Pages

Saturday, August 2, 2014

ბიჭი ლიმონებით - 14 წლის ქუთაისელი ბიჭი 7 წელიწადია ექვსსულიან ოჯახს არჩენს


ბიჭი ლიმონებით - 14 წლის ქუთაისელი ბიჭი 7 წელიწადია ექვსსულიან ოჯახს არჩენს
"ვნატრობ, რომ ყველაფერი ჩემი მქონდეს, - სახლიც, ეზოც, ტანსაცმელიც..."

"ქუჩაში დგომა რომ მომბეზრდეს, ჩემს დას რომ ახველებს, წამალი როგორ ვუყიდო?"

"თუ 7 საათი მაინც ვივაჭრებ, დღეში 6 ლარამდე ვშოულობ"


- მომიყევი შენზე, რა დავწერო? ვეკითხები ბაჩო ქათამაძეს... ის 7 წელია ქუთაისში ლიმონის გაყიდვით არჩენს ოჯახს. 14 წლის ბიჭს თითები სულ დაყვითლებული აქვს - ხელში მუდამ ლიმონი აქვს ჩაბღუჯული, მისი ფერი დაბანის შემდეგაც არ სცილდება.

- რა უნდა დაწეროთ?! იმდენად უკვირს, რომ უცებ პასუხს ვერ ვპოულობ, - იქნებ ეს ჩვეულებრივი რამ არის, რომ 14 წლის ბიჭი ექვსულიან ოჯახს ინახავს, რომ პატარა დები არა დედისა და მამის, არამედ მის მოსვლას ხვდებიან კარში გამოვარდნილები, - რა მოგვიტანაო.

არა, ეს არ არის ჩვეულებრივი რამ. ჩვეულებრივი ის არის, რომ 14 წლის ბიჭი სკოლაში დადის, ხელში ლიმონი კი არა, კალამი უჭირავს, რომ გაკვეთილების შემდეგ ადამიანურ სადილს მიირთმევს და ქუჩაში 6-7 საათის მანძილზე მშიერი და მწყურვალი არ დაწანწალებს იმისთვის, რათა ოჯახის გამოსაკვები ფული იშოვოს. ბაჩო კი 7 წელიწადია ქუთაისში მერიასთან მიმდებარე ქუჩებს არ მოშორებია
და ზამთარ-ზაფხულს ხმა აქვს ჩახლეჩილი ”ლიმონის” ძახილით. ვიდრე ბოლო ცალ ლიმონს არ გაყიდის, ის ამ ადგილებიდან ფეხს არ იცვლის. საღამოს კი ოჯახში ამ გაუსაძლისი მუშაობით ნაშოვნი ფული მიაქვს, - 5-6 ლარი. მიაქვს იმიტომ რომ მისმა პატარა დებმა ლიკამ, მეგიმ და ბებიამ არ იშიმშილონ.

ალბათ იკითხავთ, კი მაგრამ, ბაჩოს მშობლები არ ჰყავსო? როგორ არა, მაგრამ მამა დღიურ სამუშაოსაც თითქმის ვერასოდეს შოულობს; დედა კი ბაჩოსავით ვაჭრობს ბაზარში, - ოღონდ ”პოსლეზე” და ოღონდ, - ჩაით, რასაც რომ არა ბაჩოსგან გაგზავნილი კლიენტები, მუშტარიც არ ეყოლებოდა. ბაჩოს კი შედარებით უმართლებს, - ქუთაისში ვინც იცნობს, ლიმონს მისგან ყიდულობს - ამ ფულით ქათამაძეების ოჯახი ბინის ქირას (100 ლარი) იხდის, წამლებს და პურს ყიდულობს.. მაგრამ თუ პური გაქვს, ესე იგი არ გშია...

- ბაჩო, ლიმონის გაყიდვა როდის დაიწყე?

- როცა 7 წლის ვიყავი. სხვა ბავშვებს რომ ყველაფერი ჰქონდათ, მეც მინდოდა, ყველაფერი მქონოდა.

- ეს ვერ შეძელი, არა?

- ვერა, მაგრამ ალბათ როდესმე შევძლებ. ახლაც ვნატრობ, რომ ყველაფერი ჩემი მქონდეს, - სახლიც, ეზოც, ტანსაცმელიც... ახლა კი ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. არ არის კარგი ბინა, მაგრამ რას იზამ, 100 ლარს ვიხდით და უკეთესი როგორ იქნება.

- 7 წლის ბავშვმა რომ მუშაობა დაიწყე, დედამ არ დაგიშალა?
- არა, იმიტომ რომ ფული სულ არ გვქონდა.

- რატომ მოიფიქრე, რომ მაინცდამაინც ლიმონი უნდა გაგეყიდა?
- კი. იმიტომ რომ ლიმონი სხვა საჭმელივით არ ფუჭდება. ერთხელ მოვისმინე, ერთი კაცი ლაპარაკობდა, - ლიმონი შეიძლება ცელოფანში გაახვიო და ბნელ ადგილას ასე, ერთი თვე მაინც შეინახოო. მეც ლიმონი ცელოფანში გავახვიე და ”კუშეტკაში” ჩავაწყვე. მართლა არ გაფუჭდა. გამიხარდა და იმის მერე თუ იაფად შემხვდა, ერთ ტომარა ლიმონს ვყიდულობ, ნახევარს ვინახავ, მეორე ნახევრის გაყიდვას რომ მოვრჩები, შენახულს მერე ვყიდი... ზოგჯერ ფული დამეხარჯება და გასაყიდ ლიმონს ვეღარ ვყიდულობ. ამიტომ მირჩევნია, წინასწარ გავაკეთო მარაგი. თუ 7 საათი მაინც ვივაჭრებ, დღეში 6 ლარამდე ვშოულობ.

- ამდენი ხანი ქუჩაში თუ დგახარ, ესე იგი, სკოლაში არ დადიხარ… ეს ცუდია...

- ვიცი, რომ ცუდია. სკოლაშიც დავდიოდი. ახლა გამოვედი და კოლეჯში შევედი, ხელობა მინდა ვისწავლო. ისეთი ხელობა, რომ საკუთარი სახლი ვიყიდო. ჩემს დებსაც ძალიან უნდათ საკუთარი სახლი, - სახლში რომ მივდივარ, აუცილებლად მკითხავენ, ჩვენს სახლს როდი იყიდიო.

- მაინც მინდა გკითხო, არ გბეზრდება ქუჩაში დგომა? შენი ტოლებიდან ასე ხომ არავინ ცხოვრობს?
- რომ მომბეზრდეს, ჩემს დას რომ ახველებს, წამალი როგორ ვუყიდო?

… მკითხა ბაჩომ და ისევ დავიბენი, - პასუხი ვერ მოვიფიქრე. მაგრამ იქნებ ამ კითხვაზე ხელისუფლების იმ მოხელეებმა უპასუხონ, რომლებიც სახელმწიფოსგან იმდენ შემოსავალს ღებულობენ, რომ ერთი თვის ფულით ბაჩოსთვის ერთი პატარა, მყუდრო სახლის ყიდვა შეიძლებოდა.

მაგრამ არა მგონია, რომ უპასუხონ.…

პ.ს. ბაჩო ქათამაძის ტელეფონის ნომერი: 571 830 619
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)

kvirispalitra.ge

No comments:

Post a Comment