გრიგოლ ვაშაძემ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა და განაცხადა, რომ „საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს“. ის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.
მას თბილისში BBC-ის რუსული ბიუროს ჟურნალისტი ოლგა ივშინა გაესაუბრა. ვაშაძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზურაბიშვილი „არაფერს წარმოადგენს“ და ხალხს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებს.
„რევოლუცია და თავისუფალი შეკრება - განსხვავებული ცნებებია. მოქალაქეებს აქვთ უფლება შეიკრიბონ ერთად და გამოხატონ თავიანთი აზრი. ჩვენ ცივილიზებული დასავლური პოლიტიკური პროცესის ნაწილი ვართ. ვიქცევით თუ არა პასუხისმგებლობით ყოველთვის? დიახ“, - განუცხადა ვაშაძემ BBC-ს.
„მე მხარი თითქმის 800 ათასმა ადამიანმა დამიჭირა. მათთვის ღირს ბრძოლაც და სიკვდილიც. დამიჯერეთ, არსად გავქრები. საკმაოდ პასუხისმგებლიანი ვარ რომ მივხვდე, როდესაც რუსული ტანკები თბილისიდან 40 კილომეტრშია, სიტუაციის ნებისმიერი ძალადობრივი განვითარება, ჩემს ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის“, - ჰყვება პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი.
კითხვაზე რატომ მიაჩნია ვაშაძეს, რომ ზურაბიშვილის „არავინაა“ ის აცხადებს, რომ მისი კანდიდატურა არაფერს წარმოადგენდა. „კანდიდატი იყო ბიძინა ივანიშვილი. ზურაბიშვილი არავინაა. რაიმე გაგიგიათ ჩვენი ე.წ. კანდიდატისგან? ან რაიმე სოციალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური პრობლემების განხილვა? რამდენი პრობლემა გვაქვს, და მოგვცეს ქალი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ქვეყანაში რა ხდება“, - აცხადებს ვაშაძე.
„ყველაფერი, რაც პროფესიაში ვიცი, საბჭოთა დიპლომატიის სკოლიდან მივიღე, რისი დამსახურებითაც შევძელი, წინ აღვდგომოდი რუსულ აგრესიას. ეს ფანტასტიკური სკოლა იყო. დასავლელი დიპლომატებიც პატივს სცემდნენ. ეს იყო დიპლომატიის სხვაგვარი დონე, ფართო ენციკლოპედიური ცოდნით“, - ამბობს ვაშაძე BBC-სთან ინტერვიუში.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც საბჭოთა დიპლომატია, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნამდვილად არ არის ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს.
28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ, 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment