Pages

Thursday, March 16, 2017

„ჩემი უწმინდესი შაშკინია!”

ნინო მიქიაშვილი, ჟურნალისტი:
 _ „ჰეროკრატიას” გადაღებები სანამ დაიწყებოდა, სხვა ისტორიებთან ერთად ვრცლად ჩავიწერეთ ცხრაწლიანი რეჟიმის დროს მიხეილ ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის ხმაურიანი ამბავი. ჩვენი რესპონდენტი მიხეილის დედა ლალი ლეკიშვილი იყო, ხოლო ამ ინტერვიუს მთავარი უარყოფითი გმირი,  ტარას შავშიშვილი. ახლო წარსულში 53-ე სკოლის დირექტორი და განათლების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარი, რომელიც ახლახან მთავარმა პროკურატურამ „ციანიდის საქმეზე” დაკითხა.
მეთერთმეტეკლასელი მიხეილ ალექსიძის ამბავი ბევრ ადამიანს ახსოვს, რადგან დეტალურად შუქდებოდა – 2011 წლის ოქტომბერში. მიხეილის სკოლიდან გარიცხვას მოჰყვა თანატოლების ხმაურიანი პროტესტი, მისი დაპატიმრების მუქარა, სასამართლო პროცესი, რომელზეც ცრუმოწმეები გამოიყვანეს… ამ პატარა ბიჭის ამბით მიხეილ სააკაშვილიც კი “შეწუხდა” და მას საჯაროდ დასდო ბრალი „კრიმინალობასა და ხულიგნობაში”.
  ამ დავიდარაბაში ჩვენს პატრიარქს მიხეილ ალექსიძის ამბავი ტელევიზიით შეუტყვია და მიხეილი უცვნია. საქმე ისაა, რომ მიხეილ ალექსიძე სტიქაროსანი იყო და თავის ძმასთან (და სხვებთან) ერთად სამების საკათედრო ტაძარში გალობდა. პატრიარქმა სკოლის დირექტორს საპატრიარქოში მისვლა სთხოვა, ხოლო მიხეილის დედას ასეთი რამ უთხრა – „მე რომ გთხოვო, შენდობას ეტყვი დირექტორს? დამნაშავეა, ძალიან დააშავა, მაგრამ უნდა შეგარიგოთო. თქვენი ხათრით დავუჩოქებ და ბოდიშსაც მოვიხდი, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ თქვენი ხათრით და ის რაც ჩემს გულში და გონებაშია, ამას ვერაფრით ვპატიობო“, – მიუგო ლალი ლეკიშვილმა.
ვითარება ისე იყო გართულებული, რომ მიხეილს არც ერთ სკოლაში არ იღებდნენ და ბავშვი გაკვეთილებს აცდენდა. ამიტომ უწმინდესმა ტარას შავშიშვილს მიხეილის საბუთები სთხოვა. თუმცა, როცა ლალი ლეკიშვილი საბუთების წამოსაღებად 53-ე სკოლის დირექტორთან მივიდა და პატრიარქის თხოვნა შეახსენა, შავშიშვილმა საბუთების მიცემაზე უარი უთხრა – „ჩემი უწმინდესი შაშკინიაო”.
ლალი ლეკიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს დასაწყისი და დასასრული
დასაწყისი:
 „ეს ამბავი, რომ მოხდა, თბილისის N53-ე სკოლის დირექტორი ტარას შავშიშვილი თანამდებობაზე ორი კვირის მოსული იყო. მანამდე ჩემი შვილი მიხეილ ალექსიძე თერთმეტი წელი ამ სკოლაში სწავლობდა და არც თუ ურიგო მოსწავლე იყო. შავშიშვილმა თანამდებობაზე მოსვლიდან ერთ კვირაში უფროსკლასელთა მშობლების გაერთიანებული კრება ჩაატარა. მან იქ დემონსტრაციულად განაცხადა, რომ სკოლაში მაქსიმალური წესრიგის დამყარება სურდა, რომ ის იყო შაშკინის მეგობარი და რაც არ უნდა დაეშავებინა, ხელს არავინ ახლებდა. საუბრის უმეტესი დრო ჟანდარმერიის შემოღებაზე საუბრობდა. 10-15 წუთი დაუთმო განათლების რეფორმას. რამდენიმე მშობელმა ჰკითხა – ბატონო ტარას, თქვენ ციხეში ხომ არ მუშაობდითო?! დარბაზიდან დაშინებულები გამოვედით.
ამ კრებიდან ერთი კვირის შემდეგ ტარას შავშიშვილმა სკოლიდან 16 მასწავლებელი გარიცხა. სკოლაში შავშიშვილის მოსვლამდე ორი ათასზე მეტი ბავშვი სწავლობდა და ცოტა ხნის შემდეგ ათასიც აღარ იყო. პირველი ბავშვი (მეთორმეტე კლასელი), რომ გარიცხა, იმას მეორე დღესვე მიაყოლა ჩემი შვილის კლასელი, გვარად მჭედლიშვილი. ისიც უსაფუძვლოდ გარიცხა. მისთვის უკითხავს – სკოლიდან რომ ბიჭი გავრიცხე იმას იცნობდიო?! პასუხად მიუღია, არა. „ჰოდა, იმას მიჰყვები, იმიტომ რომ იმას ძველბიჭური მანერები ჰქონდა და შენც ასე ხარო“.
მჭედლიშვილს ხუთი სკოლა ჰქონია გამოცვლილი. ტარას შავშიშვილის ნათქვამის გამო თავი ვერ შეუკავებია და კლასში ატირებული შესულა. მიხეილ ალექსიძემ და კიდევ რამდენიმე ბავშვმა მჭედლიშვილი ანუგეშა – არ ინერვიულო, ყველა ერთად ჩავალთ და ვთხოვთო. ამ დროს ბავშვები საკონტროლოს წერდნენ. ისინი ადგნენ და დირექტორთან ჩავიდნენ. მათ დერეფანში სხვა უფროსკლასელებიც შეუერთდნენ.
დირექტორმა ამდენი მოზარდი ერთად შეკრებილი რომ დაინახა, ასეთი ფორმით მიმართა – „აბა დავიშალეთ ბიჭებო, დავიშალეთ“. თან იკითხა, რატომ შეიკრიბეთო?! ამაზე მიხეილ ალექსიძეს უთქვამს, ახლა რომ ბიჭი გარიცხეთ, ჩვენ მისი მეგობრები ვართ და ძალიან გთხოვთ, იქნებ შეიცოდოთ, იმიტომ რომ პრობლემური ისტორია აქვს, ხუთი სკოლა გამოიცვალაო. ამაზე დირექტორმა უპასუხა, შენ ვინ გეკითხება, ჩემს გადაწყვეტილებას რომ ეწინააღმდეგებიო?
აბა რომელი ხართ მჭედლიშვილის მეგობარიო?! – იკითხა დირექტორმა ხმამაღლა. მიხეილ ალექსიძემ მიუგო, მე ვარ მისი მეგობარიო. დირექტორმა მიხეილი კაბინეტში შეიყვანა და პატრული გამოიძახა. ამას რატომ აკეთებთო, – ბავშვებმა ჰკითხეს და პრევენციული ზომებისთვის, – მიუგო დირექტორმა.
მიხეილ ალექსიძეს მიუთითა, თქვენ დაბრძანდითო. მიხეილის დამრიგებელს მიმართა, თქვენ ამ ბავშვის დედა გამოიძახეთო. სახლიდან სკოლაში მისასვლელად ხუთი წუთი არ დამჭირვებია. რა დააშავა ალექსიძემ-მეთქი მანდატურს ვკითხე და სამივე მანდატურმა ერთხმად მითხრა, ქალბატონო ლალი, თქვენ უნდა ამაყობდეთ, თქვენი შვილი ისეთი ვაჟკაცური და მეგობრული იყოო (მოგვიანებით ამ სამმა მანდატურმა რადიკალურად განსხვავებული, ცრუ ჩვენება მისცა). კლასელი გოგონები ტიროდნენ, მიხეილს არაფერი დაუშავებია, მხოლოდ თანადგომა გამოხატაო.
დირექტორის კაბინეტი მეუცხოვა. ტარას შავშიშვილის წინამორბედ დირექტორს უწმინდესის და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის ფოტოები ჰქონდა კედელზე. შავშიშვილს კიდევ თავისი დიპლომები ჰქონდა გამოფენილი – ექვსი დიპლომის ფონზე იჯდა. დიპლომებს შორის იყო სორბონაში რამდენიმეთვიანი კურსდამთავრებულის აღმნიშვნელი დიპლომი.
კაბინეტში, რომ შევედი, თავი არ აუწევია, ისე მითხრა – იცით რას გეტყვით?! აიღეთ თქვენი დოკუმენტები და თქვენი შვილი სხვა სკოლაში გადაიყვანეთ, მე თქვენთან დისკუსიაში არ შემოვალო. რა დააშავა ბავშვმა, რის გამო აძევებთ სკოლიდან, იქნებ ფაქტი მითხრათ-მეთქი და ამაზე მიპასუხა – ასე ვთვლი საჭიროდ და თუ არ წაიყვანთ, დავაჭერინებო…
    დასასრული:
 მე არ დამავიწყდება მიხეილის გაოფლიანებული ხელები, სააკაშვილის გამოსვლა რომ მოისმინა. დედა, ეს ჩემზე თქვა, რომ აბა მის გვერდზე ვინ დაჯდებაო?! გაოგნებული იყო – იმ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, რომელიც ყელამდე პრობლემებშია, 15 წლის ბავშვზე სალაპარაკოდ ეცალა.
მიხეილი თეატრალური უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს, კინოსარეჟისოროზე, ასპროცენტიანი დაფინანსება მიიღო, 160 ქულა დააგროვა. პატარა მეთერთმეტე კლასშია, იმ სკოლიდან პრინციპულად არ წამოვიყვანე, დღემდე იქაა. დღევანდელი დირექტორი ეკა გახარია გულისხმიერი ქალბატონია, მასაც დიდი ბრძოლები ჰქონდა. მიხეილმა რომ ჩააბარა, პირველად უწმინდესთან წავედი და გავახარე. რამდენიმე დღის წინ ტარას შავშიშვილი საპატრიარქოში ვნახე, დაცვის თანამშრომელს რაციით ხელში ესაუბრებოდა.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თუ ტარას შავშიშვილი სინანულშია, ეს უწმინდესის დამსახურებაა, მაგრამ რაციით ხელში?????”
euronews.ge

No comments:

Post a Comment