღებული ომის შესახებ ვრცლად ინფორმაციას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment