სარჩელი: სამაუწყებლო კომპანია „რუსთვი 2“-ის ეთერით 2001 წლის 1 აპრილს გადაიცა აკაკი გოგიჩაიშვილის საავტორო პროგრამა „60 წუთი“, რომელიც სასამართლო დავის საგანი გახდა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში .
ვალერი ასათიანმა ჩათვალა, რომ ხსენებული გადაცემით გავრცელდა მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები: მოპასუხეებმა - ირაკლი კერესელიძემ და გადაცემის ავტორმა აკაკი გოგიჩაიშვილმა ის ორი ადამიანის მკვლელობაში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და სახელმწიფო კრედიტის არამიზნობრივ გამოყოფაში დაადანაშაულეს. ირაკლი კერესელიძეს მოსარჩლე ედავებოდა გადაცემაში გაკეთებული შემდეგი განცხადებების გამო: 1995 წელს ირაკლი კერესელიძე მუშაობდა მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელის თანაშემწის თანამდებობაზე, ის რუსეთის სპეცსამსახურში სა თანამშრომლოდ გადაიბირა რუსეთის საელჩოს იმჟამინდელმა პირველმა მდივანმა ვ. არხიპოვმა. ამავე პერიოდში მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელი იყო ვალერი ასათიანი, რომელიც, კერესელიძის თქმით, „ვარდება აპათეაში იმის გამო, რომ მისი შვილის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია“. „არხიპოვის სამსახური და თვითონ არხიპოვი სარგებლობენ ამ მომენტით და ასათიანს არწმუნებენ საკმაოდ ავტორიტეტული პირების მოშველიებით იმაში, რომ მისი შვილის ჯანმრთელობას სჭირდება მსხვერპლშეწირვა. რუსეთის სპეცსამსახურებს კი ვ. ასათიანის დარწმუნება მსხვერპლშეწირვის აუცილებლობაში სჭირდებოდათ იმისთვის, რომ შემდგომში ვ. ასათიანი გადაებირებინათ რუსეთის სპეცსამსახურში სამუშაოდ.“ გადაცემის თანახმად, 1995 წლის 20 აგვისტოს ვარკეთილის მასივში მდებარე ბინაში, რომელიც არხიპოვმა კონსპირაციული მიზნებისთვის შეიძინა, ასათიანის მითითებით, კერესელიძემ მოტყუებით მიიყვანა გ. ბახტაძე და მ. ოთიაშვილი. ბინაში იმ დროისთვის იმყოფებოდნენ თავად ვ. ასათიანი, მისი თანაშემწე რ. ბენდელიანი და საქართველოს უშიშროების ორი თანამშრომელი - ზ. გოგიტიძე და გ. ქორიძე, რათა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით განეხორციელებინათ გ. ბახტაძის მკვლელობა. ავტომანქანაში მყოფი არხიპოვი და კერესელიძე ვიდეო და აუდიო გადამცემის საშუალებით აფიქსირებდნენ ბახტაძისა და ოთიაშვილის მკვლელობის ფაქტს, რომელიც ბინაში მყოფებმა განახორციელეს. ირაკლი კერესელიძემ გადაცემაში განაცხადა: „მე მაქვს ვიდეოკამერა მუხლებზე, როდესაც არხიპოვი უყურებს აუდიოს, უყურებს გამოსახულებას, მე ვუსმენ აუდიოს. მე არ ვიცი ეს რიტუალის ნაწილია, მე არ ვიცი ეს ასათიანის ახირება იყო თუ რა იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ბახტაძეს პირველი ჩაარტყა ასათიანმა თავის ქალაში უკნიდან და ბახტაძე ეცემა.“ რის შემდეგაც ბინაში მყოფი პირების მიერ „იწყება დანაწევრება გვამების, რისთვისაც გამოყენებულ იქნა ლითონის საჭრელი ხერხი, ეგრეთ წოდებული „ნაჟივკა“. იმავე გადაცემის თანახმად, ღამის თერთმეტ საათზე არხიპოვი ვიდეოკამერით ავიდა ვარკეთილის ბინაში და ვალერი ასათიანი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე დაიყოლია, სანაცვლოდ ასათიანმა „დაწყებული რიტუალის ბოლომდე მიყვანა“ მოითხოვა. „ასათიანი თავისი თანამშრომლობის ფასად ასახელებს გვამების გატანას ანუ რიტუალის ბოლომდე მიყვანას; თავების გატანა ხდება სასაფლაოზე აღმოსავლეთით. ამაზე აკვიატებული იდეა იყო ასათიანის, ასათიანს უკვე წინასწარ გადაწყვეტილი ჰქონდა, სად მიდიოდა სხეულის ერთი ნაწილი და სად მიდიოდა სხეულის დანარჩენი ნაწილები, დამარხვა თავების შეიძლებოდა, მაგრამ სხეულები არ უნდა დამარხულიყო“. გადაცემა „60 წუთის“ ავტორ აკაკი გოგიჩაიშვილს კი მოსარჩლე ედავება იმის გამო, რომ ჟურნალისტის განცხადებებმა შთაბეჭდილება შეუქმნა მაყურებელს კერესელიძის ვერსიის საფუძვლიანობის შესახებ, რითაც შელახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. სახელდობრ: „მკვლელობის წარმოდგენილი ვერსია ორივე შემთხვევაში დადასტურდა“; „მკვლელობის საქმე კვლავაც გაუხსნელი რჩება“; „მკვლელობის საქმე, რომ ხელოვნურად დაიხურა, ამას ხუთი წლის წინათაც ყველა ხვდებოდა“; „დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ ხუთი წლის წინათ დახურული მკვლელობის საქმე დღესაც გამოუძიებელია და ღიად დარჩენილი უამრავი კითხვა პასუხის გაცემას მოითხოვს“; „ცოტა მოგვიანებით ამაში თქვენ თავადაც დარწმუნდებით“. ამასთანავე, აკაკი გოგიჩაიშვილმა გადაცემაში კომენტარი გაუკეთა გაზეთ „ალიაში“ დაბეჭდილ ასათიანის ინტერვიუს: „კულტურის ყოფილი მინისტრის პრესაში გაკეთებული დაგვიანებული აღსარება ჩვენთვის ნაკლებად დამაჯერებელია.“ მოსარჩლის აზრით, აკაკი გოგიჩაიშვილის სატელევიზიო განცხადებამ, რომ „60 წუთის“ ჟურნალისტმა ვალერი ასათიანს თავი წარუდგინა „ერთ-ერთი მკვლელის, ზ. გოგიტიძის მხარედ“ - მაყურებელს შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ მოსარჩლემ ჩაიდინა მკვლელობა. ასათიანის განცხადებით, ჟურნალისტი ცრუ ვერსიას აწვდის ტელემაყურებელს, როდესაც აცხადებს: „ბენდელიანის დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენ მკვლელობის ამსახველი კასეტა გვქონდა, დრო არ დასჭირვებია და, რომ გადაცემაში ასახული ვერსია ორი ადამიანის მკვლელობის თაობაზე დასტურდება ვ. ასათიანთან და მის ვაჟთან გადაცემა „60 წუთის“ ჟურნალისტის სატელეფონო საუბრით.“ მოსარჩლის აზრით, გადაცემაში მიზანმიმართულად გაყალბებულად არის წარმოდგენილი ექსპერტების მოსაზრებები გარდაცვლილ გ. ბახტაძის თავის ქალაზე მიყენებულ დაზიანებათა შესახებ, რაც იმაში გამოიხატა, რომ ექსპერტთა მოსაზრებები მაყურებელს მიეწოდა როგორც კერესელიძის ვერსიის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება. ეს კი დასტურდება მოპასუხეთა შემდეგი გამონათქვამებით: „საქმეში არსებულ სამედიცინო დასკვნაში ყოველგვარი დაზიანება უარყოფილია“; „სამხედრო სამედიცინო ექსპერტმა გ. კვერნაძემ თავის ქალაზე დაზიანებები შეუიარაღებელი თვალითაც აღმოაჩინა“; „თავის ქალის მიკროსკოპიული შესწავლა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მ. ნიკოლაიშვილმაც ჩაატარა, მისი დასკვნაც ანალოგიური იყო.“ კრედიტთან დაკავშირებული გოგიჩაიშვილის განცხადებები, მოსარჩლის აზრით, მიზნად ისახავს, დაარწმუნოს მაყურებელი, რომ მან ხელი მოაწერა დოკუმენტს კრედიტის გამოყოფაზე პირისთვის, რომელსაც არავითარი შეხება არ ჰქონდა ამ კრედიტის დანიშნულებასთან და როგორც საჯარო მოხელემ გამოიჩინა არაჯანსაღი დაინტერესება. გოგიჩაიშვილი ასევე შეეცადა წარმოეჩინა საკითხი ისე, თითქოს კრედიტის გამოყოფის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო და შესაბამისად, კერესელიძეს არ გააჩნდა ბახტაძისა და ოთიაშვილის მკვლელობის მოტივი. გოგიჩაიშვილის სიტყვები - „არხიპოვი მაშინ სწორედ ასათიანის გამოწერილი მუდმივი საშვით დადიოდა სახელმწიფო კანცელარიაში“ - მოსარჩლის აზრით, ცრუ წარმოდგენას ქმნის იმის შესახებ, თითქოს არხიპოვმა ის ნამდვილად გადაიბირა სპეცსამსახურში. ასათიანის განცხადებით, ჟურნალისტმა მას ბრალი დასდო სატანისტური რიტუალის დაგეგმვასა და შესრულებაში, როცა განაცხადა, რომ „სატანისტურ რიტუალზე სხვა ფაქტებიც მიუთითებდა, მაგრამ გამოძიებას ისინი შეუმჩნეველი დარჩა... წინასწარ დაგეგმილი რიტუალი მაინც შედგა“. გოგიჩაიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ „ვ. ასათიანის შვილი უცხოეთიდან სასიკვდილო დიაგნოზით დაბრუნდა“, მოსარჩლის აზრით, არის მის პირად და საოჯახო ცხოვრებაში უხეში ჩარევა, რამაც უმძიმესი ტრავმა მიაყენა მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამასთანავე, ვალერი ასათიანს მიაჩნია, რომ გადაცემის დასასრულს გაკეთებული გოგიჩაიშვლის განცხადება - გადაცემის ავტორები არ ამტკიცებენ, რომ ეს შემზარავი მკვლელობა ჩადენილია ასათიანის ან კერესელიძის მიერ დასახელებული სხვა რომელიმე პირის მიერ - ვერ აბათილებს გადაცემაში მანამდე გაკეთებულ მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს და არის მხოლოდ პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მცდელობა. სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე, 997-ე და 998-ე მუხლების საფუძველზე მოსარჩლემ მოითხოვა, მოპასუხეებს დაკისრებოდათ მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების საჯაროდ უარყოფა; სოლიდარულად 10 მილიონი აშშ დოლარის შესაბამისი თანხისა (ეროვნულ ვალუტაში) და მოსარჩლის მიერ გაწეული ხარჯის (დაკისრებული თანხის 4 %-ის ოდენობით) დაკისრება. თავის შეგებებულ სარჩელში „რუსთავი 2“-მა და აკაკი გოგიჩაიშვილმა აღნიშნეს, რომ მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებული განცხადებები არ ლახავს ასათიანის პატივსა და ღირსებას, რადგან სამართალდამცავთა ცუდ მუშაობაზე უფრო მიუთითებს. კრედიტთან, კასეტასთან, მკვლელობასთან და სამხედრო-სამედიცინო ექპერტთან დაკავშირებული გამონათქვამები, გოგიჩაიშვილის განმარტებით, ირაკლი კერესელიძის მონათხრობია, რომლის ინტერპრეტაცია მან ფაქტის სიმართლესთან შესაბამისობაზე მსჯელობის გარეშე მოახდინა. რაც შეეხება მის გამონათქვამს - „ერთ-ერთი მკვლელი ზ. გოგიტიძეა“ - გოგიჩაიშვილის განმარტებით, ზ. გოგიტიძის არაქონებრივი უფლების დაცვა ასათიანის კომპეტენცია არ არის. მოპასუხემ არც ვალერი ასათიანის შვილთან დაკავშირებით მისი გამონათქვამი მიიჩნია მოსარჩლის პატივისა და ღირსების შელახვად, რადგანაც მისი ცნობით, ასათიანის შვილის სასიკვდილო დიაგნოზის შესახებ მითითებული იყო სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებაშიც. გოგიჩაიშვილის მტკიცებით, გენერალური პროკურატურის დადგენილებაშიც აღნიშნულია ასათიანის მიერ არხიპოვისთვის საშვების გამოწერის ფაქტი, ამდენად, მან უსაფუძვლოდ მიიჩნია ამ ეპიზოდთან დაკავშირებული ბრალდებაც. ჟურნალისტის მტკიცებით, მოპასუხეებს არ დაურღვევიათ არც ჟურნალისტური ეთიკა და არც კანონმდებლობის მოთხოვნები. მოპასუხეებმა მიუთითეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ კანონის 24-ე და 25-ე მუხლებზე. 24-ე მუხლის თანახმად, ჟურნალისტი მოვალეა, შეამოწმოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის უტყუარობა, რაც, მოპასუხეთა განმარტებით, მათ გააკეთეს კიდეც, როდესაც ყველა შესაძლო მეთოდით შეეცადნენ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას და გადაცემის ბოლოს გააკეთეს დასკვნა, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები კერესელიძის მონათხრობის ჭეშმარიტებასთან შესაბამისობის დასადასტურებლად. 25-ე მუხლის თანახმად კი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და მასალის ავტორებს ინფორმაციის გამავრცელებელ პირთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეთა და ორგანიზაციათა შეურაცხყოფა და ცილისწამება მათ პირდაპირ განზრახვას წარმოადგენს, რასაც, „რუსთავი 2“- ისა და აკაკი გოგიჩაიშვილის მტკიცებით, აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მათ უბრალოდ საეთერო დრო დაუთმეს ირაკლი კერესელიძეს და მისი მონათხრობის საფუძველზე საკუთარი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს. ამდენად, მოპასუხეებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს არათუ განზრახვაზე, არამედ რაიმე სახის ბრალზე ლაპარაკი და დაუსაბუთებლად ჩათვალეს არაქონებრივი ზიანის მოთხოვნა. 2001 წლის 16 ნოემბერს ვალერი ასათიანის წინააღმდეგ სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა აკაკი გოგიჩაიშვილმა და მოითხოვა მორალური ზიანის სახით მოპასუხისთვის 10 მილიონი აშშ დოლარის დაკისრება. სარჩელის საფუძვლად მოსარჩლემ მიუთითა გაზეთ “ახალ თაობაში” ასათიანის მიერ მის შესახებ გაკეთებული განცხადებები: “როგორ შეიძლება კომენტარის გაკეთება იმ ადამიანებთან, რომლებიც უზნეობის მატარებელნი არიან, როგორ შეიძლება იმ ადამიანის ნდობა, რომელიც აცხადებს - “ჟურნალისტს სქესი არა აქვსო”; „როგორ შეიძლება ადამიანის ნდობა, რომელსაც უხარია საზოგადოების დათრგუნულ მდგომარეობაში ყოფნა. ამ ხალხს ზნეობა არა აქვს და ცდილობს საზოგადოებაც მისნაირი გახადოს.“ ამასთანავე, გოგიჩაიშვილის განცხადებით, ასათიანმა მას უწოდა „ბეთჰოვენა“ და დააბრალა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. გოგიჩაიშვილის განცხადებით, მისთვის, როგორც ჟურნალისტისათვის, განსაკუთრებული ღირებულების მქონეა სამართლით დაცული სიკეთე, რომელსაც საქმიანი რეპუტაცია ჰქვია, ასათიანმა კი თავისი საჯარო განცხადებით განზრახ შელახა სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს კონსტიტუციით დაცული მისი უფლებები. აკაკი გოგიჩაიშვილის შეგებებული სარჩელი არ ცნო ვალერი ასათიანმა, რომლის აზრით, მის გამონათქვამებში გოგიჩაიშვილის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი არაფერი ყოფილა, მან ინტერვიუს მომენტში მხოლოდ არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა დააფიქსირა. რაც შეეხება მეტსახელს „ბეთჰოვენა“ და სპეცსამსახურებთან გოგიჩაიშვილის თანამშრომლობას, ასათიანმა განაცხადა, რომ „ეს დოკუმენტებზე დაყრდნობით ითქვა და მისი აზრით, გოგიჩაიშვილის აგენტობას ადასტურებენ ის პირები, რომლებიც უშიშროების სისტემაში მუშაობდნენ.“ ასეთ დოკუმენტად ასათიანმა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნებული თამაზ წივწივაძის პუბლიკაცია დაასახელა. შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ირაკლი კერესელიძემაც, რომელმაც მისი პატივისა და ღირსების შელახვისათვის ქონებრივი ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. კერესელიძემ სარჩელის საფუძვლად მიუთითა ასათიანის მიერ პრესკონფერენციაზე გავრცელებული გამონათქვამები, რომლებიც გამოქვეყნდა „დილის გაზეთში“: „ვ. ასათიანმა „დუმილის“ უფლება დაარღვია და მართლმსაჯულებისაგან პასუხს მოითხოვს“. ვ. ასათიანი: „კულტურის მინისტრი დღეს უკვე იძულებულია თქვას, რომ ი. კერესელიძე, რომელიც უმამოდ იზრდებოდა, თავის დროზე შეეცოდა და მიიღო თავის თანაშემწედ, მაშინ როცა მას „მგლის ბილეთი“ ჰქონდა და არსად არ იღებდნენ სამუშაოდ.“ კერესელიძემ ასევე მიუთითა „ახალი თაობაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუზე, სადაც ასათიანმა განაცხადა: „ყოველ შემთხვევაში, ვიღაცას რაღაცისთვის დასჭირდა, რომ კერესელიძეს ეს ეთქვა, საინტერესოა, რატომ მაინც და მაინც სააკაშვილის მეგობარი გოგიჩაიშვილი შევიდა ამ პატიმართან და არა სხვა ტელეარხი?! ეს არ არის დამაეჭვებელი?!“ სტატიაში, სათაურით „ვალერი ასათიანს სატანისტობა სააკაშვილის შეკვეთით დააბრალეს“ ასათიანმა აღნიშნა: „ჟურნალისტმა ჯერ თქვა, რომ სააკაშვილმა პირადად მიიყვანა კერესელიძესთან, მერე კი უარყო, ზოგადად იუსტიციის სამინისტროზე მიუთითა და კონკრეტული გვარ-სახელი არ დაუსახელებია.“ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში („უფრთხილდით ალენ დალესის ზნედაცემულ მიმდევრებს“) ვალერი ასათიანმა განაცხადა: „ჟურნალისტები საპატიმროში უნდა შევიდნენ, ეს ბუნებრივია, მაგრამ გოგიჩაიშვილი თავად ამბობს, რომ კონსულტაციები მიიღო იუსტიციის სამინისტროდან, ისიც გავიგე, რომ ამ ჯგუფს პირადად მ. სააკაშვილი დაეხმარა.“ მოსარჩლემ დეზინფორმაციად მიიჩნია განცხადებები მისი და სააკაშვილის ალიანსის შესახებ და მორალური ზიანისათვის მანაც 10 მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა. გადაწყვეტილება: თბილისის საოლქო სასამართლომ 2002 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ვალერი ასათიანის სარჩელი. სასამართლომ დაავალა „რუსთვი 2“-სა და აკაკი გოგიჩაიშვილს პროგრამა „60 წუთის“ მეშვეობით საჯაროდ მოეხდინათ მოსარჩლის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის უარყოფა, შემდეგი ფორმულირებით: „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ისა და გადაცემა „60 წუთის“ ავტორის, ა. გოგიჩაიშვილის მიერ 2001 წ. 1 აპრილს გადაცემა „60 წუთის“ მეშვეობით გავრცელებული ცნობები - ვ. ასათიანის მიერ ორი ადამიანის მკვლელობის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობისა და სახელმწიფო კრედიტის არამიზნობრივი გამოყოფის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება, 2001 წ. 1 აპრილს გადაცემა „60 წუთის“ მეშვეობით საჯაროდ გავრცელებული გამონათქვამები: „მკვლელობის წარმოდგენილი ვერსია ორივე შემთხვევაში „დადასტურდა“, „ცოტა მოგვიანებით ამაში თქვენ თავადაც დარწმუნდებით“, „კულტურის ყოფილი მინისტრის პრესაში გაკეთებული დაგვიანებული აღსარება ჩვენთვის ნაკლებად დამაჯერებელია“, „კრედიტის დოკუმენტზე ხელს აწერს ვალერი ასათიანი“, „არხიპოვი მაშინ სწორედ ვ. ასათიანის მიერ გამოწერილი მუდმივი საშვით დადიოდა სახელმწიფო კანცელარიაში“ - წარმოადგენენ ვალერი ასათიანის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს, რომელთაც საჯაროდ უარვყოფთ.“ ირაკლი კერესელიძეს კი დაევალა გავრცელებული ცნობების უარყოფა შემდეგი ფორმულირებით: „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 1 აპრილის გადაცემა „60 წუთის“ მეშვეობით ვ. ასათიანის დადანაშაულება ორი ადამიანის მკვლელობაში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და სახელმწიფო კრედიტის არამიზნობრივ გამოყოფაში წარმოადგენს ცრუ ინფორმაციას, რომლითაც შელახული იქნა ვ. ასათიანის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რის გამოც ვ. ასათიანის შესახებ ჩემს მიერ გავრცელებულ ყველა ცნობას ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საჯაროდ უარვყოფ.“ სამივე მოპასუხეს ვალერი ასათიანის სასარგებლოდ 50 ათასი ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სოლიდარულად ანაზღაურება დაეკისრა. აკაკი გოგიჩაიშვილსა და ირაკლი კერესელიძეს უარი ეთქვათ თავიანთი შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილებაზე. მოტივაცია: საოლქო სასამართლოს კოლეგია თავის გადაწყვეტილებაში დაეყრდნო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, კერძოდ, გადაწყვეტილებას ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ, რომლის თანახმად, „ზუსტად უნდა დადგინდეს ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის განსხვავება. ფაქტების არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნეს მაშინ, როდესაც მოსაზრებები არ ექვემდებარება მტკიცებულებებს.“ კოლეგიის აზრით, მოცემულ შემთხვევაში კერესელიძის მიერ გავრცელებული ყველა განცხადება ცნობაა ფაქტების შესახებ, რომელსაც მტკიცება სჭირდება. სინამდვილესთან შესაბამისობის მტკიცების ტვირთი კი ლინგენსის საქმეზე დადგენილი სტანდარტითა და სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მის გამავრცელებელს ეკისრება. საოლქო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეებმა ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ უზრუნველყვეს მათი ვერსიის სინამდვილესთან შესაბამისობის დამტკიცება და ამასთანავე, მათ მიერ გავრცელებული ცნობები ლახავს ვალერი ასათიანის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას, ვინაიდან ისინი შეიცავენ მტკიცებას მოსარჩლის მიერ კანონის, მორალის ნორმების დარღვევისა და უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ. კერესელიძის ვერსიის უსაფუძვლობის დასტურად სასამართლომ მიუთითა უზენაესი სასამართლოს 1996 წლის 24 მაისის გამამტყუნებელ განაჩენზე, რომლითაც კერესელიძეს მსჯავრი დაედო ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში. კოლეგიამ ასევე მიუთითა გენერალური პროკურორის დადგენილებაზე, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება მსჯავრდებულ კერესელიძისა და ჩიკვაიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 31 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც უცვლელი დარჩა კერესელიძის მიერ გასაჩივრებული პროკურატურის ზემოთ ხსენებული დადგენილება. კოლეგიის შეფასებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა და აკაკი გოგიჩაიშვილმა ტენდენციურად გააშუქეს ირაკლი კერესელიძის ვერსია: ჟურნალისტმა თავისი დასკვნებით დამაჯერებლობა შესძინა ცნობებს და საზოგადოებას მიაწოდა როგორც უტყუარი, დადასტურებული ფაქტები, რითაც შელახა ვალერი ასათიანის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. გენერალური პროკურატურის დასკვნაზე დაყრდნობით, საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალისტს მიზანმიმართულად გაყალბებულად აქვს წარმოდგენილი ექსპერტთა მოსაზრებები გარდაცვლილ გ. ბახტაძის თავის ქალასთან დაკავშირებით. ვინაიდან ვალერი ასათიანი იმ დროისათვის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, კოლეგიამ ჩათვალა, რომ მის მიმართ გავრცელებული პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები მიმართული იყო მისი, როგორც საჯარო მოხელის საქმიანი რეპუტაციის დისკრედიტაციისაკენ. რაც შეეხება ასათიანის შვილის სასიკვდილო დიაგნოზთან დაკავშირებულ განცხადებებს, სასამართლომ დაადგინა, რომ „60 წუთის“ ხსენებული გადაცემის ეთერში გასვლამდე მისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არავის გაუცხადებია. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლზე, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ კონვენციის მე-8 მუხლთან დაკავშირებულ განმარტებაზე და აღნიშნა, რომ „პირადი ცხოვრების“ უფლება არის უფლება პირად ცხოვრებაზე, ანუ პიროვნების უფლება, იცხოვროს ისე, როგორც თავად სურს და (მისი ცხოვრების წესი) დაცული უნდა იყოს საჯაროობისაგან. სახელმწიფოს ეკისრება არა მხოლოდ ნეგატიური ვალდებულება - თავად არ გაამჟღავნოს პირად და საოჯახო ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, არამედ პოზიტიურიც - „არ დაუშვას მესამე პირთა მიერ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების გახმაურება მისი თანხმობის გარეშე, რათა არ მოხდეს კონვენციის მე-8 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შელახვა“. მოსარჩლის შვილის ავადმყოფობის შესახებ მოპასუხის მიერ გავრცელებული ცნობები წარმოადგენს ვალერი ასათიანის პირადი საოჯახო ცხოვრების საიდუმლოს, ვინაიდან ის არ ეხება პიროვნების საზოგადოებრივ ცხოვრებას და გამიზნულია პირთა განსაზღვრული წრისთვის. პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი ცნობები შესაძლოა, სინამდვილეს შეესაბამებოდეს, მაგრამ პიროვნება დაინტერესებულია, დაიცვას ისინი გახმაურებისაგან. აქედან გამომდინარე, კოლეგიამ დაასკვნა, რომ ხსენებული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებით გოგიჩაიშვილმა უმძიმესი ტრავმა მიაყენა ასათიანის ოჯახს და პირადად ნ. ასათიანს, რომლისთვისაც ადრე არაფერი იყო ცნობილი მისი „სასიკვდილო დიაგნოზის“ შესახებ. გადაწყვეტილების საფუძვლად კოლეგიამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-17, 24-ე მუხლები, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-10 მუხლი, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ საქართველოს კანონი, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლი, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი. მორალური ზიანის კომპენსაციის განსაზღვრისას, სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 413-ე მუხლით და გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებად ჩათვალა 50 ათასი ლარი. გოგიჩაიშვილის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით კოლეგიამ მიუთითა, რომ ასათიანის პოლემიკაში ჩაბმა გამოიწვია სატელევიზიო გადაცემამ, რომლითაც გავრცელდა სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობები. გოგიჩაიშვილი ვალდებულია, ითმინოს ასეთი გამონათქვამები, რომლებიც მართალია, შეურაცხმყოფელია, მაგრამ ისინი ისე უხეშად არ ხელყოფენ ჟურნალისტის რეპუტაციას, როგორც მან შელახა ასათიანის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ირაკლი კერესელიძის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით კოლეგიამ ანალოგიურად მიუთითა, რომ ასათიანის განცხადებები გაკეთდა სადავო გადაცემის სატელევიზიო ეთერში გასვლის შემდეგ, რამაც გამოიწვია ასათიანის პოლემიკაში ჩაბმა. კასაცია: საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს როგორც მოსარჩლემ, ასევე მოპასუხეებმა. გადაწყვეტილება: უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ (მოსამართლეები - მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი) ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთვი 2“-ის, აკაკი გოგიჩაიშვილის და ვალერი ასათიანის საკასაციო საჩივრები და არ დააკმაყოფილა ირაკლი კერესელიძის საკასაციო საჩივარი. თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან უზენაესმა სასამართლომ ამორიცხა შემდეგი გამონათქვამები: „ცოტა მოგვიანებით ამაში თქვენ თავადაც დარწმუნდებით“ და „კულტურის ყოფილი მინისტრის პრესაში გაკეთებული დაგვიანებული აღსარება ჩვენთვის ნაკლებად დამაჯერებელია.“ პალატამ გააუქმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილიც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვალერი ასათიანის მოთხოვნა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე და მოპასუხეებს დააკისრა სოლიდარულად 2 ათასი ლარის გადახდა. საოლქოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა. მოტივაცია: პალატამ არ გაიზიარა კერესელიძის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული დავა სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე არ იყო, რადგან პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას წარმოადგენს. საკასაციო პალატამ არც „რუსთვი 2“-ისა და აკაკი გოგიჩაიშვილის მოსაზრება გაიზიარა, თითქოს საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლები. პალატამ მიუთითა, როგორც საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებზე, ასევე ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპის კონვენციაზე, რომლებითაც დადგენილია როგორც ინფორმაციის გამოხატვისა და გავრცელების, ისე პირთა პატივისა და ღირსების დაცვის გარანტიები. ინფორმაციის გამოხატვისა და გავრცელების თავისუფლება არ არის აბსოლუტური, რის გამოც სახელმწიფო (კანონი) აწესებს შეზღუდვებს (სანქციებს), რაც ყველას რეპუტაციის დაცვის საშუალებას იძლევა. მიუხედავად კასატორთა მტკიცებისა, პალატა თვლის, რომ გავრცელებული ცნობები აშკარად ლახავს ვ. ასათიანის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას, რადგან შეიცავს მტკიცებას მოსარჩლის მიერ კანონისა და მორალის ნორმების დარღვევის, ასევე უღირსი საქციელის შესახებ. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილად, რეალურად მომხდარი ან არსებული გარემოებები და საგნები. „აზრის“ ცნებაში კი იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან და რომლის მართებულობა და მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. აზრი ხშირად ეყრდნობა ფაქტებს, ფაქტები კი აზრის საფუძველია, რაც ადასტურებს ან უარყოფს მას. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს საკანონმდებლო აქტების თანახმად, სხვათა ინტერესების დასაცავად სწორედ მოსაზრებების გამოხატვისა და გავრცელების შეზღუდვაა შესაძლებელი. თუ მოსაზრება შეიცავს მტკიცებას პირის მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ, ეს შეიძლება გახდეს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობის საგანი. გავრცელებული ინფორმაციიდან ცალკეული გამონათქვამების გამოყოფა და ამ გამონათქვამების უარყოფა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ცალკეული გამონათქვამი შეიცავს პატივისა და ღირსების შემლახველ ცნობას. ასეთად პალატამ მიიჩნია შემდეგი გამონათქვამები: „ცოტა მოგვიანებით ამაში თქვენ თავადაც დარწმუნდებით“ და „კულტურის ყოფილი მინისტრის პრესაში გაკეთებული დაგვიანებული აღსარება ჩვენთვის ნაკლებად დამაჯერებელია.“ დანარჩენ ნაწილში უზენაესმა ინსტანციამ გაიზიარა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება. პალატის აზრით, მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენდა დიდ საზოგადოებრივ ინტერესს მისი სარგებლიანობის თვალსაზრისით. პალატამ დადგენილად მიიჩნია ის, რომ კერესელიძის ვერსიის შემოწმების მიზნით, ჟურნალისტთა ჯგუფმა კანონის უხეში დარღვევით მოახდინა გარდაცვლილის თავის ქალის ექსჰუმაცია და ექსპერტიზის ჩატარება, დაკითხეს მოწმეები, რის შემდეგაც დადგინდა, რომ კერესელიძის ვერსია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. მიუხედავად ამისა, გოგიჩაიშვილმა მიზანმიმართულად, ფაქტების დამახინჯებით გაავრცელა სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობები ასათიანის შესახებ. პალატამ არ გაიზიარა ვალერი ასათიანის მოთხოვნა მორალური ზიანის კომპენსაციის გაზრდის ნაწილში და განმარტა, რომ მართალია, მოსარჩლის პიროვნული უფლებების ხელყოფა მეტად სერიოზულია, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსარჩლის მოთხოვნა უზომოდ გაზრდილია და მოწყვეტილია რეალობას. 10 მილიონი დოლარის დაკისრებამ შესაძლოა, გააკოტროს მოპასუხე, რაც გამოიწვევს პრესის შეზღუდვას და არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში
No comments:
Post a Comment