საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრაზე საქართველოში ტურიზმის შესახებ ილაპარაკა და დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ტურისტული სეზონი "პრაქტიკულად, არ გაჩერებულა".
მისი თქმით, ხელისუფლებამ აქედანვე უნდა დაიწყოს მომავალი ტურისტული სეზონისთვის მზადება, რათა ნაკლოვანებები დროულად გამოავლინოს.
"აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, სისუსტეები, რა მიმართულებით მოგვიწევს აქცენტების გაკეთება, ზამთრის სეზონისთვის ჩვენ პრინციპში დიდწილად მზად ვართ, მაგრამ მომავალი ზაფხულის სეზონისთვის დღესვე არის დასაწყები სამზადისი, სად გვაქვს ნაკლოვანებები, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა, ეს არის მომსახურების საკითხები, ეს არის ტრანსპორტის საკითხი, ეს არის ძალიან ბევრი ისეთი წვრილმანი, რომელიც არ არის წვრილმანი, ეს არის ექსკურსია, მძღოლების კვალიფიკაციის საკითხი და ასე შემდეგ. ამ დღეების განმავლობაში შევისწავლე ის შენიშვნები და კომენტარები, რომლის სისტემატიზაციაც ჩვენ გავაკეთეთ. ძალიან ბევრი ისეთი რამ დავინახეთ, რაც აუცილებლად ახლავე არის დასაწყები, რათა მომავალ წელს კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ. ვფიქრობ, ტურიზმის ზრდა გვექნება როგორც ზამთარში, ასევე მომავალ წელსაც 2018-ში და დღესვე გვაქვს დასაწყები", - განაცხადა პრემიერმა.
2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 729 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტურისტების ნაკადების ზრდის პარალელურად მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2017 წლის 8 თვეში ტურიზმიდან შემოსავლების 29.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 1 859.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment