Pages

Thursday, June 29, 2017

ვნებს თუ არა იმუნიტეტს სიცხის დამწევი წამლები და ანტიბიოტიკები?

ყველაფერი, რაც გვაინტერესებს ჩვენი ორგანიზმის დაცვის სისტემის, იმუნიტეტის შესახებ

როგორ გამოიყურება იმუნური სისტემა და სად მდებარეობს?

იმუნური სისტემა - მთელ ორგანიზმში გაბნეული ცალკეული უჯრედები და ორგანოებია. ძვლის ტვინი და თიმუსი (მკერდუკანა, ჩანგლისებრი ჯირკვალი) ის ორი მთავარი ორგანოა, რომლის გარეშეც იმუნური სისტემა არ მუშაობს. თიმუსში იმუნური სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი უჯრედები - T-ლიმფოციტები ყალიბდება, ძვლის ტვინში - ყველა დანარჩენი უჯრედი, რომელიც გვიცავს ვირუსების, ბაქტერიების და სხვა მსგავსი საფრთხეებისგან. ასაკთან ერთად თიმუსი ნელ-ნელა მცირდება.

იმუნური სისტემის ნაწილია ასევე თიმუსის და ძვლის ტვინის მიერ გამომუშავებული უჯრედები (ლიმფოციტები, მონოციტები, ფაგოციტები, ეოზინოფილები, ლიმფური ძარღვები და ლიმფოკვანძები). ადამიანებს იცავს აგრეთვე გლანდები, ელენთა, პეიერის ფოლაქები ნაწლავებში, ბრმანაწლავი. ბავშვებს აქვთ ასევე ადენოიდები, რომელიც ფაქტობრივად ქრება, როდესაც ისინი მოზარდები ხდებიან.     

როგორ მუშაობს იმუნური სისტემა?

სისტემა ძალიან რთულია, მაგრამ იოლად რომ წარმოვიდგინოთ, მისი მუშაობის პროცესი ასეთია: იმუნური სისტემის უჯრედები ცნობენ ორგანიზმისთვის უცხო ობიექტებს და ანადგურებენ მათ სხვადასხვა მეთოდებით. ახალ დაბადებულ ადამიანს თანდაყოლილი იმუნიტეტი იცავს. მისი დახმარებით ის სწრაფად რეაგირებს  სხვადასხვა ვირუსსა და მიკროორგანიზმზე, ასევე დაცულია ინფექციის განვითარებისგან. სიცოცხლის პირველი კვირების ან თვეების განმავლობაში ჩვილს აქვს დედისგან გადმოყოლილი ანტისხეულები, სპეციფიკური იმუნიტეტის ელემენტები, რომლებიც ხელს უწყობს ზოგიერთი პათოგენის (დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმი ან ფაქტორი) წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას. დროსთან ერთად, ადამიანის იმუნური სისტემა სულ უფრო მეტ პათოგენს იმახსოვრებს და საკუთარი ანტისხეულები უჩნდება. მას “შეძენილ იმუნიტეტს” უწოდებენ.      

იმუნური სისტემა ებრძვის არამხოლოდ ვირუსებს, ბაქტერიებს, სოკოს და ორგანიზმში გარედან მოხვედრილ სხვა მიკროორგანიზმებს. ის ებრძვის ასევე საკუთარ გადაგვარებულ უჯრედებსაც, რომლებიც შეიძლება ონკოლოგიურად გარდაიქმნან, და ავთვისებიანი წარმონაქმნის გაჩენის შემთხვევაშიც, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცდილობს მასთან ბრძოლას. ადამიანებს, რომლებსაც სერიოზული იმუნოდეფიციტი აქვთ, ხშირად უჩნდებათ ონკოლოგიური დაავადებები.  

იმუნური სისტემის რაიმენაირად მოშლა იწვევს არამხოლოდ იმუნოდეფიციტს, არამედ, სხვა მძიმე იმუნურ დაავადებებსაც.

როგორ შევიტყო, რომ კონკრეტული ინფექციის მიმართ იმუნიტეტი უკვე მაქვს?

უნდა გაარკვიოთ იმუნოგლობულინების (Ig) დონე. ეს არის სწორედ ის ანტისხეულები, მოლეკულები, რომლებიც იმუნიტეტის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ. მაგალითად, წითელას ვირუსის IgG იმუნოგლობულინი არის G, რომელიც მას შემდეგ ჩნდება, რაც ადამიანმა ის მოიხადა და მასზე იმუნიტეტი გამოიმუშავა. ანუ ასო G ნიშნავს იმას, რომ ვირუსთან შეხვედრა ოდესღაც შედგა და თქვენს იმუნურ სისტემას ეს ახსოვს. იმუნოგლობულინი M ნიშნავს იმას, რომ თქვენ სწორედ ახლა გაქვთ რაღაც ინფექცია. არსებობს ასევე იმუნიგლობულინი E, ის “ჩნდება” როდესაც ადამიანი ებრძვის ჰელმინტებს ან ალერგენებს. იმუნოგლობულინი ეხმარება ლორწოვანს ბაქტერიებთან ბრძოლაში და ხელს უწყობს ორგანიზმის და ადამიანის მიკრობიოტების მშვიდობიან თანაარსებობას. მომატებული IgA შეიძლება რამდენიმე აბსოლუტურად სხვადასხვა დაავადების მანიშნებელი იყოს, მაგალითად ღვიძლის ცეროზის ან რევმატოიდული ართრიტის.    

სიცხის დამწევი წამლების მიღებით იმუნიტეტს ვაზიანებ?

შეიძლება, მაგრამ დანამდვილებით არავინ იცის. ერთი მხრივ ტემპერატურის ზრდა ანთების დროს ის მექანიზმია, რომელიც ცხოველებს ევოლუციის პერიოდში გაუჩნდათ და ნიშნავს იმას, რომ სიცხე საჭიროა დაავადებასთან ბრძოლისათვის. მეორე მხრივ, არ არსებობს კვლევა, რომელიც დამაჯერებლად ადასტურებს, რომ სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება ავად ყოფნას ახანრძლივებს, მეტიც, საპირისპირო მონაცემებიც არსებობს. დღეს ექიმების რჩევაა, მაღალი სიცხის დაწევას მხოლოდ მაშინ შევეცადოთ, როდესაც ის ცუდად გვხდის. თუმცა, თუკი ცხელება განსაკუთრებულ დისკომფორტს არ გვიქმნის, სჯობს აბები არ მივიღოთ: ტვინი მაღალი ტემპერატურისგან “არ გადაიწვება”, არც სხვა გამოუსწორებელი შედეგები არ დადგება. თუკი თქვენს ჯანმრთელობას სხვა პრობლემები არ აქვს და ტემპერატურა 42 გრადუსი არ არის, არაფერი მოგივათ.      

თუკი, მწვავე რესპირატურული ვირუსული ინფექცია სიცხის ფონზე არ მიმდინარეობს, სანერვიულო არაფერია: ესეც ნორმაა. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში სიფრთხილე საჭიროა. მაგალითად, ადამიანებს, რომლებსაც სერიოზული იმუნოდეფიციტი აქვთ, ხშირად დაავადება უსიცხოდ უვითარდებათ, ასევე მოხუცებს, რომლებსაც იმუნური სისტემის ბუნებრივი შესუსტების გამო სიცხე ისეთი სერიოზული ინფექციის დროსაც კი შეიძლება არ ჰქონდეთ, როგორიც პნევმონიაა (ფილტვის ანთება).  

წამლებზე თუ უარს ვიტყვი, უფრო ძლიერი იმუნიტეტი მექნება?

კვლევები ამას არ ადასტურებს. პირველ რიგში, საჭიროა იმ ექიმის დანიშნულებაზე ორიენტირება, რომელსაც ენდობით. ზოგჯერ მან ანტიბიოტიკები ბაქტერიული ინფექციების დროს შეიძლება უმალ არ გამოგიწეროთ. მაგრამ არა იმიტომ, რომ იმუნური სისტემისთვის ეს უფრო სასარგებლოა, არამედ იმიტომ რომ ორგანიზმი თავად გაუმკლავდება მას და არ არის საჭირო ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიების შექმნის ხელშეწყობა.
  
არსებობს გარკვეული პრეპარატები, რომლებზეც ცნობილია, რომ იმუნური სისტემის აქტიურობას თრგუნავენ. სინამდვილეში მათი მთავარი მიზანიც ესაა: ასეთ პრეპარატებს ექიმები ნიშნავენ აუტოიმუნური დაავადების შეკავებისათვის, ასევე  მაშინ, როდესაც საჭიროა, რომ ორგანიზმი გადანერგილ ორგანოს არ შეეხოს.

რატომ ამბობენ ხოლმე, რომ იმუნოსტიმულატორები არ მუშაობს?

ეს აზრი ძირითადად იმ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც წამლების ბაზარზე არ არსებობს მკაფიო რეგულაციები და რეცეპტის გაცემის სისტემა გამართულად არ მუშაობს. ასეთ დროს, ბევრი ისეთი იმუნოსტიმულატორი გაიცემა რეცეპტის გარეშე, რომლებიც ცუდად არის შესწავლილი და მათი ეფექტურობის თუ უსაფრთხოების შესახებ დანამდვილებით არაფრის თქმა შეიძლება.

დასავლურ ქვეყნებში სამკურნალო პრეპარატების მიმართ უფრო მკაცრი მოთხოვნებია, თუმცა იქაც, მაგალითად ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით არსებობს ეხინაცეა, რომელიც კვლევის შედეგების თანახმად, ასევე არ ზრდის მდგრადობას ინფექციების მიმართ.

თუკი თქვენ ხშირად ავადმყოფობთ, მაგრამ არ გაქვთ ისეთი მძიმე ინფექციური დაავადებები, რომლებიც ყოველთვის გართულებით მთავრდება ან რთულად იკურნება, სავარაუდოდ, თქვენ არანაირი იმუნოდეფიციტი არ გაქვთ, რომელსაც წამლებით მკურნალობა სჭირდება. შეიძლება რაიმე სხვა სახის დაავადება გაქვთ, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი ან ხშირად ეხებით ხელით სახეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში.   

სიმართლეა, რომ თითქოს ორგანიზმს შეუძლია თავის თავს შეუტიოს?

ასეთ დროს ვითარდება ერთ-ერთი აუტოიმუნური დაავადება, რომელიც სხვადასხვა სახისაა. I ტიპის შაქრის დიაბეტის შემთხვევაში იმუნური სისტემა ანადგურებს კუჭქვეშა ჯირკვალის ბეტა-უჯრედებს, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებს, და ადამიანი იძულებული ხდება ის ორგანიზმში ინექციის გზით, ნემსით შეიყვანოს.  გაფანტული სკლეროზის დროს ზიანდება ნერვული ქსოვილის ზედაპირი, რის გამოც ჩნდება დაბუჟება, სისუტე, თვალში გაორება ან მხედველობის დაკარგვა - ბევრი სიმპტომია. სისტემური წითელი ქარის პირობებში შეტევა ხორციელდება ფაქტობრივად ყველა ორგანოსა და სისტემაზე, რასაც მოსდევს სახსრების ტკივილი, გამონაყარი, დაღლილობა, ტკივილი მკერდის არეში, თმის ცვენა, სიცხის აწევა და ასე შემდეგ. სია გრძელია.

ექიმებმა დღემდე არ იციან კარგად, რატომ ჩნდება აუტოიმუნური დაავადებები. როგორც ჩანს, აქ სერიოზულ როლს თამაშობს გენეტიკური მიდრეკილება, ადამიანის ცხოვრების წესი და სტრესული სიტუაციები.

ძაღლის ყოლა მართლაც სასარგებლოა იმუნიტეტისთვის?

შეიძლება. ზოგიერთი მონაცემის თანახმად, თუკი ბავშვის სიცოცხლის პირველ წლებში მის გვერდით ძაღლია, ძალიან მცირეა ალბათობა იმისა, რომ მას რაიმე ტიპის ალერგია ან ასთმა განუვითარდება. კატის არსებობა სახლში, სადაც ჩვილია, სავარაუდოდ, ბავშვს თავად კატებზე ალერგიისგან იცავს. მაგრამ, დიდწილად ექიმებს არ შეუძლიათ ძაღლის ან კატის შეძენაზე მკაფიო რეკომენდაციის გაცემა. შინური ცხოველის მოვლისთვის პატრონებს სხვა მოტივაციაც უნდა გააჩნდეთ, ამიტომ სპეციალისტები ასეთ რჩევებს თავს არიდებენ.

სხვა ალერგენების მიმართ მსგავსი მიდგომა ყოველთვის არ მუშაობს: მაგალითად, ბაღლინჯოებთან და ტარაკნებთან მუდმივი კონტაქტი პირიქით, მხოლოდ ხელს უწყობს ალერგიის განვითარებას.
imedinews.ge

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

No comments:

Post a Comment