Pages

Monday, February 13, 2017

რა ვიცით ბრალდებული 31 წლის დეკანოზის შესახებ?!

დეკანოზი გიორგი მამალაძე 31 წლის არის. ის დაიბადა ქობულეთში. ასწავლიდა სასულიერო გიმნაზიაში. გიორგი მამალაძე დეკანოზის ხარისხში 2010 წლის აგვისტოში აიყვანეს აჭარაში ილია მეორის ვიზიტისას. ამ დროს მამალაძე 26 წლის იყო. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზეც იძებნება და გაზეთი ბათუმელების არქივშიც.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ბათუმში წმინდა ბარბარეს ეკლესიას ხელმძღვანელობდა. იგი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა 2014 წელს, როდესაც ამ ეკლესიაში რემონტი დაიწყო, რომელიც გაზეთ ბათუმელების ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა.
„ჩვენ ნებართვა გვაქვს, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევა. თუ ძეგლთა დაცვის ნებართვა საჭიროა, იმასაც ავიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენთვის დღემდე უცნობი იყო, გვჭირდებოდა თუ არა ნებართვა, რადგან ადგილობრივმა ძეგლთა დაცვის უწყებამ და მერიამ გვითხრა, ეს ჩვენ არ გვეხებაო. თბილისში ჩვენი საკითხი საქართველოს საპატრიარქოს ეხება, რომელმაც პროექტი დაამტკიცა.  საპატრიარქო  პროექტს დამტკიცების შემდეგ აგზავნის საქართველოს ძეგლთა დაცვაში. მანამდე კი ჩვენ სამუშაოების დაწყებას არ ვაპირებთ“, – აცხადებდა მამალაძე, რომელიც იმ დროს ეკლესიის წინამძღვარი იყო.
წმინდა ტბელ აბუსელიძის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია თურმანიძემ IPN-ს განუცხადა, რომ დაახლოებით 2 წლის წინ გიორგი მამალაძემ ბათუმი დატოვა და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. იგი წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. სამედიცინო ცენტრის წილის 100%-ის მფლობელი საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით საქართველოს საპატრიარქოა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსია, თუმცა საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ამ თანამდებობას მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა იკავებს. ილია II-ის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მამალაძე სამსახურის უფროსის მოადგილეა და არა ხელმძღვანელი.
საჯარო რეესტრის მონაცემებით (ბოლოს განახლებულია 2014 წელს) დეკანოზი გიორგი მამალაძე ასევე იკავებდა ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის დირექტორის თანამდებობას. ამ სკოლის მფლობელიც საქართველოს საპატრიარქოა.
დეკანოზი მამალაძე ასევე მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაშიც იგი შპს დიმოილის წილის 50%-ს ფლობს.
გარდა ამისა 25-25% ეკუთვნის შპს კარო ოპტიმუსი, შპს ტოროქსისა და შპს სუერტეს წილებიდან.
2015 წელს დეკანოზი მონაწილეობდა ფორუმში “რელიგია და მშვიდობა”, რომელიც ბათუმში გაიმართა და სადაც “მან ისაუბრა რელიგიურ შემწყნარებლობაზე ქართულ ისტორიულ გამოცდილებაში. მისი თქმით, სახელმწიფოში არსებულ ყველა რელიგიურ კონფენსიას აქვს თანაბარი უფლებები და თანაბარია სახელმწიფოს წინაშე. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების მშვიდობიანი თანაცხოვრება ის მშვიდობაა, რომლისთვისაც უნდა იბრძოდეს მსოფლიო”.
2016 წელს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დეკანოზი გიორგი მამალაძე მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
“ეგ ჯილდო მნიშვნელოვანი აღიარებაა.  ცოლიანი მღვდლის შემთხვევაში უმაღლესი ჯილდოა და
ბერის შემთხვევაში –  ეპისკოპოსობის წინანდელი… ანუ მაგის მერე უკვე ეპისკოპოსობაა”, – გვითხრა თეოლოგმა მირიან გამრეკელაშვილმა.
პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს ვკითხეთ, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ილია მეორეს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან და გააჩნდა თუ არა მას ილია მეორესთან მაგალითად ერთ-ერთზე საუბრისა და შეხვედრის შესაძლებლობა
“როგორ არ ჰქონდა, სამშობიარო სახლის დირექტორი იყო და პატრიარქს ანგარიშს აბარებდა ხოლმე. ერთი-ერთზე პატრიარქის ნახვის უფლება როგორ არ ჰქონდა. აბა როგორ? რა თქმა უნდა, ხვდებოდა პატრიარქს [ერთი-ერთზე]”, გვითხრა მიქაელ ბოტკოველმა.
მას ასევე ვკითხეთ, ილია მეორისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის ურთიერთობას შეიძლება თუ არა რომ ვუწოდოთ კარგი?
“რადგანაც ილია მეორე მას ასეთი რთული ობიექტის [სამედიცინო ცენტრის] ხელმძღვანელობას ავალებს, პატრიარქს მის მიმართ ნდობა ჰქონდა”, – გვითხრა ბოტკოველმა.

საქართველოს მთავრი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე  10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით  დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მამალაძემ შეიძინა მომწამვლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი, რითაც “მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა” უნდა მოეხდინა. ირაკლი შოთაძემ არ დააკონკრეტა, თუ რომელი მაღალი სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფაზე იყო საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი გერმანიაში გამგზავრებამდე სჭირდებოდა. პატრიარქი ილია მეორე 2 თებერვლიდან გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფება.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.
როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.
2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.
ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.
გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,” – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
netgazeti.ge

No comments:

Post a Comment