Pages

Monday, February 13, 2017

მინისტრი ზღაპრების წინააღმდეგ - საგა გრძელდება

რწყილს, ნაცარქექიას, კომბლეს, ჭიანჭველას, ჩიტი ჩიორას, ნახევარქათამას, წიქარას, მაშას, დათვს და ყველა ქართველ თუ უცხოელ მზეთუნახავ პრინცესას ერთი რამ აერთიანებს - საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. მისი ზღაპრებთან ბრძოლა თავდაპირველად „კომბლე“-თი და „რწყილი და ჭიანჭველა“-თი დაიწყო:

”კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს. ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია”- თქვა მინისტრმა რადიოპალიტრას გადაცემა „რეზიუმე“-ში
 და ჭიანჭველაც გვარიანად გააკრიტიკა:

„ის ჩავარდა, ანუ კვალიფიკაცია არ ჰქონდა საერთოდ ხტომაში, მაგრამ გადახტა. გადახტა და ჩავარდა და აი მაგ მომენტიდან ჭიანჭველა რას აკეთებს? აი, ჩავარდნილი ჭიანჭველა მთელი ზღაპრის განმავლობაში არაფერს აკეთებს. ხტომა თუ არ იცის, ამოხოხება ხომ მაინც იცის და ამოხოხდეს.“

ბატონმა ალექსანდრემ კომბლეზე მსჯელობა „ვერსია“-სთან ინტერვიუში გააგრძელა:

„უბრალოდ მინდა ახალი კომბლე, რომელიც თავისი შრომით მიაღწევს რაღაცას, მინდა ახალი ნაცარქექია, რომელიც დევს კი არ წაართმევს სახლს, აიშენებს. კობლეს, ნაცარქექიასა და ჩიტი ჩიორასავით რომ იქცეოდეს ჩემი შვილი არ მინდა“.

შემდეგ ასპარეზი გაიზარდა და მინისტრის უკმაყოფილება უკვე ქვეყნის ჩრდილოეთს და დასავლეთ ევროპასაც გადასწვდა:

„ერთი განსაკუთრებული ჩავარდნა, მაგალითად, ეხება ჩვენს ზღაპრებს, რომლებიც არ შეესაბამება საზოგადოების ამჟამინდელ ფასეულობათა სისტემას. დოგმატური არ უნდა ვიყოთ ამ ნაწილში. ზოგიერთმა მშობელმა შეცვალა “წითელქუდა” და ისე უყვება ბავშვს, რომ იქ ნაკლები ძალადობაა. ჩვენ ამას ხელი უნდა შევუწყოთ. ასევე არ მომწონს, მაგალითად, ყველა ქართველი ბავშვი კომპიუტერთან რომ დამწკრივებულა და “Маша и Медведь”-ს უყურებს. მერე თუ ვინმეს უკვირს რუსეთის მიმართ მეგობრული განწყობა, არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ამ ასაკში თავში ჩაბეჭდილი ძალიან დიდი გავლენას ახდენს მთელ შემდგომ ცხოვრებასა და აზროვნებაზე“ განაცხადა ბატონმა ალექსანდრემ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში.

ბოლოს კი, ეკა ხოფერიას თოქ-შოუში, ამ თავგანწირულმა ბრძოლამ უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა და მთელი მსოფლიო მოიცვა:

"იცით რა, პრინცესებიან ზღაპრებში ერთი რამე შევამჩნიე საერთო, ყველა პრინცესა ელოდება კაცს, რომ რამე უნდა უშველოს და თავის თავს რატომ არ უნდათ უშველონ?! ეს ამბები შეიძლებ გოგონებს არწმუნებდეს, რომ შენ ამბავი აუცილებლად კაცმა უნდა მოგიგვაროსო და გენდერის რაღაც სირთულეები შეიძლება იყოს ამასთან კავშირში" 

მომდევნო რაუნდამდე გემშვიდობებით და გიტოვებთ ციტატას მისი ცნობილი ტრენინგიდან „ქართული ხალხური პროფესიული ზღაპრები“:

„ქართულ ხალხურ ზღაპრებში სიკეთე იმარჯვებს ტყუილით და მაიმუნობით. მეტი გადაწყვეტილება მიიღეთ შეგნებულად და ნაკლები რამ დაუტოვეთ გადასაწყვეტად წიქარას, ნიკორას, ნახევარქათამას და მისთანებს, ჩემო ბატონო“.

No comments:

Post a Comment