"ზოგადი განათლების" შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების გასაპროტესტებლად განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომას არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის" წევრები დავით ლაგვილავა და მარიამ რამინაშვილი ესწრებოდნენ.
სხდომის დაწყებამდე ყოფილ დირექტორებს იმედი ჰქონდათ, რომ მინისტრისთვის კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებოდათ. თუმცა დღევანდელ სხდომაზე ეს ვერ მოხერხდა.
"სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები გამოესწორებინა, თამარ სანიკიძემ უვარგისი მუხლების იმპლემენტაციას ახდენს. პირველ რიგში იგი არ აუქმებს დისკრეციის უფლებას, პირიქით, ძალინ აქტიურადაც იყენებს მას. მეორე, ეს ეხება დირექტორობის უფლების 3 წლით ჩამორთმევას. ვინ დაადგინა ეს სამი წელი?! ამ მუხლის ამოქმედებით არა მხოლოდ დირექტორად მუშაობა, არამედ დირექციაში მუშაობაც იკრძალება. დირექცია კი დირექტორის გარდა პირველ მოადგილეობას და ბუღალტრობასაც გამორიცხავს. კიდევ უფრო რთული სიტუაციაა პედაგოგებთან დაკავშირებით. პედაგოგებს, გადაცდომის შემთხვევაში, საერთოდ უუქმდებათ პროფესია. ანუ მათ პროფესიას ართმევენ. გვინდა, რომ ეს საკითხები ზოგადი განათლების შესახებ კანონში არ შევიდეს,"- განუცხადა დავით ლაგვილავამ Aris.ge-განათლებას.
მიუხედვად იმისა, რომ აღნიშნული საკითხების განხილვა დღევანდელ სხდომაზე ვერ მოხერხდა, თამარ სანიკიძემ ამ თემაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მინისტრის თქმით, მასწავლებლის უფლების ჩამორთმევა დღეს სერთიფიკატზეა დამოკიდებული. თუ პედაგოგს სერთიფიკატი ჩამოერთმევა მას პედაგოგად მოღვაწეობის უფლებაც აღარ აქვს.
"ჩვენი მიზანი პედაგოგის დასჯა კი არა, არამედ ბავშვის უფლებების დაცვაა. ჩვენ არ ვაპირებთ მასწავლებლის დაჩაგვრას, შეურაცყოფის მიყენებას. პირიქით, აქ საუბარია იმაზე რომ იყოს რაღაც მექანიზმი. თუ დადგა საჭიროება შეჩერდეს პედაგოგის სტატუსი ჭეშმარიტების დადგენამდე,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
რაც შეეხება ყოფილი დირექტორებისთვის 3 წლიან ცენზს, მინისტრის განმარტებით, ეს მუხლი არასასურველი დირექტორების თავიდან მოსაშორებლად არ არის შემოღებული.
"3 წელი ეს საპრევენციო ზომაა. აქამდე ნებისმიერ შემთვევაში დარღვევა იყო თუ არა მეორე დღესვე შეეძლო პირს გაეგრძელებინა დირექტორად მუშაობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. ნებისმიერს შეუძლია გაასაჩივროს და თუ სასამართლო გააბათილებს ბრალდებას , აღდგება სტატუსი და არანაირი სადამსჯელო სანქციები არ გატარდება,"- განმარტა თამარ სანიკიძემ.
"საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის" წევრებმა კი ივანე კიღურაძისგან პირობა მიიღეს, რომ პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების განხილვაზე ისინიც იქნებიან მიწვეულები და საკომიტეტო მოსმენის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.
ეკა არის© წივწივაძე
No comments:
Post a Comment