თბილისში არც ისე ბევრი ადგილია, სადაც დედაქალაქის მცხოვრებთ ზაფხულის ცხელ დღეებში გაგრილება და გართობა შეუძლიათ. ვისაც შავი ზღვა სამუშაო გრაფიკიდან ან სხვა მიზეზებიდან გამომდინარე ძალიან ეშორება, თბილისის ზღვაზე მოკლე გზით მიდის და კუსტარულად მოწყობილ პლაჟზე გრილდება.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ლისის და კუს ტბებიც. თუმცა, რამდენად უსაფრთხოა დამსვენებლებისთვის ამ წყალსაცავებსა და ტბებში ბანაობა, ეს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტმა გაარკვია. უწყებამ სინჯები მაისისა და ივნისის თვეში აიღო და 29 კომპონენტზე - 26 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე შეამოწმა.
🙏 საქართველოს საპატრიარქო
ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზღვის სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ არის, წყლის ხარისხი კი ნორმის ფარგლებშია. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, თბილისის ზღვაში, ლისისა და კუს ტბაში გასაგრილებლად ჩასულ ადამიანებს ქიმიური და ბიოლოგიური თვალსაზრისით საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა განგაშის საფუძველს სულ სხვა, გაცილებით მასშტაბური საკითხი აჩენს.
💢 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის ზღვა და განსაკუთრებით მისი ზოგიერთი მონაკვეთი, ადამიანის სიცოცხლეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის, ამის მიზეზი კი გაუმართავი ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის არაინფორმირებულობაა:
"თბილისის ზღვა კულტურულ-რეკრეაციულ ზონად ბოლო წლებში ჩამოყალიბდა, საბჭოთა პერიოდში ასეთი ფუნქცია თბილისის ზღვას არ ჰქონდა. ეს იყო მხოლოდ წყალსაცავი, რომელსაც ქალაქი მხოლოდ წყლის დასალევად მოიხმარდა.
ეს ფუნქცია მას ახლაც აქვს, უბრალოდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში, თბილისის ზღვაზე გაჩნდა რამდენიმე კუსტარული რეკრეაციული ზონა - ეს გულისხმობს, რომ მოქალაქეები ადიან ამა თუ იმ ადგილას, სადაც ბანაობენ, ისვენებენ, მაგრამ ოფიციალურად ეს ადგილები არ არის გახსნილი საბანაოდ და არ არის ჩამოყალიბებული კულტურულ-რეკრეაციულ ზონებად.
თბილისის ზღვაზე მხოლოდ ერთადერთი ადგილია, რომელიც ოფიციალურად კერძო საკუთრებაშია და იქ არიან მაშველები, შემოსაზღვრულია ტივტივებით ეს ტერიტორია და მხოლოდ იქ შეიძლება ოფიციალურად ბანაობა. დანარჩენი ადგილები, არის კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არიან მაშველები, არ არის გამაფრთხილებელი ბანერები და მოსახლეობას არანაირი ინფორმაცია არ აქვს ამ ადგილებში არსებულ საშიშროებაზე" - განმარტავს ალეკო ცქიტიშვილი.
ის AMBEBI.GE-ს არა მხოლოდ როგორც კამპანია - "იცურე მშვიდად" ერთ-ერთი მონაწილე და საკითხის ექსპერტი, არამედ როგორც დაზარალებული ესაუბრა. ორი წლის წინ, მისი 16 წლის შვილი - ცოტნე, გამაფრთხილებელი ბანერების არარსებობას ემსხვერპლა. მას შემდეგ ალეკო, ამ ადგილებში ნიშნების დადგმისთვის იბრძვის, თუმცა ჯერ კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწია.
"ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ცენტრალური ხელისუფლება ჯერჯერობით ამ პრობლემებზე არ საუბრობს. გასულ წელს დავიწყეთ კამპანია „იცურე მშვიდად", მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი პასუხისმგებლობა აირიდოს თავიდან, განსაკუთრებით ეს ეხება თბილისის მერიას, რომელიც არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისის ზღვაზე საშიში ადგილები შემოზღუდოს ბარიერებით და გააკრას გამაფრთხილებელი ბანერები.
არსებობს განსაკუთრებით საშიში ადგილები, სადაც წლების განმავლობაში უბედური შემთხვევები ხდება. ბოლო წლებში დაიღუპა რამდენიმე მოქალაქე, განსაკუთრებით არასრულწლოვნები და ახალგაზრდები. ეს ადგილები ვარკეთილის მხრიდან არის და აქ განსაკუთრებით საშიში მორევები წარმოიქმნება, რომელზეც ინფორმაცია მოქალაქეებს არ აქვთ.
ე.წ კოშკის ტერიტორიაც ვარკეთილის მხარეს არის, ერთ-ერთი ისეთი ადგილია, სადაც ძალიან ბევრი მოქალაქე ისვენებს. აქ არ არიან მაშველები, არ არის განთავსებული არანაირი სამაშველო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, არც ტექნიკაა და ამიტომ არის ერთ-ერთი ყველაზე საფრთხისშემცველი ადგილი.
თბილისის მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს და შეისწავლოს ეს ადგილები - თუ არის ბანაობა სახიფათო, საერთოდ აკრძალოს ასეთ ადგილებში ბანაობა. თუ არ არის სახიფათო და შეიძლება რეკრეაციული ზონის მოწყობა, მაშინ ამ ტერიტორიის მოწყობას კიდევ თავისი სამუშაოები სჭირდება" - განმარტავს ალეკო ცქიტიშვილი.
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა და ერთი მოზარდის ოჯახმა თბილისის მერიას დაუდევრობის გამო საქალაქო სასამართლოშიც უჩივლეს.
რაც შეეხება ლისისა და კუს ტბებს - ეს ადგილები ოფიციალურად არის მონიშნული რეკრეაციულ ზონებად, აქ არიან მაშველები, დგას ინფორმაციული ბანერები და საბანაოდ განკუთვნილი ადგილები სპეციალურად არის გამოყოფილი. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ალეკო ცქიტიშვილი იმას, რომ კუს და ლისის ტბებზე უკანასკნელი წლების განმავლობაში მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.
თბილისის მერიაში AMBEBI.GE-ს განუმარტეს, რომ რეკომენდაციები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიიღეს და შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმას რამდენიმე დღეში დაიწყებენ. მათთვის ცნობილია, რომ თბილისის ზღვაზე ცურვისთვის ნებადართული მხოლოდ 800-მეტრიანი მონაკვეთია, დანარჩენ ადგილებში კი ბანაობა ოფიციალურად აიკრძალება.
ასე რომ, იქამდე სანამ თბილისის მერია შესაბამის ბანერებსა და ამკრძალავ ნიშნებს განათავსებს, წყალში მხოლოდ ოფიციალურად გამოყოფილ ზონებში იბანავეთ.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment