თბილისში 22 იანვარს გარდაცვლილი 4 წლის გოგონას საქმეში ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს ბრალს დღეს წაუყენებენ. ქალს გამოძიება ჯერჯერობით, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავება, თუმცა დედას შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გარდაცვლილის მამინაცვალი დედის მხრიდან ბავშვზე ძალადობას კატეგორიულად უარყოფს და სიკვდილის მიზეზად გაციებას ასახელებს. მეზობლები კი მშობლების მხრიდან ბავშვზე სისტემატიურ ძალადობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პოლიციამ ამასთან დაკავშირებით დედას შემაკავებელი ორდერიც კი გამოუწერა. ამასთან, ოჯახის ვერსიას თავდაყირა აყენებს თვითმხილველი, რომელმაც ნაცემი ბავშვი იაშვილის კლინიკაში თავად იხილა და დეტალებზე AMBEBI.GE-ს ესაუბრა.
რას ამბობს ოჯახი 4 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ?
სანზონაში მცხოვრები 4 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ მედიაში ინფორმაცია 22 იანვარს, საღამოს გავრცელდა. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული დახვდათ. გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან გასაუბრების შედეგად, საქმის ასეთი ვერსია გამოიკვეთა:
4 წლის ბავშვის მამინაცვლის დედა, ბაბულია ძავაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მცირეწლოვან ნინო ზ-ს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა - გოგონას აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და ხველება. ქალმა კატეგორიულად გამორიცხა ინფორმაცია, რომ ბავშვი დედამ სცემა.
"გუშინ ჩემს რძალს ბავშვმა ხმა არ გასცა. შემდეგ მე დავუძახე და არც მე მიპასუხა. სასწრაფოში დავრეკეთ. არანაირი ძალადობა არ ყოფილა. ბავშვს დაბანა არ უყვარდა და ტიროდა ხოლმე. მეზობლებს ამიტომ ეგონათ, რომ დედა სცემდა", - განაცხადა გარდაცვლილის ბებიამ.
გარდაცვლილი გოგონას მამინაცვალი არკადი ძავრიშვილი აცხადებს, რომ მცირეწლოვანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბავშვზე ძალადობა არასდროს მომხდარა. გარდაცვლილის მამინაცვალი მისი ოჯახის მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში მეზობლებს, კერძოდ კი, მისი სახლის გვერდით მდებარე სტამბას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ სტამბას მისი საცხოვრებელი ფართის მითვისება უნდათ, ბავშვზე ძალადობა კი სწორედ აქედან გამომდინარე მოიგონეს.
"სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ. ბავშვს სუნთქვა უჭირდა, ასევე პრობლემები ჰქონდა ნაწლავებზე. ვმკურნალობდით კიდეც. ძალადობას იგონებენ მეზობლები. შემაკავებელი ორდერიც მათ გამო ჰქონდა ჩემს მეუღლეს. მათ თქვეს, რომ ბავშვს სცემდაო. ასეთი რამ არ ხდებოდა“, - განაცხადა არკადი ძავრიშვილმა.
გარდაცვლილი გოგონას ოჯახის მეზობლების ვერსია
ძავრიშვილების მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. მათივე განცხადებით, გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მეზობლების განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, საქმის კურსში იყო უბნის ინსპექტორიც, თუმცა 4 წლის გოგონა ორ დედ-მამიშვილთან ერთად მაინც დედასთან და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობდა.
მეზობლად მდებარე სტამბის დირექტორი ირაკლი დოლიძე, რომელსაც არკადი ძავრიშვილი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, ყვება რომ, ხშირად მოუსმენია მეზობლებისგან ყვირილის და ძალადობის ხმა.
"ნაცემი ბავშვები ხშირად მინახავს, თუმცა უშუალოდ ცემის ფაქტი არა. როდესაც იყო ყვირილი და ჩხუბი, არაერთხელ გამოგვიძახებია სოციალური აგენტები და პატრული. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ჩვენ გვაქვს მაგ ფართის ინტერესი, არ შეესაბამება სიმართლეს. მათ დავა არა ჩემთან, არამედ მერიასთან აქვთ. უკანონოდ იყვნენ დასახლებული, შესაბამისად მერია და ზედამხედველობის სამსახური მათ გასახლებას ცდილობს. მაგათ კი გონიათ, რომ ეს ჩვენი ინტერესია" - განაცხადა დოლიძემ.
რას ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც ნაცემი ბავშვი იაშვილის კლინიკაში ნახა
ის, რომ ბავშვზე სავარაუდოდ, სისტემატიურად ძალადობდნენ, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომაც დაადასტურა, რომელზეც 4 წლის გოგონას ცემის კვალი აღენიშნება. ერთ-ერთი თვითმხილველი AMBEBI.GE-ს უყვება, რომ 6 იანვარს იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით იხილა სასტიკად ნაცემი პატარა გოგონა, რომელიც საავადმყოფოში ექიმებმა შეიყვანეს.
ბლოგერი ნინა ილურიძე ამბობს, რომ ბავშვს მთელი სახე დალურჯებული და გაწითლებული ჰქონდა და ეს არ იყო მხოლოდ ერთი დღის ცემის შედეგი.
"სოციალურ ქსელში ვნახე ამ ბავშვის ფოტო და ვიცანი, თუმცა იქამდეც მივხდი, რომ მასზე იყო საუბარი. დაახლოებით ორი კვირის წინ, ჩემი ძმისშვილი მივიყვანეთ იაშვილის კლინიკაში და ზუსტად მაშინ ვნახე, რომ შემოიყვანეს დაახლოებით 4 წლის გოგონა. იყო საშინელ მგომარეობაში. იქ ვინც იყო და ნახა, ყველა შოკში ჩავარდა. ამას ნაცემიც აღარ ერქვა, ეს იყო წამება. თან მარტო იმ დღის დაზიანებები არ ეტყობოდა... მთელი სახე ჰქონდა საშინელ მდგომარეობაში, ზოგი იყო ლურჯი, ზოგან წითელი ფერის დაზიანება. გრძელმკლავიანი ეცვა, ამიტომ არ ვიცი სხეულის დანარჩენი ნაწილი რა მდგომარეობაში ჰქონდა. გაბურძგნული თმა და სახე ნამდვილად ვნახე. ეტყობოდა, რომ გაჭირვებული ოჯახიდან იყო და სხვისი ნაცვამი ტანსაცმელი ეცვა... რით სცემდნენ ვერ მივხდი, ჩარტყმები ეტყობოდა. მთელი სახე ჰქონდა გაუბედურებული და გარწმუნებთ, ეს არ იყო ერთი დღის გაკეთებული!
ბავშვი სასწრაფომ მოიყვანა, ხელში აყვანილი გადმოიყვანეს ექიმებმა. კლინიკის დაცვის ბიჭს ვკითხეთ, რატომ არავინ ახლდა ბავშვს და მან გვითხრა, დედამ სცემა და დედამისი პატრულმა დააკავაო. გოგონა მიმღებში ეჯდათ ექიმებს და პატრონობდნენ. ბავშვი გაოგნებული, მობუზული იჯდა, შოკირებული იყო. აღარაფერი რომ არ ადარდებს, ისე გამოიყურებოდა... მე მგონი გათიშულიც კი იყო ამ ყველაფრისგან. ამ ბავშვის უკან, სახლში მიბრუნება როგორ შეიძლებოდა?!" - გვითხრა ნინა ილურიძემ, რომელმაც ნაცემი გოგონა იაშვილის კლინიკაში ნახა.
ოფიციალური უწყების ბუნდოვანი განცხადებები
4 წლის ბავშვის დედა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინვე დააკავა. უწყებაში განმარტეს, რომ 6 იანვარს ლელა ქსოვრელს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, თუმცა როგორც გახარიას უწყებაში აცხადებენ, ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია არცერთმა დაკითხულმა პირმა არ მიაწოდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ მიმდინარე წლის 22 იანვარს, თბილისში 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს. ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა და ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე, ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს.
საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით.
ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად მის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი. მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა" - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით, დღეს პირველად გააკეთა კომენტარი სოციალური მომსახურების სააგენტომ. მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის განცხადებით, 4 წლის გოგონა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა და დედა ბავშვს თვეში რამდენჯერმე ნახულობდა. მისივე ინფორმაციით, სამ წელიწადნახევარი ხდებოდა ბავშვის განვითარებაზე მეთვალყურეობა, ასევე ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობაზე დაკვირვება.
"კონკრეტული ბავშვის შემთხვევა ცნობილი იყო პრაქტიკულად ბავშვის დაბადებიდან, რადგან დედამ მიმართა სოციალურ სამსახურს და ითხოვა ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსება, ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გამო. შესაბამისი რეაგირება მოხდა და ბავშვი მინდობით აღზრდაში იქნა გადაყვანილი (ეს ალტერნატიული ზრუნვის ფორმაა, სადაც მსგავსი და სხვა შემთხვევების დროს ხდება ბავშვების განცალკევება ოჯახიდან). ქვეყნისა და ჩვენთვის პრიორიტეტია ბიოლოგიური ოჯახი, თუ რამე სხვა არაა უკეთესი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესისთვის.
სამწელიწადნახევრის განმავლობაში დედა სისტემატურად, თვეში რამდენჯერმე სტუმრობდა, ჩართული იყო ბავშვის განვითარებაში... ამდენი წლის განმავლობაში არასდროს, სოციალური სამსახური არ აფიქსირებდა ამ ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნებს ამ ბავშვისა და არც სხვა ბავშვების მიმართ" - აღნიშნა მარი წერეთელმა.
მისივე თქმით, ძალადობაზე შეტყობინება 6 იანვრამდე არ იყო შესული და არც მაშინ იკვეთებოდა ძალადობის შემთხვევები, როცა ბავშვი დედას გაჰყავდა, ხოლო მისი ოჯახიდან განცალკევება მხოლოდ ეკონომიკური მიზეზების გამო მოხდა.
"მოცემულ შემთხვევაში ბავშვის განცალკევება იყო მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობის გამო და არა საფუძვლიანი ან უბრალოდ ეჭვის გამო ოჯახში ძალადობაზე. ასე რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ინტეგრაცია ბევრად გვიან და არც მოხდებოდა. 3 წლის განმავლობაში არც ერთხელ ყოფილა ამის ნიშანი. დედას 1-3 დღით გაჰყავდა ხოლმე, ნებისმიერი ძალადობის ნიშანი იქნებოდა ამ დროს თვალსაჩინო, რაც არ ჩანდა. ოჯახი თანამშრომლობდა სოციალურ სამსახურთან, ჰქონდათ წინსვლა, ხოლო სოციალურად დაუცველობა არ ნიშნავს, რომ ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვები უნდა გავიყვანოთ. დანარჩენი ბავშვებიც ამ ოჯახში ცხოვრობდნენ, მათი ჰიგიენური ნორმები დაცული იყო, ხოლო მინიმუმ საცხოვრებელ გარემოს რას ვეძახით, ეს სადავოა.
ოჯახისგან იყო გაუჯობესება, მამაკაცი იყო დასაქმებული, შესაბამისად, ეს იყო საფუძვლები მისი ინტეგრაციისთვის, ასევე, ჭეშმარიტი ინტერესიც, რომ ბავშვს ჰქონდა დიდი მიჯაჭვულობა ძალიან დედ-მამიშვილებთან, ასევე დედასაც ჰქონდა მიჯაჭვულობა ბავშვის მიმართ და რა თქმა უნდა, უმჯობესი იყო, ის გაზრდილიყო დედასთან" - განაცხადა წერეთელმა.
4 წლის გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ქსოვრელის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს, სავარაუდოდ, საღამოს წარუდგენენ.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment