Wednesday, February 24, 2016

BeNaec - ცენტრის უნიკალური შეთავაზება აბიტურიენტებს - შეამოწმე შენი თავი Naec-თან ერთად

რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ ცენტრი მსურველებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - აბიტურიენტი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს შეამოწმოს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები Naec-თან ერთად. ამასთან, მონაწილეს საშუალება ექნება მიღებული შედეგები წინა წლის საკონკურსო ქულებს შეადაროს. 

გარკვეული პერიოდის შემდეგ ტესტების ვერსიები ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის, თუმცა, შესაბამისი საფასურის (1 საგანი - 10 ლარი) გადახდისას ცენტრი მონაწილეებს ამ პროექტისათვის შექმნილი ტესტების ვერსიების პირად გვერდზე მიწოდებას, ნაშრომების გასწორებას, სურვილის შემთხვევაში კი გათანაბრებული და სკალირებული ქულების დათვლას და წინა წლის კონტინგენტის შედეგებთან საკუთარი ქულების შედარებას სთავაზობს. 

მინიმუმ 4 გამოცდის არჩევისას მონაწილეს სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეეძლება მიღებული შედეგები წინა წლის საკონკურსო ქულებს შეადაროს. ამისათვის ჩამონათვალიდან მან სასურველი ფაკულტეტ(ებ)ი უნდა აირჩიოს. შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება მისი საკონკურსო ქულა შერჩეული ფაკულტეტ(ებ)ისთვის და 2015 წელს ამავე ფაკულტეტზე ჩარიცხულთა მინიმალური საკონკურსო ქულა. ცხადია, მიმდინარე წელს კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩარიცხვის პროგნოზირებისათვის ამ ინფორმაციის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის (საკონკურსო ქულები 2015-2016 წელს შესაძლებელია სრულიად განსხვავებული იყოს), თუმცა აბიტურიენტს არჩევნის ოპტიმალურად გაკეთებასა თუ გამოცდამდე დარჩენილი დროის სწორად გამოყენებაში დაეხმარება.

შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც გადაიხდის შესაბამის საფასურს, გაივლის რეგისტრაციას, აირჩევს გამოცდებს, მიუთითებს საქართველოს ფოსტის ფილიალს, სადაც მიიღებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული პასუხების ფურცლების იდენტურ ფურცლებს და დეტალურ ინსტრუქციას. 

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ტესტების ვერსიებისა და სწორი პასუხების სრულიად უსასყიდლოდ გაცნობას ყველა მსურველი შეძლებს - ვებგვერდზე რამდენიმე დღის განმავლობაში განთავსდება სავალდებულო და არჩევითი გამოცდების ტესტების ელექტრონული ვერსიები, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გამოქვეყნდება სწორი პასუხები. ასეთი გრაფიკი იმის გათვალისწინებით შეირჩა, რომ სურვილის შემთხვევაში მონაწილემ შეძლოს საგამოცდო ფორმატი (მონიტორიდან წაკითხული ტესტის შესრულება, დროის ათვლა, განაწილება და ა.შ.) სრულად გაიმეოროს. 

პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის დაზუსტებული თარიღი და პროცედურები ვებგვერდზე გამოქვეყნდება.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ახალ პროექტს იწყებს
naec.ge

No comments:

Post a Comment