Pages

Sunday, March 31, 2019

ქართული მითოლოგია - აგუნა

აგუნა ქართული მითოლოგიის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი უძველესი ღმერთი იყო. საქართველოში, როგორც ღვინის სამშობლოში მას განსაკუთრებული პატივი მიეგებოდა, ვინაიდან მევენახეობა-მეღვინეობის მფარველად ითვლებოდა. მის საპატივსაცემოდ რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმართებოდა როგორც საშემოდგომო, ასევე საახალწლო დღესასწაულებზე. მაგალითად იმერეთში, რაჭაში და ქართლში საახალწლოდ აგუნას სახელზე ცხვებოდა ვაზის რქის ან მტევნის ფორმის კვერები. ამ რეგიონებში მას "მტევანას" ეძახდნენ, ხოლო გურიაში "აგუნას პურს"
🙏 საქართველოს საპატრიარქო.
ამის შემდეგ ოჯახის უფროსი ამ პურს მსხვერპლის სახით ვაზთან გადატეხავდა ხოლმე. აგუნას ხალხი ვენახის ნაყოფიერებას შესთხოვდა. მისდამი ლოცვები და რიტუალები უხშირესად მარანში აღევლინებოდა ან ვენახში მაღლარ ვაზთან. მარანი საქართველოში ყურძნისა და ღვინის კულტის წყალობით, რომელსაც მინიმუმ ძვ.წ. 6000 წლიდან ჰქონდა ფესვები, სათაყვანებელი და წმინდა ადგილი გახდა. ხშირად სწორედ მარანში იკვლებოდა შესაწირავი ცხოველი, აქ გადაიხდებოდა ხოლმე ქორწილი, ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ზოგჯერ მარანში იმართებოდა ნათლობის აღსანიშნავი პურ-მარილი და ა.შ.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ასევე გურიაში იყო ტრადიცია, რომ ახალი წლის ღამეს ანთებული თაფლის სანთლებით ჩამოივლიდნენ ხოლმე მარნებს, თავდაყირავებულ საწნახელზე ნაჯახის ყუით აკაკუნებდნენ და დასძახებდნენ: "აგუნა, აგუნა, შემოდი ჩვენსას, გადმოიარე ბახვი და ასკანა, ჩვენს მამულში ყურძენი, სხვის მამულში ფურცელი." ამის შემდეგ კი იმართებოდა ლხინი და იშლებოდა პურ-მარილი.

კლარჯეთში რთველის დროს ვენახში ლხინს მართავდნენ და ამგვარ რიტუალს აღასრულებდნენ: ყმაწვილი ბიჭები შიშვლდებოდნენ, სხეულს აკიდოებით იმკობდნენ, ფერხულში დგებონენ და აგუნას სადიდებლად ცეკვავდნენ. ამ ღვთაებას რაჭასა და ლეჩხუმში ანგურა ეწოდებოდა, სამეგრელოში კი ჯუჯელია. საინტერესოა, რომ იგივე სახელი - "აგუნა" გვხვდება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ყველაზე ცნობილ "ნართების ეპოსში" იმ განსხვავებით, რომ იქ აგუნა არც ღვთაებაა და მით უმეტეს არც მევენახეობის მფარველი, არამედ საღვთო სასმლის ჭურჭლის სახელია.
აგუნას რიტუალის ზოგიერთი ელემენტი პარალელს ჰპოვებს ფრიგიულ, ბერძნულ და რომაულ დიონისეს, იგივე ბახუსის კულტთან, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდში მთელს სამხრეთ ევროპაში, საქართველოს, იტალიის, საბერძნეთის, მცირე აზიის (თურქეთის) და სხვა ტერიტორიებზე... როგორც გიორგი ჩიტაიას "ქართული საბჭოთა ენციკლოპედია" იტყობინება, აგუნას კულტი საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მე-19 საუკუნემდეც კი იყო შემორჩენილი
intermedia.ge

No comments:

Post a Comment