Pages

Friday, July 28, 2017

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები სამაგისტრო გამოცდით დასრულდა – შეფასებები

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. ბოლო დღეს მაგისტრობის მსურველ  აპლიკანტებს C ტიპის ტესტზე მოუწიათ მუშაობა, სადაც ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობა შედიოდა. A ტიპის ტესტზე დარეგისტრირებული იყო 5 721 მაგისტრობის მსურველი, B ტიპის ტესტზე 5 637, C ტიპის ტესტზე 2 080. მთლიანობაში ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულთა ჯამი 13 438–ს შეადგენდა. საგამოცდო ცენტრიდან გამოსული მაგისტრობის მსურველები ამბობენ, რომ გამოცდა საშუალო სირთულის იყო და დაწესებული ბარიერის გადალახვა სავარაუდოდ არ გაუჭირდებათ.
„მოლოდინი მაქვს რომ აუცილებლად ჩავაბარებ და გავაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაში. რაოდენობრივი შედარებით ადვილად დავწერე, გამოცდას კი საშუალო სირთულისად ვაფასებ. ერთი ასეთი სასაცილო საკითხი შემხვდა, გვეკითხებოდნენ – ორნიშნა რიცხვის ჯამი ერთის ტოლია და უნდა გაგვეგო რისი ტოლი იქნებოდა მისი ნამრავლი“, – აბობს დავით ალავერდაშვილი.
„საერთოდ არაფერი არ მახსოვს. ერთადერთი მათემატიკური ნაწილი იმდენად მარტივი იყო, რომ ძალიან მალე დავწერე. მიუხედავად იმისა, რომ დრო არ მყოფნის ხოლმე, ამ ნაწილში დიაგრამები იყო ძალიან ბევრი, ანუ რაც წინა წლებში იგივე იყო, უბრალოდ ამჯერად უფრო გამარტივებული ვერსიით“, – გვეუბნება ნიკოლოზ ბარბაქაძე.
„რაოდენობრივი მსჯელობები ასეთი სახის იყო, მაგალითად მოცემული იყო პირობა და ამ პირობით ვწერდით ორ ამოცანას, დანარჩენი იყო სტანდარტული ლოგიკა, რაღაც განსაკუთრებული სირთულის გამოცდა არ ყოფილა. მათემატიკურ ნაწილში იყო გრაფიკები, გეომეტრიული ფიგურები და გვკითხებოდნენ, რომელი პირობაა საჭირო იმისთვის, რომ ამოვხსნათ ამოცანა. ვფიქრობ, რომ უნდა გამიმართლდეს და ჩავაბარო“,  – აცხადებს ნინი მთიულიშვილი.
„მოცემული იყო რაღაცა მოწყობილობა, რომელიც ორი მილით ივსებოდა, ერთი მილიდან წყალი ჩადიოდა, წუთში ხუთი ლიტრის ოდენობით, ხოლო მეორედან არ იყო მითითებული და მთლიანად ეს მოწყობილობა წყლით ათ წუთში ივსებოდა, აქედან გამომდინარე უნდა გაგვეგო რამდენი ლიტრი წყალი ჩადიოდა მეორე მილიდან. ასეთი საინტერესო და სააზროვნო საკითხები იყო“, – გვეუბნება მაგისტრობის მსურველი თამაზ გიგაშვილი.
„გამოცდა რთული ნამდვილად არ იყო, ჩემი აზრით, მაგისტრობის სურვილის მქონე ადამიანმა უნდა დაძლიოს. მათემატიკაში დრო საკმარისი იყო, თუმცა ლოგიკაში ზუსტად ჩავეტიე, შეიძლება უფრო უკეთესი ყოფილიყო ცოტა დროც რომ მქონოდა. იყო ისეთი საკითხები, რაც დაფიქრებას საჭიროებდა და იყო საკითხები, რაზეც ბევრი ვერ ვიფიქრე და ისე ჩავხაზე. მათემატიკა ძალიან ადვილი იყო, მართლა, ძირითადად როგორც ყოველ წელს მოდის ხოლმე მასეთი იყო, ძირითადად იყო მონაცემთა საკმარისობა, ხუთი დავალება მაინც იყო ასეთი. უმეტესწილად გეომეტრია იყო, ალგებრა ნაკლებად, საკოორდინატორო სისტემები და მართკუთხედები“, – ამბობს ანი მახარობლიძე.
„ლოგიკაში ერთი დავალება პირამიდებზე მოვიდა. მოცემული იყო შვიდი პირამიდა და იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებმაც ეს პირამიდები ააგეს. ასევე იყო მოცემული მათი სიმაღლეებიც. ამ ამოცანიდან უნდა გაგვეგო – რომელმა არქიტექტორმა რომელი პირამიდა ააგო, ასეთი სახის იყო რამდენიმე დავალება. ვფიქრობ, რომ თავი გავართვი და შედეგიც კარგი მექნება“, – აცხადებს მარიამ წულაშვილი.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტებისა და პასუხების გამოქვეყნება მიმდინარე კვირაში მოხდება. რაც შეეხება შედეგებს, აგვისტოს შუა რიცხვებში აპლიკანტები თავიანთ შედეგებს უკვე გაიგებენ, ხოლო გრანტის შესახებ ინფორმაცია, სავარაუდოდ ნოემბრის თვეში გახდება ცნობილი. მთლიანი გრანტის მოცულობა, რომლითაც მაგისტრები დაფინანსდებიან 2 მილიონი ლარია და ამ თანხით დაახლოებით 900-მდე სტუდენტი ფინანსდება.
წაკითხულის გააზრების მაქსიმალური ქულაა 21, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი  – 6,4; ანალიტიკური წერის  მაქსიმალური ქულა 20, ზღვარი – 7,0 ; ლოგიკური  ლოგიკური მსჯელობის მაქსიმალური ქულაა 17, ზღვარი  – 5,2;  რაოდენობრივი მსჯელობის მაქიმალური ქულაა 20, მინიმალური –  5,2 .
 edu.aris.ge

👉 მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად


👍  ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment