2018 წელს განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, საქართველოს სულ 11 სამინისტრო აქვს. შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობაც 11 მინისტრისა და პრემიერ-მინისტრისგან შედგება.
„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა.
მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. ასევე ფლობს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. ბახტაძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. 2010 წელს მას INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში MBA-ის კვალიფიკაცია მიენიჭა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტმა გიორგი გახარიამ 1992-1994 წლებში თსუ-ში ისტორიის ფაკულტეტი დამთავრა. 1994-2000 წლებში რუსეთში, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2002-2004 წლებში კი იმავე უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის მაგისტრიც გახდა.
ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პროფესიით ეკონომისტია. კერძოდ, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი. ამასთან, სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში - საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც სწავლა თბილისში, კავკასიის ბიზნეს სკოლაში განაგრძო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ხოლო 2001 წელს აშშ-ში, ემორის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.
საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს - საერთაშორისო სამართლის სპეციალობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული 1992 წელს.
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა - 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კვალიფიკაციით წარმოების ეკონომიკა და მართვა. 1997 წელს გაიარა „საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების" სპეციალური ინტენსიური კურსი. 2009 წელს წარმატებით დაასრულა სასწავლო პროგრამა ფინანსების სხვსდასხვა სფეროში, ამასთან, გავლილი აქვს ტელეკომუნიკაციებთან დაკავშირებული არაერთი ტრენინგი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა - 1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 1987 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა. 1991 წელს კი მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ინტენსიური თერაპიის მიმართულებით ისწავლა. მინიჭებული აქვს ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგის სახელმწიფო სერტიფიკატი, კრიტიკული მედიცინის დარგში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი - 1995-1999 წლებში თსუ-ში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. 1999 - 2001 წლებში იმავე უნივერსიტეტში საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2002 - 2003 წლებში კი MIP მილანში ბიზნესის მართვის მაგისტრი ხარისხი აქვს მიღებული.
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 1991-1996 წლებში თსუ-ს იურიდული ფაკულტეტი დაამთავრა. 1998- 1999 გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა დაამთავრა. ამასთან, 1999-2002 გერმანიის ქალაქ გოტინგენის გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურა მიიღო.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - 1992-1997 წლებში სწავლობდა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. პარალელურად, სწავლობდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში. 2000 წელს თეა წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA). 2005 წელს მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 1995-1999 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 1999-2000წწ. - ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (უნგრეთი) მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხი. ამასთან, გავლილი აქვს ლიმერიკის უნივერსიტეტში (ირლანდია) საზაფხულო კურსი ევროპული ინტეგრაციის საკითხებში. 2006 წლიდან კი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.
bpn.ge
No comments:
Post a Comment