1862 წლის 29 აგვისტოს დაიბადა დავით კლდიაშვილი. მწერალი სოფელ სიმონეთში გაიზარდა. 10 წლის ასაკში ის სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა. ამავე წლიდან იგი სამხედრო სამსახურში ქალაქ ბათუმში გაამწესეს. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ, დავით კლდიაშვილი, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან. ამავე წლიდან ის ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 ის მობილიზაციით დავით კლდიაშვილ ოსმალეთის ფრონტზე გაიწვიეს. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას მალევე საველე სასამართლო ელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანმრთელობა-შერყეული. კლდიაშვილის პირველი მხატვრული თარგმანები 1885 ჟურნალ „თეატრში” დაიბეჭდა, მაგრამ მისი პირადი შემოქმედებითი გზის ათვლა 1893 წლიდან იწყება. ამ წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „მოამბეში” კლდიაშვილის პირველი ორიგინალური მოთხრობა „შერისხვა”. ახალი, საზოგადოებრივი ურთიერთობების დამკვიდრებამ ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ პრივილეგიებს. გაღარიბებული აზნაურების თავმომწონეობა აღარ შეეფერებოდა რეალურ ვითარებას. ამ პერიოდის მოთხრობებია: “სოლომან მორბელაძე”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “ქამუშაძის გაჭირვება”, “როსტომ მანველიძე”. დავით კლდიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ დრამატურგიაშიც. მისი პიესებია „ირინეს ბედნიერება” (1897), „დარისპანის გასაჭირი” (1903)და „უბედურება” (1914). 1914 წლიდან დავით კლდიაშვილი შეწყვეტილ სამწერლო მოღვაწეობას უბრუნდება და 1925 წელს აქვეყნებს მემუარული ჟანრის ნაწარმოებს “ჩემი ცხოვრების გზაზე”. 1924-1926 იბეჭდება კლდიაშვილის ახალი მოთხრობები „შუა ცეცხლის პირას” და „კიმოთე მეშველიძე”. კლდიაშვილის მოთხრობათა პირველი კრებული 1901 წელს გამოიცა, მოთხრობათა ორტომეული – 1911 წელს, რჩეული ნაწერების ორტომეული – 1926-ში, ხოლო თხზულებათა სრული კრებული 2 ტომად – 1933 და 1935 წლებში. დავით კლდიაშვილი გარდაიცვალა 1931 წლის 24 აპრილს. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
kvira.ge
No comments:
Post a Comment