Pages

Friday, September 8, 2017

”კვირის პალიტრის” ინფორმაციით, რუსლან პაპასკირის სახელი ლაფანყურის ოპერაციის და გია დგებუაძის, იგივე "მასტერას" საქმეშიც ფიგურირებდა

უკრაინაში გარდაცვლილი მამაკაცი, რუსლან პაპასკირი, მეტსახელად ”ზონა” რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა. 
კერძოდ, გაზეთ ”კვირის პალიტრის” ინფორმაციით, "ზონა", იგივე რუსლან პაპასკირი, იგივე თემურ მახაური, 2012 წლის ნოემბერში თურქმა სამართალდამცავებმა დააკავეს. მისმა სახელმა ლაფანყურის ოპერაციის საქმეშიც გაიჟღერა. გამოცემის ცნობით, როგორც ქისტები პირად საუბრებში ამბობდნენ, მეომრების რეკრუტირებასა და მომზადებაში ზელიმხან ხანგოშვილის - "დიშნას" გარდა, "ზონაც" იყო ჩართული.

     👉  მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად 

ამასთან, "ზონას" სახელი ფიგურირებდა სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, გია დგებუაძის, იგივე "მასტერას" საქმეშიც". 
”2007 წელს ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვამ იმდროინდელ ხელისულებას მოსვენება დაუკარგა. ქართველმა სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს, თავიდან მოეშორებინათ აბეზარი ბიზნესმენი. საქმეში გარკვევა და ბოლომდე მიყვანა, ამჯერადაც ”მასტერას” მიანდეს. მან მსგავსი საქმეების უბადლო ოსტატი უვაის ახმადოვი გაიხსენა. ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, დუბაიში შეხვდნენ.

ცხრა ძმა ახმადოვს ჩეჩნეთში ყველა იცნობდა. ომის დროს საველე მეთაურები იყვნენ, მშვიდობიანობის დროს კი ადამიანების გატაცებაში ბადალი არ ჰყავდათ. დადიოდა ლეგენდები, რომ მათ შეეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაეტაცებინათ ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი. ომსა და კრიმინალურ გარჩევებს ცოცხალი ორი ძმა გადაურჩა. ისინი 2001-2003 წლებში პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ცენტრის ქოლგის ქვეშ მშვიდად აგრძელებდნენ ჩვეულ საქმიანობას.

”მასტერა”-ახმადოვის მოლაპარაკებებისას დასახელდა კიდეც პატარკაციშვილის კილერის კონკრეტული გვარი - ეს რუსლან პაპასკირი ("ზონა") უნდა ყოფილიყო, რომელიც მაშინ სტამბოლში დოკუ უმაროვის თანამოაზრეებზე ნადირობდა. შესაჯერებელი იყო მკვლელობის დეტალები, აჯობებდა, მკვლელობა ჰაერში მომხდარიყო. თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ მოულოდნელად ახმადოვმა საქმეზე უარი თქვა”, - წერდა გამოცემა. 
გაზეთის ჟურნალისტის, ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, კი ”ზონა” ჩეჩნეთიდან თბილისში 2005-2006 წლებში გამოჩნდა. 

”ძირითადად საქმიანობდა თბილისში. 2010 წელს, ვაჟა-ფშაველაზე, საცხოვრებელ სახლთან ხელყუმბარა აუფეთქეს და დაშავდა. ამ ინციდენტის მიზეზად თავის დროზე, შიდა კლანური გარჩევები დასახელდა იმიტომ, რომ რუსლან პაპასკირი გარკვეულ ჩეჩნურ წრეებში საკმაოდ გავლენიან პირად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, 2012 წლის ნოემბერში ის დაკავეს სტამბოლში, ბრალად ედებოდა გავლენიანი ჩეჩენი სულიერი ლიდერის მკვლელობა, ის იჯდა კიდევაც სტამბოლის ციხეში. როგორც მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, მას მკვლელობა არ ჩაუდენია, რადგან როგორც ვიცი, იმ დროისთვის საქართველოში იმყოფებოდა. ბრალდების ვერ დამტკიცების გამო, 2016 წლის ზაფხულში ციხიდან გამოუშვეს. ის პირდაპირ უკრაინაში წავიდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იმჟამინდელ მოადგილესთან, გია ლორთქიფანიძესთან. პაპასკირი უკრაინაში ძირითადად ჩეჩნურ დიასპორაში ტრიალებდა”, - წერს ნინო ბურჭულაძე.
შეგახსენებთ, კიევში, ბასარაბსკის მოედანზე ავტომობილის აფეთქების დროს თემურ მახაური, მეტსახელად ”ზონა” დაიღუპა. 

ipn.ge


მაღალკვალიფიციური მომზადება ხელმისაწვდომ ფასად

                ყიდვა, გაყიდვა და ყველა საქმიანი განცხადება

No comments:

Post a Comment