Pages

Friday, May 31, 2019

სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით რეგულაციები გამკაცრდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ორგანიზატორებისთვის რეგულაციები გამკაცრდა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით დარეგულირდა ექსკურსიებში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობები. მინისტრსის ბრძანება სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ახალი მიდგომით, სკოლას დაევალა გადამყვანი კომპანიისგან/ფიზიკური პირისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. სკოლის დირექცია დაგეგმილი ექსკურსიის თარიღის, ლოკაციის, აქტივობების, მონაწილე არასრულწლოვანი და სრულწლოვანი პირების შესახებ სრულად უნდა იყოს ინფორმირებული. ექსკურსიის ორგანიზატორი/ხელმძღვანელი შესაძლოა იყოს მოსწავლის წარმომადგენელი, მასწავლებელი ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირი;
ექსკურსიის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ. აუცილებელია ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდეს სრულწლოვანი პირი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევა ექნება. ბავშვების კვების მიზნით საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით. ექსკურსიის განხორციელების წესის დაცვა სავალდებულოა როგორც სკოლის, ასევე, მშობლების მიერ სასკოლო დროს ორგანიზებულ ექსკურსიებზე.
ამ წესის დარღვევისას გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობა. წესი უკვე დაეგზავნა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. სამინისტრო მოუწოდებს ყველა საჯარო და კერძო სკოლას, რომ აღნიშნული აქტის ყველა მუხლი ზედმიწევნით დაიცვან.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment