აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ წარმატებული უწოდა კვირას ფხენიანში ვიზიტს, რომლის დროსაც შეხვდა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერს, კიმ ჩენ ინს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
პომპეომ მადლობა გადაუხადა ქვეყნის ხელმძღვანელობას ამერიკული დელეგაციის მიღებისთვის და განაცხადა, რომ მხარეები განაგრძობენ წინსვლას სინგაპურის სამიტის დროს მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში. ამის შესახებ პომპეომ სოციალურ ქსელში დაწერა.
თავის მხრივ კიმ ჩენ ინმა შეხვედრას „სასიამოვნო“ უწოდა და თქვა, რომ ის უზრუნველყოფს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების „შესანიშნავ მომავალს“.
პომპეოს მოგზაურობის მიზანი იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი შეხვედრის მომზადება. ფხენიანიდან პომპეო გაემგზავრა სეულში, სადაც ის თავისი ვიზიტის შედეგებს გააცნობს სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩე ინს.აგვისტოში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის გაუქმება მოსთხოვა. ამის მიზეზად პრეზიდენტმა დენუკლეარიზაციის პროცესში პროგრესის არარსებობა დაასახელა.
აგვისტოს დასაწყისში დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, 6 თვის საგამოძიებო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამას აგრძელებს, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს.
ივლისის ბოლოს აშშ-ს დაზვერვაც ირწმუნებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი რაკეტების წარმოება განაახლა. თანამგზავრიდან გადაღებულ მასალაში ჩანს, რომ ფხენიანის მახლობლად მდებარე კვლევით ცენტრში, სადაც პირველი ბალისტიკური რაკეტები შეიქმნა, ახლაც მუშაობენ, ერთ, ან ორ ბალისტიკურ რაკეტაზე.
თუმცა, ცოტა ხნის წინ ტრამპმა თქვა, რომ მას და კიმ ჩენ ინს „ერთმანეთი შეუყვარდათ“.
20 სექტემბერს დაიწერა, რომ კიმ ჩენ ინს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კიდევ ერთი სამიტი სურს. მიზეზი ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების დაჩქარებაა. მანამდე ამ თემას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ 2021 წლისთვის ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული შეიარაღება აღარ უნდა იყოს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment