Wednesday, November 4, 2015

როგორ შეირჩევიან და შეფასდებიან სკოლის დირექტორები – ახალი კონცეფცია სამინისტროს წარედგინება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტი, რომელიც სკოლის დირექტორების შერჩევისა და შეფასების სისტემის ახალი კონცეფციის მომზადებას ითვალისწინებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნოემბრის თვეში წარედგინება. აღნიშნულის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნობრივი და კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია კუტალაძემ გადაცემაში „გამოცდებიდან გამოცდებამდე“ ისაუბრა.
როგორც კუტალაძე ამბობს, კონცეფცია კომპლექსური მეთოდოლოგია აპრობირებულია სხვადასხვა ქვეყნებში და უკვე მოქმედ დირექტორებსაც შეეხება.
„დირექტორი ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო ფიგურაა სკოლის მართვაში, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მათი შერჩევისა და შეფასების ვალიდური და სანდო სისტემა. ჩვენ ამ ეტაპამდე გავაანალიზეთ ის გამოცდილება და პრაქტიკა, რაც ჩვენთან არსებობს დირექტორთა შერჩევის თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო პრაქტიკა და შევიმუშავეთ გარკვეული კონცეფცია, რა და როგორი უნდა იყოს დირექტორთა შეფასების სისტემა. ეს არის კომპლექსური მეთოდოლოგია, რომელიც აპრობირებულია და საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება დირექტორთა შერჩევისთვის. მაგალითად: ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის გამოიყენება მენეჯერული უნარების შესაფასებლად და ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენს საჭიროებებსა და კონტექსტს მოვარგოთ და დავნერგოთ“,- აღნიშნავს ცენტრის წარმომადგენელი.
კონცეფციისა და მოდელის მონახაზის პირველადი განხილვა ნოემბერში მოხდება, 2016 წლის მაისის ბოლოს კი საბოლოო კონცეფცია მომზადდება.
„ამ უნიკალური მეთოდის წარდგენა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ნოემბრის თვეში მოხდება. ეს მეთოდი უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ განსხვავებით დღემდე არსებული მეთოდისგან, სადაც ძირითადად დირექტორების კოგნიტური უნარები ფასდება, მაგალითად სამართლებრივი აქტების ცოდნა, უნარები და ა.შ, აქ არაკოგნიტური კომპონენტების შეფასება  ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დირექტორის მენეჯერული საქმიანობის დროს. მაგალითად კომუნიკაციური უნარები, დაგეგმვა, ორგანიზებულობა და ა.შ. ეს მეთოდიკა სწორედ ამით არის უნიკალური, რომ კომპლექსურად იძლევა როგორც კოგნიტური, ასევე არაკოგნიტური უნარების შეფასების საშუალებას. არაკოგნიტური უნარების პრედიქტულობა კი არის ძალიან მაღალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მეთოდი დიდი ალბათობით წინასწარმეტყველებს იმას, თუ ვინ და როგორ იქნება ეფექტური დირექტორი, ანუ როგორი ადამიანი იქნება ეფექტური დირექტორი“,- აცხადებს ია კუტალაძე.
საგნობრივი და კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მეთოდი არ გაურთულებს საქმიანობას უკვე მოქმედ სკოლის დირექტორებს, რაც გამოიხატება შემდეგში:
„ჩვენ ვმუშაობთ ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან მეთოდზე, რომელიც განსაკუთრებულ სირთულეებს არ შეუქმნის მოქმედ დირექტორებსაც. როგორც იცით, არსებული სისტემა გულისხმობს მუდმივ რესერტიფიცირებას, ანუ გარკვეული პერიოდულობით დირექტორებს მუდივად უწევთ ამ ტესტების ჩაბარება. ეს კი ბევრად უფრო კომპლექსური მეთოდოლოგიაა და კომპლექსური შეფასების საფუძველზე შესაძლებელია ერთჯერადი შეფასება იყოს საკმარისი იმისთვის, რომ დირექტორს ამგვარი პროცედურების გავლა გარკვეული პერიოდულობით არ მოუხდეს და უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს უკვე მისი რეალური საქმიანობის შეფასებაზე სკოლაში. ამისთვის სპეციალურად კრიტერიუმები უნდა განისაზღვროს, რა და როგორ შეფასდება, რამდენად წარმატებულია დირექტორი და შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე უფრო მეტი აქცენტი გადავა“,-  აღნიშნავს კუტალაძე.
საბოლოო ვადების განსაზღვრა დირექტორთა შერჩევისა და შეფასების ახალი მეთოდის დანერგვასთან დაკავშირებით, განხილვების შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
edu.aris.ge

No comments:

Post a Comment