თითქმის სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გონიოში მიმდინარე წვრთნის დროს ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდნენ... კანონმდებლობის თანახმად, ისინი დაღუპულად გამოცხადნენ, თუმცა, 2016 წლის 6 აგვისტოდან დღემდე, ოჯახს აქვს იმედი, რომ ერთ დღეს ეს უსაშველოდ გაწელილი მოლოდინი დასრულდება...
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
2016 წლის აგვისტოში, სამძებრო ღონისძიებებში ქართული მხარის ინიციატივით, თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი და ამერიკული ავიაცია მონაწილეობდა, თუმცა, რამდენიმედღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაცია შეჩერდა.
.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებდა. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ეტაპზეა ძიება და რა მოლოდინები აქვთ დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ძიების შედეგად დაკავებულია ერთი პირი, რომელიც სწავლებას ხელმძღვანელობდა. თუმცა, დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებენ, რომ ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.
თამარ შარაძე, იაგო შარაძის და:
ძებნა შეწყვეტილია და სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკვე გარდაცვლილის სტატუსი მიანიჭეს ბიჭებს. ვიდრე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაინც იმედი იყო ჩვენთვის, ხავსი, რომელსაც ვებღაუჭებოდით... ოჯახს, მის ცოლ-შვილს ფინანსური დახმარება გაუწიეს. მისი ბათუმელი სამხედრო მეგობრები არ წყვეტენ ჩვენთან ურთიერთობას, ერთ-ერთმა შვილიც კი მომინათლა. ყველა დღესასწაულზე, იაგოს დაბადების დღეზე ყოველთვის მოდიან.
გვითხრეს, რომ ერთ-ერთი ადამიანი დაკავებულია, ოღონდ, ვინც უშუალოდ ამ სწავლებებზე პასუხისმგებელი იყო, ის კი არა, მისი ქვეშევრდომი. რახან ჩვენ ამ ბიჭებთან, იაგოს მეგობრებთან მეგობრობას და ახლობლობას ვაგრძელებთ, არ გაგვიპროტესტებია, ან რაღა აზრი ჰქონდა უკვე. თუმცა, კარგა ხნის განმავლობაში, მამაც აქტიურად აპროტესტებდა, გიორგი ნანეტაშვილის დედაც შიმშილობდა. 11-დღიან ძებნას ვითხოვდით, მაგრამ 3 დღე ეძებდნენ.
შემდეგ, თურქული გემი იყო ჩამოსული და პირადად მამაჩემიც წაიყვანეს, თავისი თვალით რომ ენახა ძებნის ოპერაცია. შემდეგ თურქებსაც უთქვამთ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძებნის გაგრძელებას აზრი არ აქვსო.
- ითქვა, რომ ერთ-ერთს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.
- დიახ, ჩემს ძმას ყურების ანთება ჰქონდა, დედაჩემი ნემსებს უკეთებდა. ვთხოვეთ, ამჯერად, ცოტა ხნით მაინც არ ჩასულიყო წყალში, მაგრამ გვითხრა, - ეს ერთი წვრთნა დამრჩა და მორჩა, ყველაფერი გადალახული მაქვს. სავარაუდოდ, ნორმატივებს გულისხმობდა... ჩემი ძმის ბრალი ის არის, რომ არ გაამხილა რაც სჭირდა და არც ხელმძღვანელობა ფლობდა ინფორმაციას, რომ ეს პრობლემები ჰქონდა. ექიმს, ვინც თორნიკეს წამლები გამოუწერა, თავად სთხოვა თურმე, არ დაწეროთ ამის შესახებო, - მას ბათუმში გადმოსვლა უნდოდა...
ვლადიმერ შარაძე, თორნიკე შარაძის მამა:
- ბაზამ დაუშვა შეცდომა თავიდანვე, წინა დღეს შტორმი იყო, მეორე დღეს კი, შიდა დინებები და სამხედროები ზღვაში არ უნდა შეეშვათ... ჩემი შვილიც არ უნდა შესულიყო წყალში... აწი აღარ ვიცი, რაღა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს, შეწყდა ძებნა... ეს მათ შეწყვიტეს ძებნა, თორემ მე დღემდე ვეძებ, წყალშიც და ყველგან.
შარშან მე და გიორგი ნანეტაშვილის მამამ ვთხოვეთ თავდაცვას, ნატო-ს გემები რომ შემოდის, ერთი მაინც გაიარონ, იქნებ რამე შედეგი იყოს-მეთქი. 2 წელი და მეშვიდე თვეა, ამ ქვეყანაზე ადგილს ვეღარ ვპოულობ..
სესილი ნანეტაშვილი, გიორგი ნანეტაშვილის დედა:
"ყურის ანთება გიორგისაც ჰქონდა, ნემსებს ვუკეთებდი, მაგრამ იმ დროისთვის გამოჯანრთმელებული იყო... ვიდრე ეს მოხდებოდა, წინა დღეს, 15-ში ჩემს ქალიშვილთან და სიძესთან ერთად იყო ბათუმში, უბანავია კიდეც, ცუდად რომ ყოფილიყო, წყალში არ ჩავიდოდა...
მესამე წელი იწურება და არ ვიცი, რის და ვის იმედად ვცხოვრობ... ჩვენი ერთ დღეში გამქრალი ცხოვრება სულ მცირე იმედსაც არ გვიტოვებს, ჩემი შვილი მკვდარი ან ცოცხალი მეღირსოს... როგორ იცხოვრებს შვილის გარეშე გულამოცლილი დედ-მამა?! დღე არ გვიხარია და ღამე. შვილის საფლავიც რომ არ გექნება...
ერთ თუ ორ სასამართლოს დავესწარით, სადაც გიორგის ბიოგრაფიაზე გვეკითხებოდნენ - რა გზა გაიარა დაკარგვამდე... თავდაცვის სამინისტროდან გვითხრეს, რომ ორი წლის შემდეგ, ძებნას აზრი არ აქვსო... შემდეგ, ისიც გვითხრეს, ამის სახსრები არ გვაქვს, რომ ძებნა ამდენ ხანს გავაგრძელოთო.
ერთხელ, წლის დასაწყისში იყვნენ ნატო-ს გემები შემოსული, ვთხოვე, მეც რომ დამასწროთ ძებნის პროცესს-მეთქი, დამთანხდნენ, მაგრამ შემდეგ რომ დავურეკე, ჩვენ უკვე ვეძებეთ და ვერაფერი ვიპოვეთო, მითხრეს... ახლა ისევ მპირდებიან, უახლოეს მომავალში, შემოდის ნატო-ს გემები გეგმიური სწავლების ფარგლებში და კიდევ ერთხელ განვახორციელებთ ძებნასო... ვნახოთ.
P.S. საქართველოს კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში თუ პირის ადგილსამყოფელი უცნობია და იგი ორი წლის განმავლობაში თავის საცხოვრებელ ადგილას არ გამოჩენილა, სასამართლოს შეუძლია პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადოს.
ასევე, თუ "პირი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ ვითარებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ან სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება".
ambebi.ge
No comments:
Post a Comment