2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მსურველი აბიტურიენტების რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება. ბოლო მონაცემებით, რეგისტრაცია 35 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საბოლოო ციფრში სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება.
Aris.ge- განათლება მოახლებულ გამოცდებზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს მაია მიმინოშვილს ესაუბრა.
"დღეს შეწყდება რეგისტრაცია. დაიხურება ბაზები. ჩვენ კი დახურვიდან ცოტა ხანში გვექნება საბოლოო შედეგი. ამ დროისთვის 35 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია. სიახლეები რეგისტრაციის პროცესში არ ყოფილა. ჩვენ წინა წელს დავნერგეთ რეგისტრაციის არსებული ფორმა, ვფიქრობ, წარმატებულია და გაამართლა. აბიტურიენტებს აქვთ საშუალება, აგვისტოს დასაწყისამდე, ცვალონ არჩევანი, ფაკულტეტი და უნივერსიტეტი რამდენჯერაც სურთ იმდენჯერ,"-განაცხადა მიმინოშვილმა.
რაც შეეხება გამოცდების დაწყების თარიღს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ტრადიციულად ქართული ენის გამოცდით გაიხსნება.
"გამოცდებს ვიწყებთ ივნისის ბოლო კვირას. ხუთშაბათობით. ხუთშაბათი 26 რიცხვია. შესაბამისად დიდი ალბათობით გამოცდები 26 ივნისს დაიწყება. სამაგისტრო და პედაგოგების გამოცდებიც პარალელურ რეჟიმში ჩატარდება. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების გასწორებას ყველაზე დიდი დრო სჭირდება. როდესაც სრულდება ქართულის გამოცდის ტესტების გასწორება, როგორც წესი სხვა გამოცდების შედეგებიც უკვე გვაქვს. ასე რომ 5-8 აგვისტოსთვის შედეგები უკვე ცნობილი იქნება. შემდეგ დაიწყება აპელაციის პროცესი. 20-25 აგვისტოს კი საბოლოო შედეგები დაიდება,"-განუცხადა aris.ge განათლებას ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
იქიდან გამომდინარე, რომ ინგლისური ენის გამოცდას "მოსმენის" ნაწილი დაემატა, რასაც სპეციალური აპარატურა სჭირდება, ინგლისურის გამოცდა სპორტულ დარბაზებსა და დერეფნებში ვეღარ ჩატარდება. შესაბამისად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ახალი საგამოცდო ცენტრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
უკვე ცნობილია, რომ დამატებითი საგამოცდო ცენტრები თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში გაიხსნება. ზუგდიდში, ხულოში, რუსთავში ფოთსა და ოზურგეთში კი, როგორც მაია მიმინოშვილი ამბობს ამის აუცილებლობა არ არის.
რა სიახლეები იქნება წლევანდელ გამოცდებზე ამის შესახებ Aris.ge-განათლების მკითხველი უკვე ინფორმირებულია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კი სახელმწიფო გრანტს ეხება. გრანტი წელს ორად იყოფა. სახელმწიფო სუფსიდია ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე თანაბრად გადანაწილდება.
რაც შეეხება საორგანიზაციო შტაბს, რომელიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით კომპლექტდება და რომლის მიზანიც საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე ჩატარებაა, მაისის შუა რიცხვებიდან დაიწყებს მუშაობას.
ეკა არის© წივწივაძე
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment