რუსეთში ტერორიზმის საფრთხე წლებია არ ნელდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში შიშს იწვევს. რუსული მედიის ცნობით, "იატაკქვეშეთში გადასული" ტერორისტული ორგანიზაცია საკმაოდ სახიფათო მასშტაბებს იძენს. გუშინ ФСБ-ს თანამშრომლებმა ასტრახანის ოლქში ქალი დააკავეს, რომელიც ადგილობრივებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში აწევრიანებდა. უწყების ცნობით, დაკავებულს თანამზრახველები ჰყავს, რომლებისგანაც ინსტრუქციებს იღებდა. ამის შესახებ gazeta.ru იუწყება. ისინი გარკვეული ოდენობის თანხებს ტელეგრამის დახურული ჩათის მეშვეობით ანაწილებდნენ. საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები იქიდან მართავდნენ როგორც ასტრახანის, ასევე მოსკოვის, ტომსკისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფინანსურ სუბიექტებს, საიდანაც ISIS-ის წევრების ტერორისტული საქმიანობა იმართებოდა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
"როგორც ირკვევა, დაკავებული ქალი სირიაშიც აპირებდა ჩასვლას. ეჭვმიტანილს გარკვეული სამოქმედო გეგმა ქონდა, შესაბამისად, მასთან თანამზრახველების გამოსავლენად მუშაობა მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე მათგანმა ქალაქი უკვე დატოვა", – წერს გამოცემა.
kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ასევე 15 თებერვალს, მახაჩყალაში, ომაროვის ქუჩაზე მდებარე სალაფიტურ მეჩეთში "პროფილაქტიკური რეიდის" ფარგლებში ორი ადამიანი დააკავეს. ადგილობრივების თქმით, ყოველ პარასკევს, როდესაც მლოცველი მამაკაცები მეჩეთიდან გამოდიან, რამდენიმე მათგანს აუცილებლად აჩერებენ სამართალდამცველები და საბუთებს უმოწმებენ, რაც მათთვის მიუღებელია.
"ტერორისტებით სავსეა მოსკოვი და სხვა ცენტრალური ქალაქები. მათზე მუშაობის ნაცვლად, მახაჩყალას მოსახლეობას ყველნაირად ავიწროებენ. ლოცვასაც კი არ გვაცდიან... ზოგჯერ პირდაპირ ლოცვის დროს შემოდიან და იქვე გვჩხრეკენ და გვამოწმებენ. ეს კი მუსლიმი კაცის დამცირება და შეურაცხყოფაა, რადგან როდესაც ალაჰს ვესაუბრებით, ჩვენს გარშემო სამყარო ჩერდება. ტერორისტებსაც კი აცლიან ლოცვას. რატომ უნდათ ხალხი ძალით გააღიზიანონ?! მერე საშიშები ხართო, გვეუბნებიან. რატომ მიძვრები უბეში, როცა ვლოცულობ?!." – ამბობს აბდულა, რომლის თქმითაც, ის მეჩეთიდან გამოსვლისთანავე რამდენიმე მეგობართან ერთად დააკავეს და სახლში მხოლოდ ხანგრძლივი დაკითხვის შემდეგ გაუშვეს.
ადგილობრივი ჟურნალისტის იდრის იუსუპოვის თქმით, ასეთი რეიდები დაღესტანში რეგულარულად ხორციელდება. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის შსს-ს წარმომადგენელთა განცხადებით, ეს რეგიონი ფეთქებადსაშიშთა სიაშია, განსაკუთრებით ISIS–ის დასუსტების შემდეგ.
თუმცა, რამდენიმე დღის წინ, РИА Новости-სთვის მიცემულ ინტერვიუში, გაეროს კონტრტერორისტული მიმართულების ხელმძღვანელმა ვლადიმირ ვორონკოვმა განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" სარეზერვო თანხები 50-დან 300 მილიონ დოლარამდეა, რაც "სიმშვიდის საფუძველს" სულაც არ იძლევა.
რუსული მედიის ცნობით, ძალიან დიდი ალბათობით თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჩრდილოეთ კავკასიისკენ იქნება მიმართული, სადაც სამოქალაქო განათლება დაბალია, ხოლო უმუშევრობა კატასტროფულად მაღალი. ეს კი ტერორიზმის "განვითარების" ერთ-ერთი წინაპირობაა.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომები დაღესტანში სალაფიტური დიასპორის რადიკალიზაციის კატალიზატორია. მათივე თქმით, ყოველ პარასკევს ათეულობით პოლიციელი ადგილობრივ მოსახლეობას უკიდურესი სისასტიკით ეპყრობა. მცირედი ეჭვის საფუძველზეც კი შეუძლიათ ადგილობრივებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სწორედ ასეთი დამოკიდებულება განაპირობებს იმას, რომ ამდენი პოტენციური ტერორისტია, რადგან მათ ადგილობრივი ხელისუფლება პირდაპირ ამისკენ უბიძგებს.
"დაღესტნის სხვადასხვა ქალაქში, ყოველ კვირა ლამის ათეულობით ადამიანს აკავებენ ტერორიზმის ბრალდებით, მათ შორის ახალგაზრდა გოგონებსა და ბიჭებს, რომელთა დიდი ნაწილი საერთოდ ისე ქრება, რომ მათი მოკითხვის უფლებაც არ აქვთ. სამაგიეროდ, "არენაზე ჩნდებიან" მათი გაბრაზებული ოჯახის წევრები და ნათესავები..." – წერენ ადგილობრივი უფლებადამცველები.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment