პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუწყვეტენ. საკითხის მომზადება საკანონმდებლო ორგანომ გუშინ დაიწყო და დღეს ყველა პროცედურა დასრულდება. აპრილის ბოლოს კი მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს.
„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ ოლქში მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი აუცილებლად ეყოლება, თუმცა ვინ იქნება ეს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
"უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა გუშინვე დაიწყო, უბრალოდ დღეს ამ საკითხს უკვე კენჭი ეყრება. ეს არის პროცედურული დეტალი და ამის შემდგომ ბუნებრივია, შუალედური არჩევნების თემა წამოიწევს. სავარაუდოდ აპრილის ბოლოს მთაწმინდის ოლქში იქნება ჩასატარებელი შუალედური არჩევნები. ჩვენ აუცილებლად გვეყოლება ჩვენი კანდიდატი და რა თქმა უნდა ვიმსჯელებთ ამ მანდატის მოსაპოვებლად, თუმცა კანდიდატზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა, ვინაიდან რამდენიმე თვე კიდევ არის შუალედურ არჩევნებამდე", - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.
პარლამენტს სალომე ზურაბიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მისმა საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ 18 დეკემბერს მიმართა.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ მას მაშინაც დაუჭირა მხარი და ამ ოლქში საკუთარი კანდიდატი არ დააყენა.
მმართველი გუნდი უჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. მან 28 ნოემბერს მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თითქმის 20%-იანი სხვაობით დაამარცხა, 16 დეკემბერს პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ კი პრეზიდენტის უფლებამოსილებას 6 წლის ვადით შეუდგა.
ის პირველი ქალი პრეზიდენტია რეგიონში და ბოლო არჩეული პრეზიდენტი - საქართველოში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment