Pages

Thursday, June 29, 2017

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩემპიონები დაპროგრამებაში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა კონკურსი – 2017 წლის პირადი პირველობა დაპროგრამებაში. აღსანიშნავია, რომ კონკურსი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2013 წლიდან იმართება ყოველწლიურად, სტუდენტებისთვის სტანდარტული, ე.წ. ACM-ის სისტემით. ამ სისტემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეს ამოცანა ეთვლება შესრულებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმატებულად გადის ყველა ტესტს.
ამჯერად მონაწილეებს შევთავაზეთ 10 ამოცანიანი პაკეტი. ამოცანებში იყო წარმოდგენილი საოლიმპიადო დაპროგრამებისთვის დამახასიათებელი რამდენიმე პრობლემატიკა.
წელს შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თორმეტმა სტუდენტმა. აქედან: სამი – პირველკურსელი,  ოთხი – მეორეკურსელი, ორი – მესამეკურსელი, ორი – მეოთხეკურსელი და ერთიც პირველი წლის სწავლების დოქტორანტი იყო (შეგახსენებთ, რომ მონაწილეობა შეეძლო ყველა საფეხურის სტუდენტს). 12 სტუდენტიდან 9 მონაწილემ პირველად მიიღო  პროგრამისტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა.
უნდა ითქვას, რომ დებიუტანტებმა საკმაოდ დიდი მონდომება და შეუპოვრობა გამოავლინეს და, საბოლოოდ, არც ისე ურიგო შედეგები აჩვენეს – 12 მონაწილიდან 11-მა არანულოვანი შედეგი აჩვენა.
შეჯიბრება ერთობ საინტერესოდ წარიმართა. პირველი ამოცანა, რეკორდულ დროში, მე-9 წუთზე, ჩააბარა დავით სირბილაძემ (ერთადერთი დოქტორანტი). დავითისთვის ეს იყო მეოთხე მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირად პირველობებში. მოყოლებული 2013 წლიდან მან გამოტოვა მხოლოდ შარშანდელი პირველობა. წინ გავუსწრებთ მოვლენებს და აქვე მოგახსენებთ, რომ დავითი აქამდე ყოველთვის პრიზიორთა შორის იკავებდა ადგილს და წელსაც არ უღალატა ტრადიციას – მესამე ადგილი დაიკავა.
დავით სირბილაძე ლიდერობდა შეჯიბრებას პირველი საათის თითქმის ბოლომდე, ვიდრე რავილ გასანოვმა (მესამე კურსი) არ ჩააბარა მეორე ამოცანა. მოყოლებული ამ მომენტიდან რავილს არ გაუშვია ხელიდან ლიდერობა და საბოლოოდ, 4 ჩაბარებული ამოცანით მოიპოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2017 წლის ჩემპიონის ტიტული. 4 ამოცანიდან ორი (D და I) მხოლოდ რავილმა ჩააბარა. მოგახსენებთ, რომ რავილი გახლავთ სტუ-ის შარშანდელი პირადი პირველობის მეორე პრიზიორი. შეჯიბრების მეორე საათის მეორე ნახევრიდან გასანოვი ლიდერობდა საკმაოდ კომფორტული უპირატესობით, მას 3 ამოცანა ჰქონდა ჩაბარებული და უახლოეს მდევარს 2 ამოცანით ასწრებდა. მაგრამ მესამე საათიდან მის ლიდერობას დაემუქრა პირველკურსელი ირაკლი პარშუტკინი. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლისთვის ეს შეჯიბრება სადებიუტი იყო, მან მესამე საათზე ჩააბარა მესამე ამოცანა და დაეწია ლიდერს. მეოთხე საათის დასაწყისში გასანოვმა შეძლო მეოთხე ამოცანის ჩაბარება, მაგრამ შეჯიბრების ბოლო წუთებამდე გრძნობდა ”მდევრის სუნთქვას”. ირაკლი ბოლომდე იბრძოდა მეოთხე ამოცანის ჩაბარებისთვის, თუმცა ამის გაკეთება შეჯიბრებისთვის განკუთვნილ დროში ვერ მოასწრო.
ამრიგად, პირველკურსელი ირაკლი პარშუტკინი გახდა სტუ-ის 2017 წლის პირადი პირველობის მეორე პრიზიორი, რაც უდავო წარმატებაა ამ ყმაწვილისთვის. სიტყვამ მოიტანა და არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ გარკვეული მომზადების შემდეგ ის თვისობრივად გააუმჯობესებს პროგრამისტულ ტექნიკას. რაც, საბოლოოდ, მკვეთრად გაზრდის მის საოლიმპიადო ძალას. თუმცა დღევანდელი მომზადების დონითაც ირაკლი ახლოს იყო გაჩემპიონებასთან. საქმე ისაა, რომ შეჯიბრების განმავლობაში მომხდარმა ერთადერთმა ტექნიკურმა მტყუნებამ (C ამოცანის 2 ტესტში გაპარულმა შეცდომამ) შეფერხება მხოლოდ მას შეუქმნა. ეს შეცდომა მალევე იქნა აღმოჩენილი და აღმოფხვრილი, მაგრამ ამის გამო  მის მიერ ჩაბარებული ამოხსნის სისწორის დასტური ირაკლიმ დაახლოებით 30 წუთის დაგვიანებით მიიღო – თავდაპირველი უარყოფითი ვერდიქტის შემდეგ. ცხადია, ამან დრო და ნერვული ენერგია წაართვა მას. და ვინ იცის, ეს შეფერხება რომ არა, ეგება კიდეც მოესწრო მე-4 ამოცანის ჩაბარება… აქ საკმაოდ ვრცლად ვსაუბრობ ამ ყმაწვილზე, რადგან აშკარად ჩანს, რომ მისი სახით სტუ-ს ყავს ერთობ დიდი პოტენციალის მქონე პროგრამისტი-ოლიმპიელი. ვფიქრობ, ყველას გაგვიხარდება, თუ ირაკლი არ დაიზარებს ამ მიმართულებით განვითარებისთვის აუცილებელ შრომას და ახლო მომავალში გაგვახარებს მაღალი შედეგებით საერთაშორისო პროგრამისტულ შეჯიბრებებზე.
როგორც ზემოთ უკვე ითქვა, მესამე ადგილი დაიკავა დავით სირბილაძემ. მან 2 ამოცანა ჩააბარა. ასევე 2 ამოცანა ჩააბარა შეჯიბრების დებიუტანტმა, მეორეკურსელმა დავით ბიწკინაშვილმა. იგი მხოლოდ დამატებითი (დროითი) მაჩვენებლებით ჩამორჩა მესამე პრიზიორს. ცხადია, ეს შედეგი წარმატებაა ამ ყმაწვილისთვის და ღირსეულად დააგვირგვინა მის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში გამოვლენილი მუყაითობა და მონდომება.
ხაზგასმას იმსახურებს ის გარემოება, რომ სტუ-ის პირადი პირველობების ჩატარების ისტორიაში წელს პირველად მოხდა მონაწილეების მიერ ერთობლივად შეთავაზებული ამოცანების 50%-ზე მეტის (10-დან 6) ამოხსნა.
შარშანდელმა გამარჯვებულმა, დაჩი მაძღარაშვილმა, მხოლოდ 1 ამოცანის ჩაბარება შეძლო, რაც მისთვის უდავოდ წარუმატებლობაა. იმედს გამოვთქვამ, რომ დაჩი სწორ დასკვნებს გამოიტანს ამ წარუმატებლობიდან და ახლო მომავალში დაადასტურებს თავის დროზე მასზე დამყარებული იმედების მართებულობას.
არ შემიძლია ცალკე არ ვთქვა ორიოდ სიტყვა ოლღა არველაძის შესახებ. შარშან ეს გოგონა თავად გახლდათ სტუ-ს პირველობის მონაწილე (მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა). წელს ოლღა მოგვევლინა არა მარტო ერთ-ერთ ორგანიზატორად, არამედ მონაწილეთა თითქმის ნახევრის ხელმძღვანელად და საოლიმპიადო საქმიანობაში ჩამრთველად. ირაკლი პარშუტკინის აღმოჩენას სწორედ ოლღას უნდა ვუმადლოდეთ.
არ შემიძლია ცალკე არ ვთქვა ორიოდ სიტყვა ოლღა არველაძის შესახებ. შარშან ეს გოგონა თავად გახლდათ სტუ-ს პირველობის მონაწილე (მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა). წელს ოლღა მოგვევლინა არა მარტო ერთ-ერთ ორგანიზატორად, არამედ მონაწილეთა თითქმის ნახევრის ხელმძღვანელად და საოლიმპიადო საქმიანობაში ჩამრთველად. ირაკლი პარშუტკინის აღმოჩენას სწორედ ოლღას უნდა ვუმადლოდეთ. აქვე მინდა მოუწოდო კოლეგებს მეტი აქტიურობისკენ. ეჭვი არ მეპარება, რომ სტუ-ის სტუდენტებს შორის არის არა ერთი განსაკუთრებული პროგრამისტული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა და მათი გამოვლენა შემდგომი განვითარების მიზნით უაღრესად მადლიანი საქმეა.
და ბოლოს, არ შემიძლია მადლიერება არ გამოვთქვა კომპიუტერული დარბაზის მესვეურების (ბ-ბი დავით ჩიქოვანი  და გია ხურცილავა) მიმართ, რომელთა წყალობით ახალგაზრდებს იდეალურთან ახლო საშეჯიბრო პირობები ქონდათ.
გადაწყდა, რომ მონაწილეები, რომლებმაც ჩააბარეს 3 და მეტი ამოცანა დაჯილდოვდება პირველი ხარისხის დიპლომებით დაკავებული ადგილის მითითებით, 2 ამოცანის ჩამბარებლებს გადაეცემა მეორე ხარისხის დიპლომები, ასევე დაკავებული ადგილის ჩვენებით, ხოლო თითო ამოცანის ჩამბარებლები დაჯილდოვდება მესამე ხარისხის დიპლომებით.
შეჯიბრების დახურვა (შედეგების შეჯამება და გამარჯვებულთა დაჯილდოვება) ჩატარდა 28 ივნისს, სემინარის – ”მიმდევრობითი და პარალელური ალგორითმები” – სხდომაზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში,  გიორგი ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში.
კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო დაპროგრამებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2017 წლის პირველობის ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს ამ ფრიად საინტერესო და სასარგებლო ღონისძიების წარმატებით ჩატარება, მადლობა მოვახსენო იმ სუფთა სპორტული ატმოსფეროსთვის, რაც სუფევდა ამ ღონისძიებაზე და ვუსურვო სამომავლო დიდი წარმატებები.

თემურ ზარქუა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2017 წლის პირადი პირველობის დირექტორი
http://progressnews.ge/

მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                              ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება


No comments:

Post a Comment