საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტებში ცვლილებების მიხედვით, რომელიც 1 მაისიდან მოქმედებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები დაუფინანსდებათ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჯგუფები და დაფინანსების პირობები კი ასე გადანაწილდა: საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს, მიეცემათ არჩევნის საშუალება - ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით. გარდა ამისა, ამ კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებს პროგრამის ფარგლებში, კერძო დაზღვევის პაკეტის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა კერძოდ, ქიმიო და ჰორმონოთრაპია. ასევე, მშობიარობა/საკეისრო კვეთის მომსახურება.
თვითდასაქმებულ, არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა მცირედ შეზღუდული პაკეტით.
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 100 000-მდეა, და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მოცულობა უცვლელად შეუნარჩუნდებათ. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ.
ცვლილების მიზანია სოციალური სამართლიანობის შექმნა. გარდა ამისა, სადაზღვევო ინდუსტრიას ექნება ყველა ბერკეტი, რომ აქტიური მარკეტინგით შეძლონ, მომხმარებლების მიზიდვა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment