Pages

Saturday, May 18, 2019

მთიან აჭარას ახალი ტურისტული მარშრუტი შეემატა

მთიან აჭარას ახალი თაგო-სხალთის საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი შეემატა. ხულოს ახალ ტურისტულ მიმართულებას პირველად რეგიონში მოქმედი გიდები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები გაეცნენ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ინფოტურის მონაწილეებმა ულამაზეს ხეობაში მოგზაურობა თაგოს ცნობილი საბაგიროდან დაიწყეს, რომელიც ხულოს ცენტრსა და ტრადიციულ აჭარულ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს.
მარშრუტზე მოგზაურობისას საოჯახო-სასტუმრო სახლები მოინახულეს, იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს გაეცნენ და დალაშქრეს ულამაზესი ტყე, რომელიც სოფელ თაგოს სხალთის ხეობასთან აკავშირებს. ინფოტური გიდებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა შერიფ ხიმშვიაშვილის სახელობის მუზეუმისა და სხალთის მონასტრის მონახულებით დაასრულეს.
„თაგო-სხალთის ტურისტული მარშრუტი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც ულამაზეს აჭარულ სოფლებში მოგზაურობა, ადგილობრივი ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა ხიბლავთ. აქ მოსულ ტურისტს შესაძლებლობა ექნება ულამაზეს ხეობას თაგოს საბაგიროდან გადმოხედოს.
1719 მეტრის სიგრძისა და 280 მეტრი სიმაღლის საბაგიროთი გასეირნება თავადაც საინტერესო აქტივობაა ტურისტებისთვის. ხოლო ტყის მასივი, რომელსაც ბილიკი გაივლის გამოირჩევა მცენარეულობის მრავალფეროვნებით. ბილიკზე უხვადაა ხილის ხეები, ყვავილები, რომელიც ყველა სეზონზე განსხვავებულ ხედებს ქმნის.
გარდა თაგო-სხალთის ტურისტული მარშრუტისა ხულოში ასევე, მარკირებულია ხულო-სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო და გოდერძი-მწვანე ტბა-ბეშუმის მარშრუტები. მიმდინარე წელს ხულოს კიდევ ერთი ახალი ტურისტული მიმართულება-ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ალპური წრიული მარშრუტი შეემატება, რომელზეც მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების დამონტაჟება და მარშრუტის რუკების შექმნა ახლა მიმდინარეობს.
გოდერძი-ხიხანი-ჩირუხის ალპური მარშრუტი შექმნის მთიან აჭარაში ხანგრძლივი მოგზაურობის ( 2-5 დღე) საინტერესო მიმართულებას“, -განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.
მთიან აჭარაში ტურისტული მარშრუტები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ განახორციელა.
სააგენტო წელს ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტულ პოტენციალს გამოიკვლევს და ჩანჩქერების, ტბების, საპიკნიკე-საკარვე ადგილებსა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების მონიშვნასა და ხულოს მუნიციპალიტეტის მოკლე მარშრუტების მარკირების პროექტების მოამზადებას უზრუნველყოფს.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment