Pages

Thursday, March 16, 2017

ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვაზე წლის ბოლოს გაიხსნება

თბილისის ზღვაზე ახალ ზოოპარკს დამთვალიერებლების მიღება, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის შეეძლება, – ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ზოოპარკის მოწყობის პირველი ეტაპი სწორედ 2017 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, მომდევნო წლებში კი მისი განვითარება გაგრძელდება. ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ ახალი ზოოპარკი ძველისგან განსხვავებული კონცეფციით აშენდება და ის დაყოფილი იქნება ბიოგეოგრაფიული ზონების მიხედვით, ცალკე იქნება გამოყოფილი კავკასიის რეგიონი, ცალკე აზიის, აფრიკის და ა.შ.
ზოოპარკის დირექტორი ფიქრობს, რომ წლის ბოლოსთვის მზად სწორედ კავკასიური ფაუნის ექსპოზიცია იქნება მზად. ამჟამად კი თბილისის ზღვაზე 2 ვოლიერის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლებიც განკუთვნილი იქნება დათვებისა და მგლებისთვის და ირმებისა და ნიამორებისთვის. გურიელიძის თქმით, ვოლიერების მშენებლობისთვის თანხა ზოოპარკს გრანტის სახით გამოეყო, დანარჩენი თანხების მოსაზიდად კი მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციასთან გრძელდება.
გარდა ამისა, ჩატარებულია გარკვეული საპროექტო სამუშაოები კომუნიკაციებისთვის, როგორიცაა წყალი, დენი, კანალიზაცია და ა.შ. ზოოპარკის დირექტორი აცხადებს, რომ ნაწილობრივ კომუნიკაციების გამართვის სამუშაოებიც იწყება.
რაც შეეხება შეკითხვას, იქნება თუ არა ადგილზე გასართობი ატრაქციონები, ზოოპარკის დირექტორი პასუხობს, რომ კარუსელები იმ სახით, რა სახითაც იყო ძველ ზოოპარკში, აღარ დამონტაჟდება.
“გვინდა, რომ კარუსელები საერთოდ არ იყოს, თუმცა, გარკვეული სათავგადასავლო და სპორტული ატრაქციონები იქნება, მაგალითად როგორიცაა თოკებზე და კლდეზე ცოცვა და ა.შ.”,- აცხადებს ზურაბ გურიელიძე.
მიმდინარე წელს ახალი ზოოპარკის სამშენებლო სამუშაოებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 345 ათას ლარამდეა გამოყოფილი. ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ მთლიანობაში ზოოპარკის გასამართად დაახლოებით 40 მილიონი ლარია საჭირო.

წყარო: Geopressnews Georgia

No comments:

Post a Comment