Pages

Saturday, September 30, 2017

პედაგოგის თვითშეფასება და კლასის მართვა


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ქეთევან ოსიაშვილი
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია მოსწავლის თვითშეფასება მისი პიროვნების განვითარების სწორი მიმართულებით წარმართვისა და სასწავლო პროცესის ეფექტიანად განხორციელებისათვის. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პროცესების წარმატების უზრუნველსაყოფად პედაგოგის თვითშეფასებას სრულიად განსაკუთრებული როლი ენიჭება. ის, თუ როგორი თვითშეფასების მატარებელია პედაგოგი, ბევრად განსაზღვრავს, როგორც სწავლა-სწავლების წარმატება-წარუმატებლობას, ასევე მოზარდის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესს.


👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს პედაგოგის თვითშეფასება მოსწავლეთა კლასის მართვის პროცესში. როგორც სასკოლო პრაქტიკა გვიჩვენებს, მოსწავლეთა ქცევის მართვაში განსაკუთრებით იმ პედაგოგებს ექმნებათ პრობლემები, რომლებიც არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასებით გამოირჩევიან.
ალბათ ბევრს გაუჩნდება შეკითხვა – „რა კავშირშია მასწავლებლის თვითშეფასება მოსწავლეთა ქცევის მართვასთან?“ ცნობილია, რომ არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე პედაგოგები კოლეგებისაგან სპეციფიკური ქცევით და თავისებური პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევიან. მათი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია: საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, მომატებული შფოთიანობა, ემოციური არამდგრადობა, სტრესებისადმი მიდრეკილება, მუდმივი მარცხისა და წარუმატებლობის შიში, გაუბედაობა და შემართების უქონლობა. როგორც წესი, ყოველივე აღნიშნული აისახება პედაგოგის ქცევაში, მეტყველებაში, კოლეგებთან და ბავშვებთან ურთიერთობაში. ძალიან ხშირად, ემოციური არამდგრადობა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა პედაგოგის მიმიკასა და ჟესტიკულაციაშიც კი პოულობს ასახვას.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვები ძალიან კარგად, როგორც წესი, უფროსებზე უკეთესადაც კი ფლობენ სხეულის ენას, მათთვის მხოლოდ მიმიკითაც კი ადვილი ხდება იმის ამოცნობა, რომ მათ წინაშე მდგომი არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე პედაგოგი მუდმივად საფრთხის და წარუმატებლობის მოლოდინშია. ასეთ მასწავლებელს ხშირად ხმის ტემბრზე და ტონზეც ეტყობა თვითრწმენისა და სიმტკიცის ნაკლებობა. ყოველივე აღნიშნული მოსწავლეებს, არცთუ ისე იშვიათად, შეიძლება ქვეცნობიერადაც კი თავისუფალი და ხშირად პედაგოგისთვის მიუღებელი ქცევისკენ უბიძგებს, რაც ამ უკანასკნელს კლასის მართვის სერიოზული პრობლემის წინაშე აყენებს.
აღნიშნული პრობლემის აღმოცენების შემდეგ ასეთ მასწავლებელს კლასის დამორჩილებაში ვეღარც ხმის აწევა შველის, ვერც კატეგორიული ტონი და, როგორც წესი, მუქარაც არანაირ შედეგს არ იძლევა. საკუთარი საგნის როგორი მცოდნე და განათლებულიც არ უნდა იყოს პედაგოგი, დაქვეითებული თვითშეფასება დ აქედან გამომდინარე საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შიში და მუდმივი მარცხის მოლოდინი სერიოზულ ბარიერად იქცევა მისთვის სასწავლო საქმიანობაში წარმატების მისაღწევად. ყველაფერთან ერთად, ასეთ მასწავლებელს ძალიან გაუჭირდება საკუთარ მოსწავლეებში დადებითი „მე“ – კონცეფციის ჩამოყალიბება, თვითრწმენის გამომუშავება, შფოთიანობის დაძლევა და ემოციური სტაბილურობის მიღწევა.

👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

განსხვავებით არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასების მქონე პედაგოგისგან, ადეკვატურზე ოდნავ მაღალი თვითშეფასების მატარებელი მასწავლებელი ხასიათდება:
  • მაღალი შემოქმედებითი პოტენციალით,
  • შეუძლია ენერგიულად და პოზიტიურად მოქმედება,
  • გამოირჩევა აქტიურობით და ინიციატიურობით,
  • მიზანმიმართულია და მუდმივად ზრუნავს, როგორც პირადი, ასევე საკუთარ აღსაზრდელების წარმატებების მიღწევაზე სწავლასა და შემოქმედებაში,
  • ყოველთვის მზად არის გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები,
  • წარმატებით წყვეტს მის წინაშე მდგარ ამოცანებს,
  • აქვს საკუთარი ძალების რწმენა,
  • ნაკლებად არის მიდრეკილი სტრესისა და შფოთიანობისაკენ,
  • გამოირჩევა კეთილგანწყობით მოსწავლეებისა და კოლეგების მიმართ,
  • შეუძლია მოსწავლეთა საქმიანობისა და სასწავლო პროცესის ეფექტიანად ორგანიზება და წარმართვა,
  • არა აქვს პრობლემები კლასის მართვაში,
  • ადვილად ახერხებს აღსაზრდელებთან საერთო ენის გამონახვას და არ საჭიროებს ავტორიტარულ სტილს მათი ქცევის სამართავად.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მასწავლებლის თვითშეფასება საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მოსწავლის პიროვნების ფორმირებაზე და ასევე სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაზე, მნიშვნელოვანი იქნება იმაზე დაფიქრება, თუ რა შეიძლება უქვეითებდეს პედაგოგს საკუთარი ძალების რწმენას და როგორ დავეხმაროთ მას, როგორც თვითრწმენის გაძლიერებაში, ასევე ემოციური სტაბილურობის მიღწევაში.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში, პედაგოგის თვითშეფასებაზე სერიოზული უარყოფითი გავლენა იქონია მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციის განმსაზღვრელი კრიტერიუმების დაუხვეწაობამ, არამდგრადობამ, მუდმივმა ცვლილებებმა და პედაგოგებში გამეფებულმა სკოლის დატოვების სერიოზულმა საფრთხემ და მუდმივმა შიშმა. საკუთარი ძალების რწმენის გასაძლიერებლად მასწავლებელს მუდმივად ესაჭიროება სტაბილურობის განცდა, სოციალური უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილება, პირობების შექმნა თვითაქტუალიზაციისათვის და თავის საქმიანობაში აქცენტის გაკეთება არა ნეგატიურზე, არა წარუმატებლობასა და მარცხზე, არამედ პოზიტიურზე და წარმატებულ ნაბიჯებზე.
დაბოლოს, ნუ დავივიწყებთ, რომ საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი, შფოთიანი და სტრესისადმი მიდრეკილი პედაგოგი ვერასოდეს აღზრდის საკუთარი ძალების რწმენის მქონე, ემოციურად გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელიც ასე ესაჭიროება ჩვენს საზოგადოებას და მთლიანად ქვეყნას.
edu.aris.ge
👉  კვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment