Pages

Thursday, June 27, 2019

ნიკა მელია: თუ არ დამაკავებენ, გუშინდელი აქტი უკანონო იქნება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი იწყება. ნიკა მელია პროცესს დაესწრება. ის სასამართლოში უკვე მივიდა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"ბიძინა ივანიშვილი არის დამარცხებული, შეშინებული, აგონიაში მყოფი ადამიანი. ყველაზე მთავარი - გუშინ დაკარგა ყველაზე მთავარი და ძვირფასი რამ მისთვის, რითაც ის დღემდე იყო იქ სადაც არის, დაკარგა ფული. მისმა ფულმა დაკარგა მსყიდველობითუნარიანობა. ფული მატერიალური სახით საბანკო ანგარიშებზე დარჩა, მაგრამ ღირებულება აღარ აქვს. იმ ფულით ის ვეღარ მართავს, პროცესებს ვეღარ უძღვება", - განაცხადა ნიკა მელიამ. 
მისი თქმით, მის დასაკავებლად არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. „რის გულისთვის და ვის გულისთვის?! გავრილოვის გულისთვის?! ძალიან რთული იქნება და დიდ ქარს დათესავს. დაკავება იქნება რა თქმა უნდა უკანონო, მაგრამ არდაკავება ყველას გვაფიქრებინებს, რომ გუშინდელი დღე წარმოუდგენლად უკანონო აქტი იყო, რომელიც ჩატარდა პარლამენტში და პროკურატურაში“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. 
სასამართლოში მელიას საგულშემატკივროდ მისულები არიან მისი ახლობლები, ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები. ოპოზიციის შეფასებით, ეს ნიკა მელიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნაა. 
პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. პროკურორი განმარტავს, რომ მელიამ დანაშაული გირაოს ქვეშ ჩაიდინა, რომელიც სხვა საქმესთან დაკავშირებით აქვს შეფარდებული. 
საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.
პარლამენტის წევრ ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 
პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით გუშინ მიმართა. 
21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.
20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
imedinews.ge

No comments:

Post a Comment