გამსწორებელათა ნაწილი თბილისში მუშაობს, ნაწილი კი რეგიონებში – საკუთარ სახლებში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმღვანელი მაია მიმინოშვილი ზოგადი დონის გაუმჯობესებაზე საუბრობს და ამბობს, რომ წერით დავალებაში მაქსიმალური – 20 ქულა საკმაოდ ხშირად იწერება.
„არაობიექტურობის თავიდან ასაცილებლად თითოეული დავალება დამოუკიდებლად ორჯერ სწორდება, თუმცა გამსწორებლებიც ადამიანები არიან და თეორიულად არსებობს არაობიექტურობის შანსი. ამისათვის არსებობს აპელაცია. საბოლოო შედეგები სწორედ სააპელაციო პროცესის დასრულების შემდეგ ქვეყნდება“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
თვალსაჩინო პროგრესზე საუბრობს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ქართული ენისა და ლიტერატურის გამწორებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძეც და აცხადებს, რომ ათი წლის წინანდელთან შედარებით, წლევანდელი ნაწერები ბევრად უკეთესია.
ნანა ლოლაძე: იმდენად უკეთესი ნამუშევრებია, გვგონია 30 წელი გავიდა. ახლა საუბარი უკვე იმაზეა, თუ ვინ უფრო საინტერესო არგუმენტს მოიყვანს. ადრე კი საუბარი იმაზე იყო, რომ როგორმე აზრი ჩამოეყალიბებინათ. ეს ყველა დავალებას ეხება – ტექსტის რედაქტირებაც უკეთესად სრულდება, არგუმენტირებული ესეც და მხატვრული ტექსტის ანალიზიც.
წინა წლებში არ ესმოდათ მაგალითად ტერმინ გლობალიზაციის მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში, მაგალითად გეოგრაფიისა და ისტორიის წიგნებში ეს ხშირად ხვდებათ. წელს კი სიტყვა გლობალიზაცია ამ დავალებების კონტექსში ისე კარგად აქვთ გამოყენებული, რომ გაგიკვირდებათ. ბევრად უკეთ მომზადებულები არიან.
იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვებს დავალებები არაადეკვატურად ჰქონდათ გაგებული, ამიტომ ნული იწერებოდა. წელს კი, მართალია ჯერ მხოლოდ პირველი სესიის დავალებები სწორდება, მაგრამ უკვე ვხედავთ საერთო სურათს – ასეთი პრობლემა არც ერთს არ ჰქონია.
–ანუ, ნულით ჯერ არც ერთი დავალება არ შეფასებულა?
ნ.ლ: ნულით შეფასდება, იმიტომ რომ ვერ დაწერა კარგად და არა იმიტომ, რომ ვერ გაიგო. ამ მომენტისთვისაც არის ნულები, მაგრამ როცა პროგრესზე ვსაუბრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად მომზადებული ბავშვები კიდევ უფრო უკეთესად მომზადებულები მოდიან, თორემ მოუმზადებელი და უცოდინარი ათი წლის წინ როგორიც იყო, ახლაც ისეთია. უბრალოდ ზოგადად უფრო მეტია მომზადებული, ვიდრე მოუმზადებელი.
ენობრივი შეცდომებიც ნაკლებია და რაც ყველაზე მთავარია, ბევრად გათამამდნენ. ამას სკოლამაც ხელი შეუწყო, რადგან, თუნდაც, არგუმენტირებული ესე სასწავლო პროცესში უფრო მყარად შევიდა. ასე რომ, თითქმის ცარიელი ნაწერები არ გვხდვება. მხატვრული ტექსტის ანალიზიც პრაქტიკულად ყველამ შეასრულა. უკეთესობა ნამდვილად საგრძნობია.
ზოგადად, სამსჯელოდ ისეთ საკითხებს ვაძლევთ, რაც აქტუალურია, რაც ახალგაზრდობას აღელვებს. ამაზე ფიქრობენ, წერენ იმას, რაც აინტერესებთ და აზრს ძალიან თავისუფლად აყალიბებენ.
–შარშან ამბობდით, რომ არგუმენტირებულ ესეშიცა და სხვა დავალებებშიც იგრძნობოდა ერთგვარი შაბლონებით წერის მცდელობა. წელსაც ასეა?
ნ.ლ: ჩვენ ამის საპირისპიროდ ისეთი დავალებები შევთავაზეთ, სადაც მზა შაბლონები არ გამოადგებოდათ და ასეთი ნაწერები პრაქტიკულად აღარ შეგვხვედრია. უფრო თავისუფლად მსჯელობენ. დავალებამ არ მისცათ საშუალება, რომ ის ძველი შაბლონები გადმოეტანათ და უკეთესად წერენ, ვიდრე შაბლონების გამოყენებით დაწერდნენ.
–შარშან სიტყვა დემოკრატიის მნიშვნელობა ბევრს არასწორად ჰქონდა გაგებული. თქვენვე ახსენეთ, რომ ხშირად გლობალიზაციის მნიშვნელობა არ ესმოდათ. წელს მსგავსი შემთხვევები აღარაა?
ნ.ლ: წელს არაა დავალებები, რომელშიც ასეთი ტერმინოლოგია იქნებოდა. კულტურათა დაახლოება და ეროვნული თვითმყოფადობა თუ არ ესმის ბავშვს, რა გითხრათ.
–გრამატიკულად დასარედაქტირებელ ტექსტში იყო თუ არა გასასწორებელი ისეთი სიტყვები, რომელთაც ორაზროვნება შეიძლებოდა გამოეწვიათ?
ნ.ლ: არა. ასეთ დავალებას ბავშვებს არ ვაძლევთ. დასარედაქტირებელ ტექსტში ცალსახა შეცდომებია გასასწორებელი. იქ სადავო არაფერია. არის შემთხვევები, როცა ბავშვი თავად ცვლის რაღაცას და ეს შეიძლება იყოს სადავო, მაგრამ რაც სადავოა, ის ყველა შემთხვევაში ბავშვის სასიკეთოდ წყდება.
მაგალითად, საკუთარი სახელი არასოდეს არის გასასწორებელთა რიცხვში და როგორც არ უნდა დაწეროს აბიტურიენტმა ის, შეცდომად არ ვთვლით. არც ტოპონიმს, არც ადამიანის სახელს, არც ჟურნალ-გაზეთისა თუ ნაწარმოების დასახელებას. „მთაწმინდელის“ დაწერს თუ „მთაწმინდლის“, კომისია ამას ყურადღებას არ მიაქცევს.
ყველაზე კარგი ინდიკატორი, ამ ყველაფრის შესაფასებლად ისაა, თუ რამდენი ასაჩივრებს ქულას. 35-36 ათასი აპლიკანტიდან 120-150 ასაჩივრებს და ამით ყველაფერი ნათელია. როდესაც ბავშვები თავიანთ ნაშრომებს ნახულობენ, მათ კითხვები აღარ რჩებათ. ის ხედავს, რომ რაღაცაზე ანგარიში გავუწიეთ, რაღაცაზე თვალი დავხუჭეთ. ასეც ხდება, როცა ვხედავთ ბავშვი ნიჭიერია, გონიერია. ჩვენთვის მთავარია ახალგაზრდებს ჰქონდეთ ცოდნა, ფიქრობდნენ, აზროვნებდნენ და ამ ნააზრევის წერილობით გადმოცემა შეეძლოთ.
შეიძლება ბავშვი თავისი ქულით კმაყოფილი არ იყოს და ქულა გაასაჩივროს, მაგრამ ჯერ არ გვქონია შემთხვევა, როცა ვინმეს ბავშვი მიზანმიმართულად დაჩაგროს. ამაზე სასამართლოც კი მომიგია.
–ანუ, ვინმემ ქულის გამო გიჩივლათ?
ნ.ლ: პირველ წელს ასე მოხდა. მაშინ ჩვენ დედნებს ვასწორებდით და ასლებს არ ვაქვეყნებდით. დიდი ბჭობა გვქონდა იმაზე, დაგვედო თუ არა საჯაროდ ბავშვების ნაწერები. ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს კონფიდენციალურია და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში აჩვენებენ ვინმეს, თუ საქმე სასამართლომდე მივა. პირველ წელს ჩვენთანაც ასე იყო და მერე გადავწყვიტეთ, რომ საჯაოდ გადაგვედო, რადგან ჩვენ არ გვეშინია – ნახოს თითოეულმა დაინტერესებულმა, თუ როგორი ნაწერია და როგორაა გასწორდებული. თუ რამე ხარვეზები გვაქვს, მიგვთითოს და გამოვასწორებთ.
–აპელაციაზე მაქსიმუმ რამდენი ქულა მომატებიათ?
ნ.ლ: აპელაციაზეც 1-2 ქულაზე მეტი, როგორც წესი, არ ემატება ხოლმე. ერთადერთი წელი იყო, როცა კალმები ცუდად წერდნენ და მძიმეები არ ჩანდა. როცა გააპროტესტეს დედნები ამოვიღეთ და ის გავასწორეთ. ამ დროს იყო შემთხვევა, როცა 5-6 ქულაც კი მოემატათ.
ვფიქრობ, რეალურად საზოგადოებამ იცის, რომ ბავშვის საწინააღმდეგოდ არაფერი კეთდება. ამ გამოცდამ ნდობა ნამდვილად მოიპვა. არაობიექტური შეფასებები და ჩასაფრებული პოზიცია ძალიან სამწუხაროა, რადგან პირველ რიგში ბავშვებსა და მშობლებს ანერვიულებთ. თუ თვის ბოლომდე მოიცდიან, ყველა გაიგებს თუ როგორ ვასწორებთ.
–აბიტურიენტებიცა და მათი მშოლებიც ხშირად ჩივიან, რომ სკოლაში გრამატიკას სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო და ყურადღება ეთმობა მაშინ როცა საგამოცდო ტესტებში გრამატიკული დავალებები უწინდელივით შედის. რას უპასუხებდით მათ? არის საგამოცდო ტესტები სკოლაში ნასწავლი მასალის ადეკვატური?
ნ.ლ: ნაკლები საათი თეორიულ გრამატიკას ეთმობა – გვარს, მწკრივს და ა.შ. ასეთი საკითხები ტესტში არაა. უბრალოდ აბიტურიენტმა სწორად უნდა დაწეროს. უნდა იცოდეს, რომ „ორი კაცი, რომელიც მიდიოდა“ შეცდომაა და სწორია – „ორი კაცი, რომლებიც მიდიოდნენ“. გრამატიკის საათები თუ მცირდება ლიტერატურაში ხომ კარგ ქართულს ასწავლიან.
გრამატიკის სისტემური კურსის ამოღება, რა თქმა უნდა, არაა კარგი. დამერწმუნეთ, თანდათან გრამატიკა სკოლაში დაბრუნდება და კიდევ უფრო ფართოდ შემოვა. უბრალოდ სახელმძღვანელოები იქნება უფრო მრავალფეროვანი და უფრო თანამედროვე მეთოდოლოგიით მიწოდებული. წესების დაზეპირება აღარ იქნება საჭირო.
გრამატიკას სასწავლო პროცესში გვერდს ვერანაირად ვერ ავუვლით. იმ ბავშვებს, რომლებიც კარგად წერენ, მასწავლებელმა პრაქტიკული გრამატიკა ასწავლა. სხვანაირად სწორად ვერ დაწერს. ლიტერატურის კითხვითაც გამახსოვრდება სწორი ფორმები.
ასე რომ, ჩვენთან ისეთ საკითხებს არ ვეკითხებით. პრეტენზია შეიძლება გამოსაშვებ გამოცდაზე ჰქონდეთ, სადაც რამდენიმე ასეთი საკითხი შედის, თუმცა მთლად გვარსა და ქცევას არც იქ ვეკითხებით. ქვემდებარე და შემასმენელი კი მესამე კლასშიც კი ისწავლება. შემასმენელი რომ ზმნაა, ეს თუ არ იცის სკოლადამთავრებულმა, იმას ერთი ქულა კი უნდა დააკლდეს.
ჩვენ იმასაც გვსაყვედურობენ, რომ ეროვნულ გამოცდებზე მარტივ შეკითხვებს ვუსვამთ. მე კი ვფიქრობ, რომ როცა ბავშვებს 17-18 შეცდომიანი ტექსტის გასწორება ევალებათ, ძალიან რთული მაგალითები არაა საჭირო. მათ იმას ვეკითხებით, რაც აუცილებლად უნდა იცოდნენ.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment