მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ნატოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.
დავით ზალკალიანმა მთავარი აქცენტი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და რეგიონში ნატოს როლის გაძლიერებაზე გააკეთა. მისი თქმით, შავი ზღვის აუზში ნატოს გაძლიერება რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, შავ ზღვაზე ძლიერი და სანდო პარტნიორების არსებობა ალიანსისთვისაც თანაბრად მნიშვნელოვანია. მინისტრის თქმით, „შავი ზღვა მშვიდობისა და მდგრადი განვითარების რეგიონად უნდა იქცეს, სადაც ქვეყნები თავიანთ ერთიან ძალისხმევას სტაბილურობის განმტკიცებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართავენ“.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
“უსაფრთხო შავი ზღვის გარეშე, შეუძლებელია არსებობდეს უსაფრთხო ევროპა. ამიტომ, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ ნატოს განსაკუთრებით აშფოთებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, კრიზისი, რომელიც მან შექმნა აღმოსავლეთ უკრაინაში და აზოვის ზღვაში. ყოველივე ეს აშკარას ხდის რუსეთის სტრატეგიას: გამოიყენოს ძალა თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რეგიონის სხვა სუვერენული სახელმწიფოების ხარჯზე.
აშკარაა, რომ რუსეთის მიზანია დააშინოს რეგიონში დასავლეთის მოკავშირე ქვეყნები და შექმნას ახალი გამყოფი ხაზები და ე.წ. გავლენის სფეროები ევროპაში”- განაცხადა ზალკალინმა
“ყირიმამდე და აღმოსავლეთ უკრაინამდე, სქემას საფუძველი საქართველოში ჩაეყარა. საქართველო ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყსიდან უმკლავდება ჩრდილოელი მეზობლის მიერ წარმოებულ სრულმასშტაბიან ჰიბრიდულ ომს. მაშინვე ცხადი იყო, რომ რუსეთი არ აპირებდა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგთან შეგუებას და რეგიონში დაკარგული დომინანტური პოზიციის დაბრუნებისთვის ემზადებოდა. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე გამოუცხადებელი ომი 2008 წელს ორ ქართულ რეგიონზე პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმითა და ამ რეგიონების ოკუპაციით გაგრძელდა.
რუსეთი განაგრძობს აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაციას, ექსპანსიასა და მილიტარიზაციას, და მან უკვე გადადგა ნაბიჯები საქართველოს სუვერენული რეგიონების ანექსიის მიმართულებით”- განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით ნატომ დროულად უნდა შეიმუშავოს უფრო ყოვლისმომცველი და მიზანმიმართული სტრატეგია.
დავით ზალკალიანთან ერთად მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცაზე საქართველსო პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც იმყოფება
imedinews.ge
No comments:
Post a Comment