Tuesday, February 16, 2016

გიორგი კვირიკაშვილი: უმაღლესი განათლების სისტემაში გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება

მომზადებულია ნათია ცუხიშვილის მიერ
16 თებერვალი. 2016. 17:42


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რედისონში" დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას განათლების სისტემის რეფორმას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ამ კუთხით გერმანული მოდელის დანერგვა იგეგმება, რომელიც ძალიან ეფექტურია არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ სხვა ქვეყნებში.


„გერმანულს იმიტომ ვამბობ, რომ ამ ქვეყანამ დაუდო სათავე განათლების სისტემას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო უმაღლეს განათლებაში რესურსს გაანაწილებს კონკრეტული ინდუსტრიების მოთხოვნების გათვალისწინებით და ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდების მოთხოვნებიდან გამომდინარე, არამედ, ეს განხორციელდება იმ კონკრეტული მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც 5-წლიან პერსპექტივაში ქვეყანაში იარსებებს.


„ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ფაქტობრივად ვაწარმოებთ პოტენციურად დაუსაქმებელ ადამიანებს. ჩვენ ყოველწლიურად ვუშვებთ ხუთჯერ, ათჯერ უფრო მეტ ბანკირს, ვიდრე ამის მოთხოვნა არის საბანკო სექტორში.

დღეს ჩვენ არ გვყავს მაგალითად, მეცხოველეობის, კვების ტექნოლოგები, ვეტერინარები, კვების მრეწველობის ტექნოლოგები. ასეთ ადამიანებს ბიზნესი აგზავნის თავისი სახსრებით ევროპაში. ხდება გადამზადება და შემდგომ ასაქმებენ თავიანთ კომპანიებში მაშინ, როდესაც სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსს ყოველწლიურად ხარჯავს იმ ადამიანებზე, რომლებიც ზუსტად ვიცით, რომ დაუსაქმებლები იქნებიან, ან მათაც გადაკვალიფიცირება უნდა მოახდინონ იმისთვის, რომ რეალური სამუშაო ადგილი მოძებნონ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



პრემიერის თქმით, აღნიშნულმა რეფორმამ შეიძლება ამ სექტორში ჩართული უმაღლესი სასწავლებლებისთვის რეპოზიციონირების მოთხოვნა გამოიწვიოს, თუმცა პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და არსებული სისტემა არის შესაცვლელი.
reportiori.ge

No comments:

Post a Comment