არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წევრები მახარე სისაური და რამაზ ღვალაძეს მანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით დუშეთის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, სწორედ იმ უბანზე ესწრებოდა ხმის დათვლის პროცესს, სადაც, მეჭიაურის თქმით, ბიულეტენები გაყალბდა.
ამასთან, როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ხვალ ჩანიშნულია სასამართლო პროცესი, სადაც მეჭიაური საოლქო კომისიის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვით, თიანეთის მერობის კანდიდატის განცხადებით, ბათილად ცნობილი ხუთი ბიულეტენი „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ ჩათვალეს.
მეჭიაურის ცნობით, სისაური და ღვალაძე სასამართლო პროცესზე მოწმის სახით არიან დაბარებულები.
როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარ ინციდენტს კონკრეტულად არავის აბრალებს.
„მომხდარ ფაქტს „ქართულ ოცნებას“ არ ვაბრალებ, ხელს არ ვადებ არავის, შესაძლოა ეს პროვოკაცია იყოს“,- განაცხადა მეჭიაურმა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.
პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს.
როგორც მეჭიაურმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მისი პარტიის შტაბიდან გასულ მახარე სისაურსა და რამაზ ღვალაძეს უცნობმა პირებმა ჟინვალის ტერიტორიაზე მანქანის გაჩერება მოსთხოვეს.
მისივე ინფორმაციით, მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე მისი პარტიის წევრები არ არიან. მეჭიაურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა არჩევნებზე დახმარების სურვილი თავად გამოთქვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
1tv.ge
No comments:
Post a Comment