ბრძოლა "რუსთავი 2"-სთვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ორწლიან განხილვას ასრულებს და ტელეკომპანიის წილების საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 18 ივლისს გამოაცხადებს. ორივე მხარეს საქმეზე საკუთარი არგუმენტი და გადაწყვეტილებაზე პოზიტიური მოლოდინი აქვს. თუმცა, ვის სასარგებლოდ გადაწყდება საქმე, ორ კვირაში სტრასბურგში გაირკვევა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პრეტენზიას რამდენიმე მფლობელი გამოთქვამდა. მათ შორის იყო ქიბარ ხალვაშიც, რომელმაც “რუსთავი 2-ის“ 100%-იანი წილი 2007 წელს გაასხვისა.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელების - ძმები ყარამანიშვილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და თქვა, რომ წილები იძულებით დაათმობინეს. საქართველოში ქიბარ ხალვაშმა სამივე ინსტანცია მოიგო.2016 წლის 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ხალვაში ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად გამოაცხადა. თუმცა, "რუსთავი 2"-ის იურისტებმა განაჩენი სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს. ევროპულმა სასამართლომ კი საქმის განხილვამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე, 2016 წლის 3 მარტს მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ჩამოართვა.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
"აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გააადვილოს „რუსთავი 2“-ის დახურვა. საქართველოს ხელისუფლებას აეკრძალოს მენეჯმენტის ან ბორდის შეცვლა ამ კომპანიაში" - აღნიშნული იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მაშინ იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება მორიგე მოსამართლემ ერთპიროვნულად მიიღო. "ჩვენთვის უცნობია, ვინ იყო ეს მოსამართლე" - დასძინა მან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეს - „რუსთავი 2“ VS საქართველო, 2 წლის განმავლობაში განიხილავდა. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობს, რომ ამ პერიოდში ერთხელაც არ მიეცათ შესაძლებლობა საქმეში ჩართულიყვნენ და არგუმენტები წარედგინათ სასამართლოში.
მისი მტკიცებით, არაერთი წერილის მიუხედავად, ევროპულმა მხარემ მათი თხოვნა არ გაითვალისწინა. თუმცა, მიუხედავად ამისა ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება ხალვაშის სასარგებლოდ იქნება გამოტანილი."პირველივე დღიდან ვფიქრობდით, რომ სტრასბურგის სასამართლოს უზრუნველყოფილი ღონისძიების შეჩერების უფლება არ უნდა გამოეყენებინა. ვფიქრობთ, რომ ევროპის სასამართლოს არ უნდა ჰქონდეს საფუძველი, რომ ჩვენი მოწინააღმდეგის დავა დააკმაყოფილოს. ამას ვამბობდით ჯერ კიდევ მაშინ როცა საქართველოში მიდიოდა განხილვები და ბევრი ინტერპრეტაცია ხდებოდა არასწორად, ცდილობდნენ დარღვევად წარმოეჩინათ ისეთი რაღაცეები, რაც დარღვევა არ იყო.
სასამართლოს მიმდინარეობისას ადგილი არ ჰქონია რამე იმგვარ დარღვევას, რაც შელახავდა მხარის უფლებას და მას არ ექნებოდა სამართლიანი სასამართლოს სარგებლობის უფლება. მეორე ნაწილი ეხება, საკუთრების უფლებას და კეთილსინდიერ შემძენლობას. ამასთან დაკავშირებით ვთვლით, რომ ჩვენი პოზიცია არის დასაბუთებული. ეს ყველაფერი ძალიან კარგად შეისწავლა ქართული სასამართლოს დიდმა პალატამ და შესაბამისი გადაწყვეტილებაც გამოიტანა.
ასე რომ, არამგონია ამ კუთხით რაღაც ხარვეზი დაადგინოს სტრასბურგის სასამართლომ. პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სასამართლომ ჩვენი ყველა წერილი მხარედ ჩართვასთან დაკავშირებით უპასუხოდ დატოვა. შესაბამისად, ჩვენ არც წდომა გვქონია საქმის მასალებთან დაკავშირებით და არც სხვა ინფორმაცია გვაქვს. მედიით გავიგეთ, რომ 18 ივლისს გამოცხადდება გადაწყვეტილება“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს პაატა სალიამ.
თავის მხრივ, „რუსთავი 2“-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლო ამჯერადაც ტელეკომპანიის სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას და საქართველოშის სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს არ შეუქმნის.
"ის პროცესები, რაც ხდებოდა საქართველოს სასამართლოებში იძლევა იმის საშუალებას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინოს - ქართულ სასამართლოებში ტელეკომპანიის მეპატრონებს სამართლიანი სასამართლოს უფლება არ მიეცათ. იმედი გვაქვს, იმიტომ, რომ მთელი პროცესი იყო პოლიტიზირებული“, - გვითხრა მურადაშვილმა.
იმ შემთხვევაში თუ ევროპის სასამართლო დაადგენს, რომ ქართულ სასამართლოში დაიღვა სამართლიანი სასამართლოს უფლებები მხარეებს საშუალება ეძლევათ ქართულ სასამართლოებში ხელახლა დაიწყონ დავა.
ექსპერტებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განსხვავებული მოლოდინი აქვთ. პოლიტოლოგ გია აბაშიძის აზრით, სტრასბურგის სასამართლო ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას და ამას რამდენიმე არგუმენტით ამყარებს:
"ნამდვილად არ ვიცი რა ხდება სტრასბურგის სასამართლოს კულუარებში, თუმცა ჩემი ვარაუდით ევროპის სასამართლო ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას. გავიარე კონსულტაცია რამდენიმე იურისტთან და ყველას ერთი აზრი აქვს. საზოგადოებას შევახსენებ ნიკა გვარამიას განცხადებას, როდესაც მან აღნიშნა რომ თეა წულუკიანი სტრასბურგში ლადო ჭანტურიასთან ერთად „საქმეებს ალაგებსო“, რაც არის უდიდესი ტყუილი.
ვხედავთ ასევე რუსთაველის გამზირზე აქციის მუხტი დაკლებულია, მაგრამ ესენი შეცდებიან ამის შენარჩუნებას, რომ მერე დაიწყონ აქცია „დაიცავი რუსთავი 2“. თუ სტრასბურგის სასამართლომ წილები დაუტოვა ქიბარ ხალვაშს, ნიკა გვარამია დაიწყებს თავდასხმას სტრასბურგის სასამართლოზე. თუნდაც იმიტომ, რომ უკვე ვიხილეთ მისი საჯარო კრიტიკა გერმანიის ელჩის მისამართით", - უთხრა AMBEBI.GE-ს აბაშიძემ.
ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზით კი, სტრასბურგის სასამართლო ყარამანაშვილების სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რადგან მისი აზრით, თავის დროზე სასამართლო აღსრულების პროცესს ტყუილად არ შეაჩერებდა.
"თუ სტრასბურგის სასამართლო ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, ეს რა თქმა უნდა სიტუაციას გაართულებს და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის. დაიწყება საუბარი, რომ ივანიშვილმა სტრასბურგის სასამართლოც მოისყიდა. დაიწყებენ ამაზე საუბარს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ იქნება სიმართლე.
მაგრამ პირადად ჩემი აზრით, სტრასბურგის გადაწყვეტილება არ იქნება ხალვაშის სასარგებლოდ. მთავარი ისაა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ვერ იქნება და ყველა მხარეს მოუწევს ამასთან შეგუება“, - გვითხრა ძაბირაძემ.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment