საქართველოს ის მოქალაქეები, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე ის პირები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხნენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და სწავლას განაგრძობენ ამ სასწავლებლებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, დაფინანსდებიან სახელმწიფო სასწავლო გრანტით.
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, რომლის აღსრულებაც განათლების სამინისტრომ 26 ოქტომბრიდან დაიწყო, განისაზღვრა ამ კატეგორიაში მოაზრებულ პირთა დაფინანსების წლიური მოცულობა და მან 30 000 ლარი შეადგინა.
„სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს სტუდენტის ჩარიცხვის წელს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობისა,“
– აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
დადგენილებაში განსაზღვრულია განაცხადების წარდგენის პროცედურები და გრანტის მინიჭების წესიც:
სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით, სტუდენტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 27 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინოს განცხადება და საქართველოს მთავრობის დადგენილებაში მითითებული დოკუმენტაცია.
დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დოკუმენტი ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე.
მარიამ ჰედუ@ კიკალია
განათლების სახლს ჟურნალისტი
No comments:
Post a Comment