Pages

Sunday, March 30, 2014

ვინ და რა პირობით წავა საზღვარგარეთ სასწავლებლად?


ბოლო ხანს, უფრო მეტი ახალგაზრდა, ვისაც მცირედი შანსი მაინც აქვს, მიდის უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად, მათი დიდი ნაწილი კი უკან აღარ ბრუნდება... ახლახან ცნობილი გახდა, რომ მთავრობა საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას და სტუდენტების უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნას იმ პირობით აპირებს, რომ უკან დაბრუნდებიან და საჯარო სამსახურში დასაქმდებიან. ამ აქტუალურ საკითხსა და საზღვარგარეთ სტუდენტთა სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, განათლების ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის" ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე და პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, "ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ნავერიანი გვესაუბრებიან.

ნინო კობახიძე:
-
ახლა მიმდინარეობს კვლევები იმის გამოსავლენად, თუ რა დარგის, მიმართულების სპეციალისტების დეფიციტია ქვეყანაში და სახელმწიფო სტუდენტების ამ პროგრამებზე სწავლებას დააფინანსებს. თავის მხრივ, ახალგაზრდები ვალდებულნი იქნებიან, დაბრუნდნენ და დაიწყონ მუშაობა საჯარო სექტორში. სახელმწიფომ მათ 6 თვის განმავლობაში უნდა შესთავაზოს ოპტიმალური სამუშაო ადგილი, სადაც სულ ცოტა, 3 წელი უნდა იმუშაონ. შეიქმნება ახალი საიტი, ამოქმედდება 24-საათიანი "ცხელი ხაზი", სადაც დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას, როგორ მოხდება უცხოეთში გასაგზავნი სტუდენტების შერჩევა, რა სფეროს და რა დონის სპეციალისტები სჭირდება დღეს ქვეყანას. საუბარია სამაგისტრო და დოქტორანტურის პროგრამებზე, ასევე - სამუშაო გაცვლით კურსებზეც. 1-ლი აპრილიდან ეს ინფორმაცია საჯარო გახდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ამ ფონდში "ცოდნის კარის" და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე, სახელმწიფო სახსრების აკუმულირება მოხდება. დამატებით, პრემიერის სარეზერვო ფონდიდანაც გამოიყოფა თანხა, სტუდენტების მიზნობრივად უცხოეთში ცოდნის გასაღრმავებლად გასაგზავნად და შემდეგ ამ გამოცდილების ქვეყნისათვის მოსახმარად.

- ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაეკისრება თუ არა სტუდენტს რაიმე სახის პასუხისმგებლობა?
-
მათ ხელშეკრულებას შევთავა­ზებთ. სტუდენტს ეცოდინება, კონკრეტულად, რა მიზნით იხარჯება მასზე თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს იქნება პირდაპირი შეთავაზება: თუ გინდათ, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიიღოთ, უნდა დაბრუნდეთ უკან. თავის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია შემოგთავაზოთ სამუშაო ადგილი, ხოლო თქვენ იქნებით ვალდებული, ამ ადგილზე 3 წელი იმუშაოთ. ეს არის ძირითადი პირობა.

შალვა ტაბატაძე:
-
სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს სწავლება იმ მიმართულებებზე, სადაც კადრების ნაკლებობაა. ეს განსაკუთრებით რეგიონებს ეხება. ამიტომ სასურველია, ერთი პროგრამა ადგილობრივი კადრების მოსამზადებლად გაკეთდეს. უცხოეთიდან დაბრუნებული კადრები მუნიციპალიტეტებსა თუ სამხარეო ადმინისტრაციაში იმუშავებენ საკონტრაქტო სისტემით. როცა სახელმწიფო დაგაფინანსებს და განათლებას მოგცემს, მას აქვს უფლება, ვალდებულებად უკან დაბრუნება და გარკვეული დროით საჯარო სამსახურში შენი დასაქმება ჩადოს. ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობს, თუმცა ამას ზუსტი შერჩევა, თანამიმდევრული მიდგომა სჭირდება, რა ტიპის სპეციალისტებს და რისთვის ვამზადებთ, როგორ მოხდება მათი დასაქმება. ამგვარი პროექტები საქართველოში ჯერ კიდევ 2006 წლიდან არსებობდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში მიავლინა 24 ახალგაზრდა, რომლებმაც განათლების პოლიტიკის მართვისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამები გაიარეს. ამაში თანხა ჩადო როგორც სახელმწიფომ, ისე სოროსის ფონდმა. ასე მომზადდა 24 სპეციალისტი, რომელთაც, ხელშეკრულებით, 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაწესებულებებში უნდა ემუშავათ და მათ დაიწყეს კიდეც სამსახური.
მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ინიციატივა კახა ლომაიას მინისტრობისას დაიწყო, გია ნოდიას და ნიკა გვარამიას დროს გაგრძელდა, დიმიტრი შაშკინმა კი მათი უმრავლესობა სამსახურიდან გაუშვა, ნაკისრი ვალდებულებაც მოუხსნა, რომელიც მატერიალური თვალსაზრისით მათთვის შესაძლოა, ხელსაყრელიც იყო. ზოგი უცხოეთში დაბრუნდა, ზოგმა საერთაშორისო ორგანიზაციებში გააგრძელა მუშაობა მაღალანაზღაურებად ადგილზე. აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით, წაყენებული პირობის დამრღვევი სტუდენტი 30.000 დოლარით ჯარიმდებოდა, რისი უფლებაც დამფინანსებელს ჰქონდა და აქვს... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პროექტის განხორციელებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ იდეის გაუფასურება არ მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ სასწავლებლად ჩამოყალიბებული, უკვე გარკვეული გამოცდილების მქონე ახალგაზრდები წავიდნენ, რომელთაც დამატებითი ცოდნა სჭირდებათ. 18-19 წლის ახალგაზრდების ერთი წლით სტაჟირებაზე გაგზავნა და მერე სახელმწიფო სამსახურში მიღება, რა თქმა უნდა, უნაყოფო იქნება.

ლაშა ნავერიანი:
-
სახელმწიფოს მხრიდან სტუდენტების მხარდაჭერა სწავლის უცხოეთში გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია, თუმცა ჩემთვის არანაკლებ აქტუალურია პრემიერ-მინისტრის განცხადება რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. ვფიქრობ, პარალელურად უნდა დაიგეგმოს სახელმწიფო პროგრამები საიმისოდ, რომ რეგიონებში ცოდნის დონე ამაღლდეს. იქ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებსაც ხელშეწყობა სჭირდებათ.

- რა პროგრამით წახვედით ჩეხეთში? ვინ აფინანსებს თქვენს სწავლას? სად სწავლობთ და თქვენი აზრით, სჭირდება თუ არა ამ დარგის სპეციალისტები დღეს საქართველოს?
-
ჩემი სწავლის ხარჯს მთლიანად ჩეხეთის სახელმწიფო ფარავს. დავამთავრე პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი, ავიღე ბაკალავრის დიპლომი და ამჟამად მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად ვემზადები. კვალიფიციური კადრები სახელმწიფოს ყოველთვის სჭირდება, ამიტომ ჩემი მთავარი მიზანია, მივიღო კარგი განათლება, დავბრუნდე საქართველოში და ცოდნა ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას მოვახმარო.

- ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების წევრი ხართ. თქვენი აზრით, დაბრუნდება თუ არა დღეს უცხოეთში მყოფი სტუდენტების დიდი ნაწილი სამშობლოში?
-
ბევრს სურს დაბრუნება, მაგრამ სამწუხაროდ, აქ არ არის პირობები, რომ მათ მოახერხონ საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების რეალიზება. პრემიერ-მინისტრმა დახმარება აღუთქვა სტუდენტებს და იმედი მაქვს, მის ნათქვამს რეალური ნაბიჯებიც მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტების უმრავლესობა სიხარულით დაბრუნდება სამშობლოში.

- რა არის თქვენთვის ყველაზე მისაღები ჩეხეთის განათლების სისტემაში? თუ შეძლებდით, საქართველოში გესწავლათ და გეკეთებინათ ის, რასაც უცხოეთში მიაღწიეთ?
-
ყველაზე მეტად ჩეხეთში ის მომწონს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა. ეს არა მარტო ჩეხი სტუდენტებისთვისაა მისაღები. ამასთან, თავისი სახელმწიფო ენის პოპულარიზაციასაც უწყობენ ხელს. ბაკალავრიატი ჩეხურ ენაზე დავამთავრე და მაგისტრატურაშიც ჩეხურ ენაზე უნდა ვისწავლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო დაფინანსება შემიწყდება. აქ სწავლისას საჭირო უნარ-ჩვევები შევიძინე, მაგრამ რაც მთავარია, გავხდი სრულიად დამოუკიდებელი. სამწუხაროდ, საქართველოში არ არის კომფორტული გარემო სტუდენტისთვის. აქ რომ გამეგრძელებინა სწავლა, არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც დღეს ვარ, - ამაში დარწმუნებული ვარ.

- უცხოეთში თავის დამკვიდრება ალბათ ძნელია? რასთან შეგუება გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?
-
საწყის ეტაპზე ყველა სტუდენტს უჭირს ადაპტაცია ახალ გარემოსთან. საქართველოდან ისე ჩანს, თითქოს საკმარისია, ქვეყნის ფარგლები დატოვო, რომ არანაირი პრობლემა აღარ შეგხვდება და ყველაფერი კარგად იქნება. სამწუხაროდ, ასეც არ არის საქმე. რეალურად, უცხოეთში ცხოვრებას აქვს თავისი სირთულეებიც. თუ სტუდენტი საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული და მიზანდასახული, გაუჭირდება, იყოს წარმატებული, რადგან გართობისა და დროს ტარების ცდუნება საკმაოდ დიდია.

ნინო კვიტაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)


წყარო/Source:ambebi.ge

No comments:

Post a Comment