მამუკა ხაზარაძის "თიბისი ბანკიდან" წასვლამ (გადადგა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან, თუმცა აქციონერად რჩება) შესაძლოა, ერთი შეხედვით, დატოვოს შთაბეჭდილება, რომ ბიზნესმენი „გააჩერეს“. თუმცა, ვფიქრობ, ასე არ არის - აი, ანაკლიის კონსორციუმი რომ დაეტოვებინა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ბანკირმა უკან დაიხია და მიიღო ის წინადადება, რასაც მესიჯების სახით პროკურატურა და ეროვნული ბანკი პერმანენტულად უგზავნიდნენ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
თუმცა, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. ბიზნესმენის 21 თებერვლის ფეისბუქ-პოსტში დაკვირვებული თვალი ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს - ვის მიიჩნევს თავად ხაზარაძე მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შემსრულებლად, ვის დამკვეთად და რა მიზანი აქვს ამ კამპანიას.
დავიწყოთ შემსრულებლით. ხაზარაძე წერს: „ბანკი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან (ეროვნული ბანკი - ავტ.), მითუმეტეს, თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში“.
ბიზნესმენის განცხადების ერთ-ერთი ყველაზე მრავლისმეტყველი ეპიზოდია შემდეგი:
სამწუხაროდ, არც ერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით... მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინე მათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში. მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა“.
თიბისი ბანკის“ რეზონანსული საქმიდან გამომდინარე, ორი თვის განმავლობაში რატომ ვერ „მოიცალეს“ პრემიერმა ან მინისტრებმა რომ თუნდაც ჟურნალისტების დასანახად შეხვედროდნენ ხაზარაძეს?! იმიტომ ხომ არა, რომ პრემიერს და მინისტრებს „ვიღაც“ გაუბრაზდებოდათ?!
რაც შეეხება ხაზარაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მთავარ მიზანს. ბიზნესმენი წერს: “მე მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“.
თუ კამპანიის მიზანი ანაკლიის პორტიდან ხაზარაძის გაძევებაა, მას ნამდვილად არ „დააცლიან“. ბიზნესმენის ტაქტიკა გასაგებია - ჩამოშორდა ბანკს, რათა „თიბისისთვის“ სამომავლო დარტყმები აეცილებინა, მაგრამ არ თქვა უარი ანაკლიაზე. შევეცდებით, გავაკეთოთ პროგნოზი, თუ რა ტაქტიკით იმოქმედებს მომავალში პროკურატურა. სავარაუდოდ, ის კვლავ გააგრძელებს „ჩხვლეტებს“ (შავი პიარის მანქანა კი ახალი ძალით დაიქოქება) ხაზარაძის მისამართით, რათა ამჯერად მას ანაკლიის კონსორციუმის უცხოელ აქციონერებთან შეუქმნან უხერხულობა და აიძულონ, პროექტი დატოვოს. თუ ბიზნესმენი გაჯიუტდა, დაიწყებენ მის დაკითხვა-გამოკითხვებზე ტარებას და თუ „ზემოდან“ მითითება მოვიდა, შესაძლოა, დააკავონ კიდეც. თუ ხაზარაძე დარჩა პასიური თავდაცვის იმედად, დიდი ალბათობით, საბოლოო ჯამში, წააგებს.
ასეთ ვითარებაში, სავარაუდოდ, ბიზნესმენის ეფექტიანი კონტრნაბიჯი იქნება ის, რასაც კულუარებში ბოლო დროს უფრო ინტენსიურად საუბრობენ - მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა.
ბიზნესმენს დიდი ფინანსური რესურსი აქვს პოლიტიკური აქტიურობისთვის. თუმცა, მისი მთავარი პოლიტიკური კოზირი შესაძლოა, სწორედ ანაკლიის პორტი გახდეს - თუ პირდაპირ იტყვის, რომ ხელს უშლიან ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის განხორციელებაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ანაკლიის პროექტს აშშ-სთვის და დასავლეთის სხვა ქვეყნებისთვის - ასე რომ, შესაძლოა, პოლიტიკაში მოსულ ბანკირს დასავლეთიდანაც ჰქონდეს მხარდაჭერა.
სწორი მესიჯებით ხაზარაძეს შეუძლია თავის ელექტორატად აქციოს ამომრჩევლის ის ნაწილი, რომლისთვისაც „ოცნებაც“ მიუღებელია და „ნაცმოძრაობაც“. 2020 წლის შემოდგომამდე საკმარისი დროა პარტიის შექმნისთვისაც, გუნდის შემოკრებისთვისაც და პოლიტიკურ არენაზე დამკვიდრებისთვისაც.
თუმცა... თუ ხაზარაძემ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, ეს საგანგაშო სიგნალი იქნება „ოცნებისთვის“ და სავარაუდოდ, სრულიად ახალი ძალით ჩაირთვება პროპაგანდისტული მანქანა. ვიხილავთ დაუსრულებელ „სერიალებს“ - როგორ ატყავებდა ხაზარაძის ბანკი მოქალაქეებს, ქოქოლაძის საქმეს, ბიზნესმენის კავშირებს სააკაშვილის ხელისუფლებასთან და ა.შ.
ვნახოთ, ალბათ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება, არის თუ არა ამ ყველაფრისთვის მზად ხაზარაძე...
ავტორი: გიორგი კვიტაშვილი
ambebi.ge
No comments:
Post a Comment